საქართველოს ნაკრებისა და "ჰათაისპორის" ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე რამდენიმე დღის წინ საქართველოში მშვიდობით დაბრუნდა.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე სტუმრობისას კი თურქეთსა და სირიაში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა:
"ძალიან რთულია, ეს ყველაფერი გადმოვცე სიტყვებით. რაც შემიძლია, იმას ვიტყვი. ღამის 4 საათი იყო, მთელ ქალაქს ეძინა, როცა ეს ტრაგედია დაიწყო. მიწისძვრა დაახლოებით 2 წუთი გაგრძელდა. სახლიდან ძლივს გამოვასწარი. სახლი ბოლომდე არ დანგრეულა, შიგნით ყველაფერი, რაც იყო, ჩამოინგრა. მე-2 სართულზე მეძინა. გამოვიქეცი ეგრევე გარეთ, მივხვდი, რომ მიწისძვრა იყო, მაგრამ ის 1 წუთი გარეთ ყოფნა იყო საშინელება,
მიწა რომ მოძრაობდა, რაღაც ანათებდა. მერე ვიდეოები ვნახე, მეგონა, მეჩვენებოდა. საერთოდ ცა ანათებდა, მიწისძვრის სულშიშემძვრელი ხმა იყო.
არ ვგრძნობ, რომ ტრაგედია მე შემემთხვა, ჯანმრთელი ვარ. იმ ადამიანებს რომ შეხედავ, გაივლი და იმ ყველაფერს შენი თვალით რომ დაინახავ, დანგრეული შენობის თავზე ბავშვებს რომ ეძებენ, მშობლების სახეებს რომ უყურებ, ისაა ტრაგედია. მე კარგად ვარ, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი იქ არ ყოფილა, მარტო ვიყავი, არ შემიძლია მე ვთქვა, რომ ტრაგედია გადამხდა.
კრისტიან ატსუ ჯერ არ უპოვიათ. ალბათ, ვიღაცამ დაინახა და შემდეგ დაწერა ყველამ, თუმცა არავის ნანახი არ ჰყავს. სულ ეს კითხვა მაწუხებს, ვინმემ ნახა? ვინმეს შეუძლია დამიმტკიცოს, რომ კარგადაა? იმედისავით მაქვს, რომ იპოვეს, მაგრამ იმდენი ხალხია დაზარალებული... ასიათასობით ადამიანია ჰოსპიტალში. შეიძლება ვიღაცამ სულ არ იცის კრისტიან ატსუ, გადარჩენილია და ვერ გამოდის ხაზზე, თუმცა ამის შანსი ძალიან დაბალია.
თითქმის არ არსებობს კორპუსი, რომელიც გადარჩა, ყველა თურქ გუნდელს სახლი დაენგრა... ატსუ მე-9 სართულზე ცხოვრობდა, იმავე კორპუსის მე-7 და მე-5 სართულებზეც ცხოვრობდნენ ჩვენი ფეხბურთელები და რაღაც სასწაულად გადარჩნენ, მაგიდის ქვეშ შეძვრნენ, შემდეგ კი ხელების ქნევით ჰაერზე გამოვედითო. ზოგი იმ დღესვე იპოვეს, ატსუ კი ჯერ ვერ ნახეს" - განაცხადა საბამ.