ერთი წლის შემდეგ: "ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ჯარიმიდან გატანილმა გოლმა ძალიან გაგვახარა. "ნაპოლის" კარგი სეზონი არ აქვს, ეს გავლენას ჩვენებურის თამაშზეც ახდენს, მაგრამ "კვარა" კვლავ გამორჩეულია და მის წინააღმდეგ დიდი "მობილიზებაა". გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გამოქვეყნდა და შეგვიძლია, ის მოვლენა, რაც შარშან მოხდა, ახლებურად გავიაზროთ, ამავდროულად კი დღევანდელობასთან პარალელელბი გავავლოთ...

"ნაპოლის" ჩემპიონობის ამბავი საკმაოდ დიდი ხანია, რაც გადაწყვეტილი იყო, "იუვენტუსთან" (1:0) გამარჯვებამ კი ყველაფერ ამას საბოლოო და უფრო სოლიდური სახე მისცა.

ნეაპოლური კლუბი ბოლო დროს საკუთარ თავს არ ჰგავდა, "მილანთან" მარცხისა და
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კი მნიშვნელოვანი იყო, გუნდის რეაქცია რა იქნებოდა. ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი ერთიანად მოგვარდა, მაგრამ მთავარია, რომ ჟინი ჩანდა. ვნახეთ იმავე შინაარსის შეცდომებიც, ცოტა გამართლება, მსაჯის მიერ კეთილი თვალით შემოხედვაც, რაც უკანასკნელ ხანს პირიქით იყო და გამარჯვებაც, რის შემდეგაც ზეიმი დაიწყო...

სპალეტის სირთულე

დარჩენილი 7 ტური განსხვავებული იქნება. სპალეტის უკვე ძალიან გაუჭირდება, საკუთარი შეგირდების გამარჯვებულის ემოციები მართოს. დიდი რბოლის შემდეგ, ახლა შედეგებით ტკბობის დროა. ეგოისტურ ქმედებებს რომ აღვნიშნავთ ხოლმე, ახლა ის მოიმატებს. მთავარი მწვრთნელი შანსს სათადარიგო მოთამაშეებსაც მისცემს.

"იუვენტუსის" არჩათვლილი გოლისას ნეაპოლელთა კართან ისეთი რამ მოხდა, რაც "მილანთან" არაერთხელ ვნახეთ - მასიური იერიშების შემდეგ მოწინააღმდეგის სახიფათო კონტრშეტევა. რა კრიტიკულებიც უნდა ვიყოთ, ლუჩანომ საჩემპიონო გუნდი მაშინ შექმნა, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. გამოცდილმა სპეციალისტმა საკუთარ შეცდომებზე იმით ისწავლა, კონკურენტებთან მაქსიმალურად დიდი დისტანცია ჰქონდა და ამან ტრადიციული სენის, მეორე ნაწილის სუსტად ჩატარების დაბალანსება მოახერხა. ამის გამო დასკვნით ფაზაში გუნდი ცოტათი გადაღლილი ჩანს, მაგრამ მთავარი მიზანი მიღწეულია.

Sportall.Ge

ხვიჩა თუ ვიქტორი?

ამასობაში, ერთი მნიშვნელოვანი ამბავია გასარკვევი. თვეების წინ, როცა "ნაპოლი" სერია "ა"-ს შთამბეჭდავი ლიდერი იყო, დავწერეთ, რომ კიმ მინ ჯეს თუ სტანისლავ ლობოტკას დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემპიონატის საუკეთესოს ბედი ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის უნდა გადაწყვეტილიყო. ამ თემაზე მსჯელობა მოგვიანებითაც  შეიძლება, მაშინ კი უპირატესობა ქართველის მხარეს გადავხარეთ. "კვარა" იტალიაში პირველ სეზონს ატარებს, ამის მიუხედავად კი, როგორც შედეგებით (12 გოლი, 10 შედეგიანი პასი) გამოირჩევა, ასევე მისი ფაქტორი გუნდის წარმატებაში დიდია - იერიშებში მონაწილეობა, მასზე გაზრდილი ყურადღება, დაცვით ფუნქციებში აქტიური თამაში... ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე 21 გოლია. ასეთ დროს მარაგის გაზრდას პენალტის ნიშნულიდან ცდილობენ, რაც ნიგერიელის შემთხვევაში არ ყოფილა. დასაფასებელია ის, რომ "ცხრიანის" მიერ მოპოვებული, დამუშავებული და გატანილი ბურთების დიდი ნაწილი მისი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის და საოცარი ბრძოლინარიანობის შედეგი იყო. ყველაზე დახვეწილი და დამუშავებული პასები ვიქტორმა ხვიჩასგან მიიღო. თუკი სეზონის წინ წერდნენ, რომ ოსიმენის პრობლემა სტაბილური "ასისტები" იყო, რითაც ის შედეგიანობას გაზრდიდა, ყველაფერი ასეც მოხდა. გარდა ამისა, ქართველი და ნიგერიელი ფეხბურთელები ერთმანეთს ზონებს კარგად უთავისუფლებენ და ამით სარგებლობენ. კარგია, რომ ისინი მეგობრობენ და ეგოისტური გამოვლინებები მინიმუმამდეა დაყვანილი.

ყველაფერი, რაც ზემოთ ვახსენეთ, ბოლო დროს არ გვხვდება. "ნაპოლის" ლიდერებიც ცოტათი ფორმიდან ამოვარდნილი და გადაღლილები ჩანან. მათ დიდი უპირატესობა შექმნეს და ყველაფერი ადრევე გადაწყვიტეს. 33-წლიანი ლოდინის შემდეგ სკუდეტო დიდი ბედნიერებაა, თუმცა ჩემპიონების შედარება ხდება და ნეაპოლელები უნდა ეცადონ, დარჩენილი დრო აღმაფრენით ჩაატარონ. "იუვენტუსის" ორივე შეხვედრაში (საერთო ანგარიშით 6:1) დამარცხება, მათი ახლა 19 ქულით ჩამოტოვება ამისკენ გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია, ტურინული კლუბი ხომ განსაკუთრებული მეტოქეა, რომელმაც სკუდეტოსკენ გზა მათ ბევრჯერ გადაუკეტა. "მილანთან" უშუალო დაპირისპირებები ჩავარდა, მაგრამ პირველ წრეში მათ "სან სიროზე" (2:1) გაიმარჯვეს. სხვა კი "ინტერის" მასპინძლობა რჩება, რომელთანაც თითქოს უშანსოდ წააგეს.

Sportall.Ge

კვარაცხელიას თამაში

ხვიჩა კვარაცხელიამ ფართო გულშემატკივრების ყურადღება, პირველ რიგში, დრიბლინგების საოცარი უნარითა და მუდმივად თამაშის გამწვავების ფიქრით მიიქცია. დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ქართველი გარემარბის მიმართ ყოველდღიურად დაცვის ახალ ზღუდეებს იფიქრებენ, მასზე გაათმაგებული ყურადღებაა. ამის მიუხედავად, ხვიჩა ხიფათის შექმნას მუდმივად ახერხებს, ძველებურად სწრაფია და ნებისმიერ წამს აფეთქება შეუძლია; ამავდროულად, ფიზიკურად უფრო გაძლიერდა და "იუვენტუსთან" კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რაც მეორე წრეში უფრო ნაკლებად გვინახავს - "კვარას" შესანიშნავი ართმევები აქვს. მართალია, ტურინელები ჯარიმას ითხოვდნენ, თუმცა ქართველი დამაჯერებელი იყო. თავისი თამაშით, რომლის გამოც მას "კვარადონა" უწოდეს, ხვიჩამ თავად განსაზღვრა, მისი შეფასება მაღალი კატეგორიებიდან მოხდეს. შესაბამისად, ბოლო დროის მშრალი სერიის შემდეგ იტალიურ მედიაში კრიტიკის ზრდაც ბუნებრივია.

"ლეაო" - ასე ყვიროდნენ "იუვენტუსის" საშინაო არენაზე, როცა კვარაცხელია მათ ტრიბუნასთან ახლოს იყო. ეს შედარებაა იმასთან, ვინც ამ ტურნირზე გასულ წელს საუკეთესო იყო; იმასთან, ვისთანაც ცოტა ხნის წინ დამარცხდი და გულშემატკივრების მხრიდან ეს ჯანსაღად უნდა აღვიქვათ. ჩვენებურის თამაშმა თავად უზრუნველყო, რომ მის მიმართ ასეთი შედარებები არსებობდეს. ეს ხვიჩას არჩევანია. გვინახავს, როცა მესის სათანადო შეხვედრა არ გამოუვიდა, მის გასაღიზიანებლად მოწინააღმდგე გულშემატკივრები რონალდოს გვარს სკანდირებდნენ.

კვარაცხელიამ პირველივე სეზონში საოცრება შეძლო, თუმცა მისი მილიონობით გულშემატკივარი ელის, მისგან კიდევ უფრო მეტი ნახონ; ამდენი ფეხბურთელის მეურვეობის მიუხედავად, შთამბეჭდავი დრიბლინგები გოლით დაასრულოს. ეს ტექნიკური მაჩვენებლები იშვიათია. ხვიჩას უკვე ამ კატეგორიით აფასებენ და განიხილავენ. რთულია, "კვარადონობა", ძალიან რთული!..

აგვისტოდან მოყოლებული, ბევრ ასპექტში უკეთეს 77-ე ნომერს ვნახულობთ, თუმცა მან ეს პროგრესი არ უნდა შეწყვიტოს. კვარაცხელია ლიდერის თვისებებითაცაა დაჯილდოებული. დავუშვათ მოცემულობა, რომ ის მომავალ წელსაც ნეაპოლში ითამაშებს, ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე კი ძალიან ბევრს წერენ. ამ რეალობაში მას კიდევ უფრო მეტი დასჭირდება და მომავალში მასზე კიდევ უფრო მეტი იქნება დამოკიდებული!..

alt"ნაპოლიმ" დრამატულ მატჩში "იუვენტუსს" სძლია და სკუდეტოს კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

altსრული სიგიჟე ნეაპოლში - რა ვიდეოს აქვეყნებს ხვიჩა კვარაცხელია "იუვენტუსთან" გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ხვიჩას მთავარ აქილევსის ქუსლად რჩება "საფინიშო" დარტყმა, რაც ბევრი ვარჯიშით უნდა გააუმჯობესოს კვარამ. გული ჩაგწყდება რაღაც მომენტში ისეთი რთულ სიტუაციებიდან უსხლტება ორ პერსონალურ მეურვეს და ხელსაყრელი პოზიციიდან ან კარს აცილებს ან მცველები უბლოკავენ. მთავარია კვარამ მაქსიმალურად ბევრი ვარჯიშით გააუმჯობესოს ეს კომპონენტი და მისი გოლების პირადი სტატისტიკაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ხვიჩა კი ის ბიჭია რომელსაც შრომა არ ეზარება, მენტორის რჩევებს ყოველთვის გულმოდგინეთ ასრულებს და შედეგიც არ დაახანებს. კვარას სხვა სქილები კი თითქმის სრულყოფილია მთავარია ეს დაყენებული " მკვლელი" დარტყმაც შემატოს მის ისედაც მრავალფეროვან არსენალს და სრულიად გამანადგურებელი იქნება.
Charley
17:54 25-04-2023
4
შვილივით მიყვარს ეს ბიჭი, წრამატებები და უფლის მფარველობა!!!
გულშემატკივარი
11:47 25-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული