ეს რაღაც ფანტასტიკა გახლდათ - ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობის კერპი გუნდის, „რეალის“ წინააღმდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“.
სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ, როდესაც კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი დი ლორენცომ სიმეონეს მიაწოდა და მან ლუნინის კარი დალაშქრა. თუმცა როდრიგომ მალე ანგარიში გაათანაბრა, ბელინგემმა კი მადრიდელები წინ გაიყვანა. მარცხენა მცველების, ოლივეირას და მარიო რუის არყოფნაში ხვიჩას ჟუან ჟეზუსი სათანადო დახმარებას ვერ უწევდა. ქართველი მაინც გაექცა მცველებს, კარშიც დაარტყა, მაგრამ ბურთს ალაბა გადაეღობა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.
შესვენების მერე მწვრთნელმა მაცარიმ სიმეონე ოსიმენით შეცვალა, ხოლო ანგისამ თანაფარდობა აღადგინა. ცოტა ხანში ნეაპოლელებს შანსი მიეცათ - ხვიჩამ სწრაფი კონტრშეტევისას პასი კარის წინ ნიგერიელს გაუკეთა, რომელსაც ბურთი ვალვერდემ ჩაუჭრა. თამაში კიდევ უფრო სანახობრივი გახდა, ორმხრივი იერიშებით მიმდინარეობდა, შანსი „კვარამ“ ვერ გამოიყენა, შეცვლაზე შესულმა ხოსელუმაც. ტრავმირებული ზელინსკის ნაცვლად მოედანზე ელმასი შევიდა, „ნაპოლი“ ინიციატივას დაეუფლა, ოსიმენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. თუმცა მალე მადრიდელები ისევ გააქტიურდნენ, მეკარე მერეტმა გატანა რიუდიგერს და ბელინგემს არ დაანება, 19 წლის პასის შორიდან გასროლილს კი ვერ გაუმკლავდა. კომპენსირებულ დროში ხოსელუმაც დაამწუხრა და "ნაპოლიმ" მარცხი განიცადა.
პარალელური შეხვედრა "ბრაგასა" და "უნიონს" შორის 1:1 დასრულდა. „ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა, "ბრაგას" 3 ქულით უსწრებს და 13 დეკემბერს, ბოლო ტურში, პორტუგალიურ გუნდს უმასპინძლებს - "ნაპოლის" პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც აძლევს ხელს, "ბრაგას" კი ორბურთიანი სხვაობით მოგება.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ნაპოლი 4:2
გოლები: 0:1 სიმეონე (90), 1:1 როდრიგო (11), 2:1 ბელინგემი (22), 2:2 ანგისა (47), 3:2 პასი (84), 4:2 ხოსელუ (90+4)
სხვა ყველაფერს თავი რო დავანებოთ 35 წლის კარვახალზე მეტი უნდა ირბინო და ხელები არ უნდა შალო სადაც არაა საჭირო, მაგ ხელების შლის გულისთვის ვთამაშობთ ლუქსემბირგთან კვარას გარეშე.