მიქაუტაძის ამსტერდამული პერსპექტივები - აქ შოთას გაჰქონდა, ქინქლაძე კი დასაჯეს და ფეხბურთი სიამოვენებას აღარ ანიჭებდა...

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 1-ის დაწყებისთანავე კარგად გამოჩნდა, რომ გიორგი მიქაუტაძის დღევანდელი დონე მისი გუნდის, "მეცის" ამბიციებს აღემატებოდა და გუნდის გამოცვლა მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე ლოგიკური იქნებოდა. ქართველმა ფორვარდმა ორი გაიტანა, ერთი საგოლე პასი შეასრულა, თავის გუნდს 4 ქულა შესძინა და ეს იმ დროს, როცა მასთან ბურთი იშვიათად მიდიოდა, თანაგუნდელებს ამის გაკეთება უჭირდათ. იწერებოდა არაერთი ჩემპიონატის კლუბზე. ზოგს მისი სატრანსფერო ფასი, 20 მილიონი ევრო აფერხებდა. საბოლოოდ ვიგებთ (ჯერ გაოფიციალურებას ველოდებით), რომ "ჟორჟი" ამსტერდამის "აიაქსში" ითამაშებს (სატრანსფერო თანხა 17+3 მილიონი).

Sportall.Ge

უკვე დიდი ხანია, ამსტერდამული
გუნდი თავს იმკვიდრებს, როგორც საკუთარი ფეხბურთელების გრანდებში გამსხვისებელი და ამ გზით გუნდი სერიოზულ ფინანსურ მოგებას ნახულობს. ცოტა ადრე აქედან ლუის სუარესი "ლივერპულში" გადავიდა, ბოლო წლების ტრანსფერებით კი დე ლიხტი "იუვენტუსს", მეკარე ონანა "ინტერს", ენტონი და მარტინესი "მანჩესტერ იუნაიტედს", გრავენბერხი, ბლინდი და მაზრაუი მიუნხენის "ბაიერნს", ალე კი დორტმუნდის "ბორუსიას" დაუკავშირდა. მიქაუტაძის სატრანსფერო ფასი ყოველდღიურად მზარდია. თუკი მას აქამდე ბელგიისა და საფრანგეთის მეორე ლიგებში გაჰქონდა, ახლა თავს უფრო მაღალ დონეზე იჩენს. ნიდერლანდებში იმდენი გოლი არ გადის, როგორც ადრე, თუმცა ქართველ "ცხრიანს" აქ მეტი შანსი ექნება და ბომბარდირობაზეც თავისუფლად იფიქრებს. ამის შემდეგ დიდი შანსია იმისა, მომავალ ზაფხულს ამსტერდამელებმა ევროპულ გრანდში კიდევ ერთი ფეხბურთელი გაუშვან, თავად კი ფინანსური ხეირი ნახონ.

"აიაქსი" ჩემპიონთა ლიგის/თასის ოთხგზის გამარჯვებულია. 70-იანი წლების დასაწყისში გუნდმა ეს ზედიზედ სამჯერ მოახერხა. ამსტერდამელებს უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე ყოველთვის საინტერესო გუნდი ჰყავდათ, ბოლო წლებში კი ასე არაა. წინა სეზონში ნიდერლანდელები ჯგუფში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" იყვნენ, "კვარამ" ტურნირზე სადებიუტო გოლი სწორედ მათ გაუტანა, ორ მატჩში კი 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი ჰქონდა.

Sportall.Ge

"აიაქსისა" და ლეგენდარული ვან დერ სარის კარში არჩილ არველაძესაც გაუტანია. ისინი ვაკო ყაზაიშვილმაც დაამწუხრა. ამსტერდამული გუნდის მაისურით ძალიან მაგარი გამტანი ქართველი, შოთა არველაძე თამაშობდა. წმინდა სტატისტიკის მიღმა, შოთას მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლები გაჰქონდა - თუნდაც უეფას თასზე, ბირჰოფის "უდინეზესთან". არველაძეს "აიაქსის" მაისურით "ბარსელონას" კარიც აქვს აღებული, 1999 წელს, ამხანაგურ მატჩში (2:2). როცა "ალკმაარში" გამოდიოდა, შოთამ "აიაქსს" თავად გაუტანა. ამასობაში, აქ ძალიან ცუდი მოგონებები გვაკავშირებს - გიორგი ქინქლაძე ამბობდა, რომ ამსტერდამში ფეხბურთის თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ იღებდა და ის მისთვის მხოლოდ სამსახური იყო. გიორგის აქაური კარიერა ძალიან ცუდად განვითარდა, საბოლოოდ ის ჯერ დასაჯეს, შემდეგ კი "დერბიში" გადავიდა...

Sportall.Ge

"აიაქსმა" ცოტა ხნის წინათ კუდუსი პრემიერლიგაში გაუშვა, მანამდე ტადიჩი თურქეთში გადაბარგდა და მიქაუტაძეს ყველა შანსი აქვს, სასტარტოში ადგილი დაიმკვიდროს. შეტევაში ახლა მთავარი კაცი ბრაიან ბრობია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. გუნდს წინა ხაზზე ორი სხვა დანამატი ჰყავს - 19 წლის კარლოს ბორხესი "მანჩესტერ სიტიში" იყო, 27 წლის ჩუბა აკპომი კი გასულ სეზონში ჩემპიონშიპის ბომბარდირი გახდა.

სამწუხაროდ, გიორგი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, ამსტერდამელები აქ არ არიან, ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე გამოსვლა კი, ფაქტობრივად, განაღდებული აქვთ, "ლუდოგირეცი" პირველ მატჩში სტუმრად დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხეს. კუდუსმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და უკვე "ვესტ ჰემის" რიგებშია.

"აიაქსს" 2 ტურის შემდეგ ჩემპიონატში 4 ქულა აქვს, 3 სექტემბერს "სიტარდს" ესტუმრება, შემდეგ კი სანაკრებო პაუზაა. მიქაუტაძემ სვლა არ უნდა შეაჩეროს, ის კარგ ფორმაშია, ბევრი გააქვს და ბომბარდირობის გემოც გასინჯული აქვს!..

altმიქაუტაძე ამსტერდამშია - კლუბები ტრანსფერის ფასს ათანხმებენ

altმიქაუტაძე ამსტერდამში მიფრინავს და მალე "აიაქსის" ფეხბურთელი გახდება

მკითხველის კომენტარები / 20 /
ქინქლაძის ნიჭის დაკარგვა თავისი არაპროფესიონალური რეჟიმის ბრალია და არა აიაქსის
2
სიტარდთან ჰეთრიკით დაიწებს მიქაუტაძე ბომბარდირობისკენ სვლას
დონ დიეგო
12:43 29-08-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული