შეუჩერებელი დუეტი და ახალი "კონკურენტი" კვარაცხელიას - რას იტყოდა მარადონა?!

AutoSharing Option
მარადონა 62 წლის გახდებოდა. ფეხბურთის ღმერთად წოდებული გენიას მშობლიურად ქცეული "ნაპოლის" დღევანდელი გუნდი ნამდვილად ყველაზე მეტად მოეწონებოდა, რაც კი სიცოცხლის ბოლო წლებში უნახავს - გოლები, ლამაზი მოქმედებები...

ლუჩანო სპალეტის მოთამაშეები მართლაც აღარავის ინდობენ. აქაა, როგორც The New York Times-ი წერს, გონებით, ტექნიკითა და ფიზიკური სიძლიერით გამორჩეული ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მორიგი დასამახსოვრებელი შეხვედრა შემოგვთავაზა, თუმცა, როგორც იგივე ავტორიტეტული გამოცემა წერს, "ხარბი თვალი მას მუდმივ უკმარისობას მიიღებს და კიდევ უფრო მძაფრ ემოციებს დაელოდება." ეჰ, ნეტავ რას იტყოდა გენიალური დიეგო ხვიჩაზე...

Sportall.Ge

კონკრეტულად "სასუოლოსთან"
დაპირისპირების ირგვლივ ვისაუბროთ და შორს არ წავიდეთ. ქართველმა გარემარბმა არა მხოლოდ საკუთარი გუნდის შეტევების დროს იცის, როგორ იმოძრაოს, სად გაიხსნეს, მოწინააღმდეგეები რა გზით დააბნიოს, არამედ იმასაც ზუსტად გრძნობს, მეტოქემ შეცდომები სად შეიძლება დაუშვას, რათა მან მყისიერად იმოქმედოს. მთავარ მწვრთნელს "კვარას" თამაშის გაუმჯობესებაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი აქვს, მაგრამ ქართველ გარემარბში დევს რაღაცები, რაც შეუძლებელია, თანდაყოლი თვისებები არ იყოს; ანაც ისეთი, ადრეულ ასაკში კარგად რომ გაიწაფა და შეისისხლხორცა. ხვიჩას მოქმედებები თვალწარმტაცია. კიდევ ერთხელ უნდა მოვიშოროთ სიფრთხილე თუ თავმდაბლობა, ჩვენი ბიჭი კაშკაშა ვარსკვლავობის ძალიან დიდ გზაზეა!

არ აქვს მნიშვნელობა, სპალეტი რამდენი ფეხბურთელით შეუტევს, კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი აშკარად ძალიან შეთამაშდა, ერთმანეთის ესმით და მძლავრ შემტევ დუეტს ქმნიან. ნიგერიელიც, ქართველის მსგავსად, ფეხბურთზე "გაგიჟებულია". მასში უფრო დევს ეგოისტური მომენტები, ვიდრე ხვიჩაში, მაგრამ ყველაფერი მაინც იქიდან მოდის, 23 წლის ფორვარდს თამაში რომ სწყურია, გოლის გატანის სიხარულის გაზიარება უყვარს. კვარაცხელიას მიერ ვიქტორისთვის გაკეთებული მეორე საგოლე პასი ძალიან მაღალი დონის იყო, ბურთის მიღებით დაწყებული, დამუშავებით, შესრულებითა და მიწოდებით დასრულებული. ასეთი ქმედებები უბრალო სტატისტიკაზე მაღლა დგას.

ამ დუეტის ასეთი თამაშის ფონზე ისიც გამოიკვეთა, რომ ჯოვანი სიმეონეს სათამაშო დრო ძალიან შემცირდება. არადა, როცა შანსს იღებს, გააქვს. რაც შეეხება ჯაკომო რასპადორის, მშვენიერ ფორმაში იყო, თუმცა როცა, ოსიმენი "დაფრინავს", ის უბრალოდ, შეუცვლელია. სპალეტი ახლა თითქოს ცდილობს, რასპადორი კვარაცხელიას ერთგვარ დუბლიორად აქციოს და მარცხენა გარემარბად თამაშის საშუალებას აძლევს, თუმცა "სასუოლოსთანაც" გამოჩნდა, რომ ის ამ ამპლუას ნაკლებად შეეფერება, ბევრს ვერ მოძრაობს და მეტოქეებს შემოსატევად სივრცეს უტოვებს. ასეთ დროს მარიო რუის სერიოზული ჯაფა ადგება.

Sportall.Ge

შაბათის მატჩში რაც ვნახეთ, კვარაცხელია უფრო აქტიურად შედიოდა ცენტრში, ვიდრე აქამდე ყოფილა. მას ესეც კარგად გამოსდის, ისევე, როგორც დაცვის დახმარება. რუი ისეთ ფორმაში შევიდა, როგორც ჩანს, მთავარი მწვრთნელი მაქსიმალურად ცდილობს, მისი შემტევი პოტენციალი მთელ ფლანგზე გამოიყენოს - მას უკვე 5 საგოლე პასი და იმის შანსი აქვს, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზეც გაემგზავროს. აქვე ვთქვათ, რომ ჩრდილომაკედონიელი ელიფ ელმასი უთამაშებლობის გამო ერთგვარი უკმაყოფილების შედეგ მოედნის ცენტრში მშვენივრად ასპარეზობს და პიოტრ ზელინსკის სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.

"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას "ლივერპულთან" სტუმრობით დაასრულებს, შემდეგ კი სერია "ა"-ში 3 შეხვედრას გამართავს და დაახლოებით ორთვიანი შესვენებაც დაიწყება. მუნდიალზე არც კვარაცხელია იქნება და არც ოსიმენი, ისინი იანვარში თამაშებს კიდევ უფრო მოწყურებული დაუბრუნდებიან.

altფანტასტიკა - ქართველი ფენომენის გოლი და ორი საგოლე გადაცემა, ოსიმენის ჰეთ-ტრიკი და ნაპოლის“ ზედიზედ მეცამეტე გამარჯვება [VIDEO]

alt"იდეალური და ძალიან კარგი ბიჭია" - სპალეტიმ კვარაცხელია შეაქო

მკითხველის კომენტარები / 11 /
რასპადორის ამბავი სწორადაა დანახული. ხვიჩამ ელმასი ბოლომდე დაჩაგრა და ახლა ახალი მიუჩინეს. მომწონს, როცა კარგადაა სტატიაში ყველაფერი გაანალიზებული, მაქსიმალურად ქართული ვწეროთ, იტალიელებს რითი ჩამოვრჩებით
ლაციოს ფანი ლევანი
10:30 31-10-2022
0
რას იტყოდა მარადონა და თავისი ხელით ჩააცმევდა 10 ნომრიანი მაისურს ჩვენ კვარადონას!!!
ზაზა
13:54 31-10-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული