როგორ ითამაშა კვარაცხელიამ? - როცა შენს ფლანგზე ბურთი იშვიათადაა...

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" მორიგ მატჩს ისევ დიდი ინტერესით ველოდით. შეხვედრის წინ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი, რომ შეუძლებელია, ხვიჩა კვარაცხელიას ყოველ ტურში შედეგიანი მოქმედება ჰქონდეს.

მაღალი დონის შემსრულებლებს სჩვევიათ - შესაძლოა, საუკეთესო მატჩი ვერ ჩაატარონ, თუმცა ერთი გადაწყვეტილებით შეხვედრის ბედს წყვეტენ. ირვინგ ლოსანოს ქართველი გარემარბის მშვენიერი პასი რომ გამოეყენებინა, "ნაპოლიც", ალბათ, გაიმარჯვებდა და ხვიჩაც კიდევ ერთ "ასისტს" ჩაიწერდა. ეს წმინდა შედეგობრივი ასპექტია, ფეხბურთი კი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.

წინა დაპირისპირებების შემდეგ აღვნიშნეთ, რომ "კვარასგან" ჩვეულ ართმევებს ვერ ვხედავდით, "ფიორენტინას" წინააღმდეგ კი ორი
ასეთი ეპიზოდი ვნახეთ. მართალია, ბურთი შემდეგ დაიკარგა, თუმცა, თუკი ანგისას არ ჩავთვლით, ნეაპოლელების თამაშში სწორედ ნაკლები პრესინგი შეიმჩნეოდა, რაც "ფიორენტინას" საშუალებას აძლევდა, ბურთზე კონტროლი დაემყარებინა და დომინანტი გამხდარიყო.

Sportall.Ge

შესაძლოა, კვარაცხელიას წარმატებული დრიბლინგი არ გამოუვიდეს, თუმცა ის მუდმივად მოწინააღმდეგეების დიდი ყურადღების ქვეშაა და ეს სივრცეებს სხვებს უხსნის, თუნდაც ფორვარდ ოსიმენის, ფლორენციაში კი გუნდი ხვიჩას ფლანგს იშვიათად ტვირთავდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ ამხანაგური მატჩებიდან მოყოლებული ვწერდით, რომ სპალეტის გუნდი უფრო დი ლორენცო-ლოსანოს მხარეს ეწყობა, მაგრამ ამის შემდეგ მნიშვნელოვანი ფაქტორები შეიცვალა. მართალია, ბრაზილიელი მცველი დოდო ენერგიულად გამოიყურებოდა და ჩვენებურს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ქართველი გარემარბი იმ სტილის მოთამაშეა, რომელსაც "აფეთქება" და რაღაცის გამოდნობა ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია - პასი უკვე ვახსენეთ, ერთხელ პენალტის მოპოვებასთანაც ახლოს იყო. "კვარა" სულ ბურთის და ხიფათის შექმნის ძიებაშია.

თუ ამ დეტალისთვის დიდი ყურადღება არ მიგიქცევიათ, კიდევ ერთხელ ნახეთ მატჩი - ხშირად "ნაპოლის" მეკარე მერეტის ბურთი მარცხენა ფეხით შეჰყავს თამაშში და პასების დიდი უმრავლესობა მარჯვნივ კეთდება, რასაც ოსიმენზე აქცენტირება მოჰყვებოდა. რაღაც შეთქმულების თეორიებს არ ვუერთდებით, უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავთ.

ლუჩანო სპალეტიმ ბევრი რამ იცის, რასაც ჩვენ ასე მარტივად ვერ აღვიქვამთ. მწვრთნელი ისევ ხვიჩას დაძაბულობაზე საუბრობს, თუმცა ამას რამდენად შეამცირებს ის, ასეთი შედეგიანი დასაწყისის შემდეგ, თამაში მის ფლანგზე ნაკლებად თუ აეწყობა, რთული სათქმელია. თუკი თავდაჯერების მომატებაზეა საუბარი, არცერთ სახიფათო და კართან ახლოს დანიშნული საჯარიმოს დროს "კვარა" ბურთთან ახლოსაც არ ყოფილა, არადა, ის ამ კომპონენტშიც გამოირჩევა და შანსის მიცემა ნამდვილად შეიძლება. რა თქმა უნდა, ხვიჩამ, სლუცკის მსგავსად, სპალეტისგანაც ბევრი უნდა ისწავლოს, თუმცა ობიექტური მსჯელობაც საჭიროა.

Sportall.Ge

საბოლოოდ გამოვიდა, რომ "ნაპოლის" შემტევებმა ეს მატჩი ჩააგდეს (Sofascor-მა მათგან ყველაზე მაღალი ხვიჩას დაუწერა - 6.4) და ნეაპოლური კლუბი მარცხს უფრო იმსახურებდა. შესაბამისად, ფრით კმაყოფილი სპალეტის შეგირდები დარჩებოდნენ. არავინ ელოდა, რომ ისინი ქულებს სეზონის ბოლომდე არ დაკარგავდნენ. 3 ტურის შემდეგ ნეაპოლელები სერია "ა"-ში თანალიდერობენ, ისევე, როგორც ხვიჩა - ბომბარდირთა დავას. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. საქმე ისაა, რომ ძალიან დატვირთული პერიოდი იწყება, ზოგადად, შემოდგომაზე გრაფიკი დაჩქარებულია და ამისგან ქართველის გუნდი როგორ გამოვა?

"ფიორესთან" გული დაგვწყდა, კვარაცხელიას უფრო მეტი დრო რომ არ მიეცა. ზემოხსენებულ რეჟიმში როტაცია უფრო მოსალოდნელია. 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე სპალეტის გუნდი 6 მატჩს ჩაატარებს (3 დღეში ერთხელ), მათ შორის, ორს ჩემპიონთა ლიგაზე. რაც დავინახეთ, ისაა, რომ წინა ორ შეხვედრაში ანგარიში კვარაცხელიამ გახსნა, ახლა ეს ვერ შეძლო და "ნაპოლიმაც" ვერ გაიმარჯვა, ასე რომ, ქართველი შემტევის ძალა და მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

Sportall.Ge

იმ თემას, რომ "ჩასაფრებული" ადამიანები ელიან ეპიზოდს, როცა ხვიჩას რაღაც არ გამოუვა, ეს არც არაფრისგან აგორებული საუბარია და არც ვინმეს გავლენის ქვეშ მოქცევა; ეს ის პათოსია, რასაც მატჩის დამთავრების მერეც არა, ხვიჩას მოედნიდან გაყვანისთანავე (61-ე წუთზე) წავაწყდით. რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები დიდ გრძნობებსა და იმედებს ვერ გადაფარავს; იმასაც ვამბობთ, რომ ხვიჩა ამ ყველაფრისთვის მზადაა, თუმცა სპალეტის სიტყვებს რომ დავაკვირდეთ, მართლაც რთულია, 21 წლის ბიჭმა ამ მასშტაბის, ქართულ-რუსულ-იტალიურ გამოხმაურებებს ბოლომდე "გაუძლოს", თუმცა არც სიჩუმეა გამოსავალი. იქნებ პირიქით, რაც შეიძლება მეტი და კიდევ უფრო შემართებით უნდა ვწეროთ, რათა ჩასაფრებულებს ცოტა სივრცე დავუტოვოთ.
მკითხველის კომენტარები / 60 /
დაანებეთ თავი იმ აზრის გავრცელებას, რომ ვიღაცას ხვიჩას დაღუპვა უნდა, ჩასაფრებულია და ასე შემდეგ. ფეხბუღთია და ცხელ გულზე გულშემატკივარი ათასნაირ კომენტარს დაწერს. არა მგონია ხვიჩას იმის დრო ჰქონდეს, იჯდეს და კომენტარებს კითხულობდეს. მოეშვით ამ თემის გაბუქებას.
irakli81
10:43 30-08-2022
1
სულიერ სიმშვიდეს, შესაშურ სტაბილურობას და უტრამვო სეზონს ვუსურვებ! დანარჩენი ყველაფერი მჯერა დროსთან ერთად მოვა
წარმატება ხვიჩას!
09:47 30-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული