"ფიორენტინასთან" ყველამ დაინახა, რას წარმოადგენს "ნაპოლი" კვარაცხელიას გარეშე და მასთან ერთად, რომელსაც იტალიელმა ჟურნალისტმა მხატვარი უწოდა

AutoSharing Option
"ფიორენტინასთან" მოგებულ საშინაო მატჩს (1:0) "ნაპოლისთვის" არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ნეაპოლურმა გუნდმა გასულ ტურში მოიპოვა სკუდეტო და მაინც - მოხდა ძალიან საინტერესო და ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტი. ვისაც ფეხბურთი ესმის, თვალნათლივ დაინახა, რას წარმოადგენს გუნდისთვის ხვიჩა კვარაცხელია და რაა მის გარეშე.

პირველ ტაიმში ძნელი გასარჩევი იყო, ვინ იყო ჩემპიონი და ვინ მერვეადგილოსანი, ვინ მასპინძელი და ვინ სტუმარი. ამას მოტივაციის ნაკლებობას და ეიფორიას ნუ დავაბრალებთ. სპალეტის კრებული უნიათოდ ირჯებოდა და მხოლოდ მოედანზე კვარაცხელიას შესვლის შემდეგ შეიცვალა ყველაფერი. როგორც იტყვიან, ქართველმა
"თამაში გააკეთა". მისმა დრიბლინგებმა, მახვილგონივრულმა პასებმა და მეტოქეების დაზაფრვამ გამარჯვების მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. როგორც ყოველთვის, მოწინააღმდეგის რამდენიმე ფეხბურთელი მისი მეურვეობით გახლდათ დაკავებული და შეტევებისთვის სადღა ეცალათ.

ხვიჩა მუდამ გარდატეხის შემტანია და ყველაფერს სულ რომ თავი დავანებოთ, მისი ბურთაობა საამოდ საცქერია ერთობ, შოუა, სპექტაკლია და ისმის მართებული კითხვა: როგორ შეიძლება ასეთი შემოქმედის ზედმეტად დაცვითი ფუნქციებით დატვირთვა? უკანასკნელ ხანს "კვარას" ხშირად განაპირა მცველის პოზიციაზე ვხედავთ, რითაც სწრაფი კონტრიერიშისას მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კლებულობს. რაც იზამ, ასეთია იტალიური ფეხბურთი, ასეთია კატენაჩიო, სადაც რობერტო ბაჯოსაც არ სწყალობდნენ.

Sportall.Ge

ნამატჩევს იტალიურ მედიაში ყველას აქებენ, ყველას ინტერვიუს ართმევენ, ყველას კომენტარის გაკეთებას სთხოვენ, ქართველი კი თითქოს ჩრდილია, ჩრდილშია "ნაპოლის" წარმატების მთავარი შემოქმედი, რომლის გარეშე 33 წლის მოლოდინის შემდეგ ოქროს მედლებს ვერ მოიპოვებდნენ. ეს გადაჭარბებულად ნათქვამი არაა - ეს ობიექტურობაა.

ერთადერთი ვინც დღეს ხვიჩას ღვაწლი აღნიშნა, areanapoli-ს ჟურნალისტი ფრანჩესკო მანო იყო.

ხვიჩა ხატავს და სკეპტიკოსებს აიძულებს დადუმდნენ

"შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაფერი შეცვალა. ყველა, ვინც ლაპარაკობს "კვარას" გადაღლილობასა და ფორმიდან ამოვარდნაზე, "ფიორენტინასთან" თამაშიდან გამომდინარე, აზრი უნდა შეიცვალოს. ქართველმა მოედანზე შესვლისთანავე "ვიოლას" დაცვა ჭკუიდან გადაიყვანა და წარუმატებელი გახადა. ვიქტორ ოსიმენმა მის მიერ მოპოვებული პენალტი გაიტანა. ამას გარდა, ხვიჩა ხშირად ქმნიდა შეტევისას რიცხობრივ უპირატესობას. მეტი რაღა უნდა მოსთხოვოთ? მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი უნარები".

მკითხველის კომენტარები / 12 /
როგორ მინდა ჩემ ქვეყანაშიც მოვესწრო ასეთ საფეხბურთო ზეიმს,სასწაული იყო დღეს ნეაპოლში!!
მარი
02:25 08-05-2023
2
ქართველებო!!ხედავთ იტალიელებს როგორ უყვართ საკუთარი ქვეყანა,ქალაქი და საკუთარი კლუბი?! როგორი ამაყები არიან, აი ეს არის პატრიოტიზმი!!!!!!
საქართველო უპირველესად
02:42 08-05-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული