მოგეხსენებათ, გუშინ სერია A-ში ხვიჩას დებიუტი შედგა, ჩვენებურის თამაშმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და "ვერონასთან" გამართულ მატჩში (5:2) გოლი და საგოლე გადაცემა მითვალა. ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი "კვარას" შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
"დამშვიდდით, ახლა "ნაპოლიზე" მე ვიზრუნებ, ეს იყო სიგნალი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ გულშემატკივრებს გატანილი გოლის შემდეგ გაუგზავნა, ქართველი NBA-ის მოყვარულია და პირველი შედეგიანი მოქმედება სტეფ კარის სტილში აღნიშნა.
მატჩის მოთამაშე
მიუხედავად გატანილი გოლისა, ყველაზე რთულ მომენტებში "კვარამ" პუბლიკას არამხოლოდ ხარისხი, არამედ ხასიათიც აჩვენა და მატჩში განსხვავება შექმნა.
მართალია თავური დარტყმები მის მთავარ პლიუსად არ ითვლება, თუმცა ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ უფრო ტანმაღალ მცველებს აჯობა და გუნდი თამაშში დააბრუნა. "ნაპოლის" მოთამაშეები მატჩისგან სიამოვნებას იღებდნენ, სპალეტი კი მათ მოუწოდებდა, რომ მარცხენა ფლანგი დაეტვირთათ, ვიცოდით, რომ ქართველი კარგი მოთამაშე იყო, თუმცა სულ რაღაც 21 წლის გარემარბისგან ასეთ თამაშს და შეხვედრის ბედის რადიკალურად შეცვლას, ვერავინ წარმოიდგენდა.
შეუპოვარი ხასიათი
ხვიჩას ტექნიკური შესაძლებლობები ეჭვს არასოდეს იწვევდა, მაგრამ იტალიელი მცველების ხისტი თამაშის სტილი, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენდა. როდესაც მატჩის დასაწყისში "ვერონას" მცველმა ტამეზემ ქართველს ბურთი რამდენჯერმე წაართვა, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ახალბედა, ახალგაზრდა "კვარა" ფსიქოლოგიურად გატყდებოდა, ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა... ხვიჩა ჯიუტად, შეუპოვრად იბრძოდა დაკარგული ბურთების დასაბრუნებლად, სიუხეშეს კი არ შეუშინდა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქციაც ესაა, რადგან ტექნიკურ მოთამაშეებს ზოგჯერ მებრძოლი ხასიათიც სჭირდებათ. "ნაპოლის" შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა მატჩის შემდეგ განაცხადა: "კვარამ" გატანილი გოლის შემდეგ მითხრა, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო და მე უნდა გამეტანა, ასეც მოხდა. ის ახალგაზრდაა და უნდა დავეხმარო, რომ ფორმაში იყოს. სეზონის წინ მნიშვნელოვანი მოთამაშეები დავკარგეთ, მაგრამ ვიცით, რომ ძლიერი შემადგენლობა გვყვავს". გუნდი ხვიჩა კვარაცხელიასთან იგივე K ფაქტორთან ერთად გამარჯვებებს აგრძელებს". - წერს გამოცემა.