უკვე დიდი ხანია, ამსტერდამული
"აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის/თასის ოთხგზის გამარჯვებულია. 70-იანი წლების დასაწყისში გუნდმა ეს ზედიზედ სამჯერ მოახერხა. ამსტერდამელებს უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე ყოველთვის საინტერესო გუნდი ჰყავდათ, ბოლო წლებში კი ასე არაა. წინა სეზონში ნიდერლანდელები ჯგუფში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" იყვნენ, "კვარამ" ტურნირზე სადებიუტო გოლი სწორედ მათ გაუტანა, ორ მატჩში კი 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი ჰქონდა.
"აიაქსისა" და ლეგენდარული ვან დერ სარის კარში არჩილ არველაძესაც გაუტანია. ისინი ვაკო ყაზაიშვილმაც დაამწუხრა. ამსტერდამული გუნდის მაისურით ძალიან მაგარი გამტანი ქართველი, შოთა არველაძე თამაშობდა. წმინდა სტატისტიკის მიღმა, შოთას მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლები გაჰქონდა - თუნდაც უეფას თასზე, ბირჰოფის "უდინეზესთან". არველაძეს "აიაქსის" მაისურით "ბარსელონას" კარიც აქვს აღებული, 1999 წელს, ამხანაგურ მატჩში (2:2). როცა "ალკმაარში" გამოდიოდა, შოთამ "აიაქსს" თავად გაუტანა. ამასობაში, აქ ძალიან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს - გიორგი ქინქლაძე ამბობდა, რომ ამსტერდამში ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდა და ის მისთვის მხოლოდ სამსახური იყო. გიორგის აქაური კარიერა ძალიან ცუდად განვითარდა, საბოლოოდ ის ჯერ დასაჯეს, შემდეგ კი "დერბიში" გადავიდა...
"აიაქსმა" ცოტა ხნის წინათ კუდუსი პრემიერლიგაში გაუშვა, მანამდე ტადიჩი თურქეთში გადაბარგდა და მიქაუტაძეს ყველა შანსი აქვს, სასტარტოში ადგილი დაიმკვიდროს. შეტევაში ახლა მთავარი კაცი ბრაიან ბრობია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. გუნდს წინა ხაზზე ორი სხვა დანამატი ჰყავს - 19 წლის კარლოს ბორხესი "მანჩესტერ სიტიში" იყო, 27 წლის ჩუბა აკპომი კი გასულ სეზონში ჩემპიონშიპის ბომბარდირი გახდა.
სამწუხაროდ, გიორგი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, ამსტერდამელები აქ არ არიან, ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე გამოსვლა კი, ფაქტობრივად, განაღდებული აქვთ, "ლუდოგირეცი" პირველ მატჩში სტუმრად დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხეს. კუდუსმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და უკვე "ვესტ ჰემის" რიგებშია.
"აიაქსს" 2 ტურის შემდეგ ჩემპიონატში 4 ქულა აქვს, 3 სექტემბერს "სიტარდს" ესტუმრება, შემდეგ კი სანაკრებო პაუზაა. მიქაუტაძემ სვლა არ უნდა შეაჩეროს, ის კარგ ფორმაშია, ბევრი გააქვს და ბომბარდირობის გემოც გასინჯული აქვს!..
მიქაუტაძე ამსტერდამშია - კლუბები ტრანსფერის ფასს ათანხმებენ
მიქაუტაძე ამსტერდამში მიფრინავს და მალე "აიაქსის" ფეხბურთელი გახდება
დიდება საქართველოს!