გატუზოს გადაყენების შემდეგ „ღამურებს“ დროებითმა მწვრთნელმა ვორო გონსალესმა უხელმძღვანელა, გიორგი მამარდაშვილმა კი პირველად ითამაშა „სანტიაგო ბერნაბეუზე“. „რეალი“ წინა ტურში სახლში „სოსიედადთან“ ფრეს დასჯერდა და მისმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იმავე ტემპით მიდიან, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ „ბარსელონამ“ მნიშვნელოვნად მოუმატა და ბოლომდე იბრძოლებენ.
დებიუტში პირისპირ გასულ ასენსიოს მამარდაშვილმა არ გაატანინა, რის შემდეგაც, გასაკვირად, ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა უხიფათოდ შეუტიეს. სადღაც მეოცე წუთისთვის მასპინძლებმა ბურთი დაიჭირეს, კომპენსირებულ დროში რიუდიგერმა თავურით დალაშქრა ქართველის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე გოლი გააუქმა, რადგან ბენზემაზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და უღიმღამო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი „სამეფო გუნდმა“ აქტიურად დაიწყო, სამწუთიან მონაკვეთში ასენსიომ და ვინისიუსმა გაიტანეს, ხოლო ცოტა ხანში ერთი-ერთზე დარჩენილი მოდრიჩის დარტყმული ბურთი გიორგიმ მოიგერია. 73-ე წუთზე ვინისიუსთან უხეშობისთვის არბიტრმა პირდაპირი წითელი ბარათით პაულისტა გააძევა და ისედაც უმწეო „ვალენსიას“ მდგომარეობა საბოლოოდ დამძიმდა. დარჩენილ დროში მამარდაშვილმა ვალვერდესა და როდრიგოს არ მისცა გატანის საშუალება და "ბლანკოსმა" 2:0 მოიგო.
„ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 5 თებერვალს კატალონიაში „ჟირონას“ დაუპირისპირდება.
45 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფი „რეალი“ ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება და 5 თებერვალს „მალიორკას“ ეწვევა.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 51 926 მაყურებელი
რეალი - ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 ასენსიო (52), ვინისიუსი (55)
გაძევება: პაულისტა (73)
Ისეარაფრის გაგონება არ მინდა,საჭმელსაც ვერა ვჭამ ელი,ჩვენი ქურუმი კვდება ელი