"ფიორენტინასთან" ყველამ დაინახა, რას წარმოადგენს "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და მასთან ერთად, რომელსაც იტალიელმა ჟურნალისტმა მხატვარი უწოდა

AutoSharing Option
"ფიორენტინასთან" მოგებულ საშინაო მატჩს (1:0) "ნაპოლისთვის" არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნეაპოლურმა გუნდმა გასულ ტურში მოიპოვა სკუდეტო და მაინც - მოხდა ძალიან საინტერესო და ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტი. ვისაც ფეხბურთი ესმის, თვალნათლივ დაინახა, რას წარმოადგენს გუნდისთვის ხვიჩა კვარაცხელია და რაა მის გარეშე.

პირველ ტაიმში ძნელი გასარჩევი იყო, ვინ იყო ჩემპიონი და ვინ მერვეადგილოსანი, ვინ მასპინძელი და ვინ სტუმარი. ამას მოტივაციის ნაკლებობას და ეიფორიას ნუ დავაბრალებთ. სპალეტის კრებული უნიათოდ ირჯებოდა და მხოლოდ მოედანზე კვარაცხელიას შესვლის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი. როგორც იტყვიან, ქართველმა
"თამაში გააკეთა". მისმა დრიბლინგებმა, მახვილგონივრულმა პასებმა და მეტოქეების დაზაფრვამ გამარჯვების მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. როგორც ყოველთვის, მოწინააღმდეგის რამდენიმე ფეხბურთელი მისი მეურვეობით გახლდათ დაკავებული და შეტევებისთვის სადღა ეცალათ.

ხვიჩა მუდამ გარდატეხის შემტანია და ყველაფერს სულ რომ თავი დავანებოთ, მისი ბურთაობა საამოდ საცქერია ერთობ, შოუა, სპექტაკლია და ისმის მართებული კითხვა: როგორ შეიძლება ასეთი შემოქმედის ზედმეტად დაცვითი ფუნქციებით დატვირთვა? უკანასკნელ ხანს "კვარას" ხშირად განაპირა მცველის პოზიციაზე ვხედავთ, რითაც სწრაფი კონტრიერიშისას მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კლებულობს. რაც იზამ, ასეთია იტალიური ფეხბურთი, ასეთია კატენაჩიო, სადაც რობერტო ბაჯოსაც არ სწყალობდნენ.

Sportall.Ge

ნამატჩევს იტალიურ მედიაში ყველას აქებენ, ყველას ინტერვიუს ართმევენ, ყველას კომენტარის გაკეთებას სთხოვენ, ქართველი კი თითქოს ჩრდილია, ჩრდილშია "ნაპოლის" წარმატების მთავარი შემოქმედი, რომლის გარეშე 33 წლის მოლოდინის შემდეგ ოქროს მედლებს ვერ მოიპოვებდნენ. ეს გადაჭარბებულად ნათქვამი არაა - ეს ობიექტურობაა.

ერთადერთი ვინც დღეს ხვიჩას ღვაწლი აღნიშნა, areanapoli-ს ჟურნალისტი ფრანჩესკო მანო იყო.

ხვიჩა ხატავს და სკეპტიკოსებს აიძულებს დადუმდნენ

"შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაფერი შეცვალა. ყველა, ვინც ლაპარაკობს "კვარას" გადაღლილობასა და ფორმიდან ამოვარდნაზე, "ფიორენტინასთან" თამაშიდან გამომდინარე, აზრი უნდა შეიცვალოს. ქართველმა მოედანზე შესვლისთანავე "ვიოლას" დაცვა ჭკუიდან გადაიყვანა და წარუმატებელი გახადა. ვიქტორ ოსიმენმა მის მიერ მოპოვებული პენალტი გაიტანა. ამას გარდა, ხვიჩა ხშირად ქმნიდა შეტევისას რიცხობრივ უპირატესობას. მეტი რაღა უნდა მოსთხოვოთ? მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი უნარები".

მკითხველის კომენტარები / 12 /
არც ფიორენტინას ემუქრება პოზიციების დაკარგვა და ამიტომ,ავტობუსის ჩადგმას,ფეხბურთის თამაში ამჯობინეს.გუნდი წინ მიდიოდა და დაცვაში ზონები რჩებოდა,თითქმის არ ყოფილა შემთხვევა,როცა ხვიჩას წინააღმდეგ,სხვა გუნდებივით,3-4 კაცი თამაშობდა და ფეხზე ეჯდა.ერთ და ორ მცველს კი,ხვიჩა,ადრეც მზესუმზირასავით აკნატუნებდა და არც ახლა გასჭირვებია,ამისი გაკეთება.
სოსო
14:55 08-05-2023
4
კვლავ მინდა გავიმეორო ადრე გამოთქმული მოსაზრება, რომ ხვიჩას გვერდით ხაზთან განწესება (ე.წ. "ევრუჟიხინობა") მის შესაძლებლობებს ანახევრებს. გაიხსენეთ, რამდენად მეტ თავსატეხს იგი უჩენს მოწინააღმდეგეს, როცა ცენტრიდან უტევს. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდში იგი მოედანს ყველაზე უკეთ ხედავს და თანაც პასის მაღალი კულტურა გააჩნია, მისთვის იდეალურ ამპლუად ნაპოლიშიც და ნაკრებშიც მარცხენა ინსაიდის (ეს ტერმინი ჩემს ახალგაზრდობაში იხმარებოდა) პოზიცია მიმაჩნია. ამასთანავე იგი უპირობოდ თავისუფალი უნდა იყოს დაცვითი ფუნქციების შესრულებისაგან - ჯერ ერთი, ეს უკან დაწევა მას ენერგიას აცლის, და მეორე - ეს მას ნაკლებად ეხერხება (მიშა მესხი ჯიუტად არ ემორჩილებოდა ბესკოვის მოთხოვნას დაცვაში ჩასვლის თაობაზე და ცამდე მართალი იყო!). მისი მინდვრის შუაგულში მანევრირება მოწინააღმდეგე გუნდის შეტევისას ყოველთვის შეიცავს სახიფათო კონტშეტევის შესაძლებლობას, ეს იარაღი კი სპალეტის სათამაშო სქემაში ფაქტიურად არ არსებობს.
თემური
12:02 08-05-2023
3

სიახლეები პოპულარული