სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კრემონეზე“ 3:0 დაამარცხა - ნეაპოლურმა გუნდმა ჩემპიონატზე ბოლო 18 მატჩიდან 17 საერთო ანგარიშით 44:11 მოიგო.
ხვიჩა კვარაცხელიამ თავის დაბადების დღეზე დალაშქრა მეტოქის კარი - მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 18 მატჩში 9 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.
აუტსაიდერმა მეტოქეს თავიდან მაღალი პრესინგი შესთავაზა, როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში კონტრიერიშებზე ააგო და საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. მასპინძლებმა პირველი მომენტი მე-20 წუთზე შექმნეს, როდესაც დი ლორენცოს თავით დარტყმული ბურთი მეკარე კარნეზეკმა მოიგერია, მომდევნო შეტევისას კი კვარაცხელიამ საჯარიმოს კიდესთან დრიბლინგი წამოიწყო, ცენტრისკენ შეიწია და ნეაპოლური გუნდი დააწინაურა. შემდეგ დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი ხვიჩამ თავით ოდნავ ააცილა მიზანს. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ქართველი ფერარისთან კონტაქტისას მეტოქის საჯარიმოში გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია.
მეორე ტაიმში „ნაპოლი“ უკვე სრულ უპირატესობას ფლობდა: ლოსანოს გატანა კარნეზეკმა არ დაანება, „კვარამ“ მიზანს ვერ უწია, მერე ოსიმენმა გაიტანა (ეს ამ სეზონში იტალიის პირველობაზე მისი მეჩვიდმეტე გოლია), შეცვლაზე შესულმა ელმასმაც, ხვიჩა 83-ე წუთზე შეცვალეს და გულშემატკივრებმა ოვაციებით გააცილეს.
„ნაპოლი“ 59 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს და 17 თებერვალს გასვლაზე „სასუოლოს“ დაუპირისპირდება. „ინტერი“ ხვალ გენუაში „სამპდორიას“ შეხვდება.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - კრემონეზე 3:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (22), 2:0 ოსიმენი (65), 3:0 ელმასი (79)
ხვიჩა კვარაცხელიამ კრემონენზეს გაუტანა [VIDEO]
ოსიმენისა და "ნაპოლის" ფეხბურთელების ჩანაფიქრი - რა საჩუქარს უმზადებენ კვარაცხელიას დღევანდელ მატჩში
როგორ მიულოცა "ნაპოლიმ" ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღე
როგორ მიულოცა ხვიჩა კვარაცხელიას შეყვარებულმა დაბადების დღე [VIDEO]
მატჩისა და ხვიჩას დაბადების დღე! - ქართული დუელი არ შედგება...
დღეს ხვიჩა კვარაცხელიასა და თორნიკე ოქრიაშვილის დაბადების დღეა