მამარდაშვილმა გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა - "ვალენსია" "რეალთან" დამარცხდა და ვარდნას აგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-17 ტურის გადატანილ მატჩში „ვალენსია“ გასვლაზე „რეალთან“ 0:2 დამარცხდა.

გატუზოს გადაყენების შემდეგ „ღამურებს“ დროებითმა მწვრთნელმა ვორო გონსალესმა უხელმძღვანელა, გიორგი მამარდაშვილმა კი პირველად ითამაშა „სანტიაგო ბერნაბეუზე“. „რეალი“ წინა ტურში სახლში „სოსიედადთან“ ფრეს დასჯერდა და მისმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ იმავე ტემპით მიდიან, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ „ბარსელონამ“ მნიშვნელოვნად მოუმატა და ბოლომდე იბრძოლებენ.

დებიუტში პირისპირ გასულ ასენსიოს მამარდაშვილმა არ გაატანინა, რის შემდეგაც, გასაკვირად, ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა უხიფათოდ შეუტიეს. სადღაც მეოცე წუთისთვის მასპინძლებმა ბურთი დაიჭირეს, კომპენსირებულ დროში რიუდიგერმა თავურით
დალაშქრა ქართველის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის მერე გოლი გააუქმა, რადგან ბენზემაზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და უღიმღამო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი „სამეფო გუნდმა“ აქტიურად დაიწყო, სამწუთიან მონაკვეთში ასენსიომ და ვინისიუსმა გაიტანეს, ხოლო ცოტა ხანში ერთი-ერთზე დარჩენილი მოდრიჩის დარტყმული ბურთი გიორგიმ მოიგერია. 73-ე წუთზე ვინისიუსთან უხეშობისთვის არბიტრმა პირდაპირი წითელი ბარათით პაულისტა გააძევა და ისედაც უმწეო „ვალენსიას“ მდგომარეობა საბოლოოდ დამძიმდა. დარჩენილ დროში მამარდაშვილმა ვალვერდესა და როდრიგოს არ მისცა გატანის საშუალება და "ბლანკოსმა" 2:0 მოიგო.

„ვალენსია“ 20 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს და 5 თებერვალს კატალონიაში „ჟირონას“ დაუპირისპირდება.

45 ქულით მეორე პოზიციაზე მყოფი „რეალი“ ლიდერ „ბარსელონას“ 5 ქულით ჩამორჩება და 5 თებერვალს „მალიორკას“ ეწვევა.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 51 926 მაყურებელი

რეალი - ვალენსია 2:0
გოლები: 1:0 ასენსიო (52), ვინისიუსი (55)
გაძევება: პაულისტა (73)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვიყავი თამაშზე და ვალენსია ისეთ უსახურ ფეხბურთს თამაშობს რომ მამარდა კი არა ორი მეკარე ვერ უშველით. ძნელია ესეთ გუნდში მეკარეობა.
მეგრელი
11:52 03-02-2023
2
ორივე გოლზე მაქსიმუმ რისი გაკეთებაც შეეძლო, დროული რეაქციაა. მაინც ვწრ მოიგერიებდა პირველ დარტყმულს.
ასენსაოს მაგარი გამოუვიდა. მთელი დღე რომ ურტყას კარში, მასეთი ტრაექტორიით შეიძლება ერთიც აღარ წავიდეს. გამართლების მომენტიცაა.
მამარდა არ იყო ცუდი, მაგრამ გაცილებით მეტი შეუძლია.
ბერნაბეუს ფაქტორიც მაგრად მოქმედებს. ვალენსიას თითქოს თამაში, შეტევა ეზარებაო. რაღაც მოვალეობას იხდიდნენ მოედანზე. ერთი ბებერი პაულუსტა წვალობდა და ისიც დამსახურებულად გააძევეს!!!
წარმატებები მამარდას, საქართველოს ნაკრებს და ვალენსიას.
G.A.L.
10:30 03-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული