სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „მილანთან“ 0:1 დამარცხდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელმა მაცარიმ 3-5-1-1 ტაქტიკა აირჩია და კვარაცხელია, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს (23 წლის გახდა), მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე დააყენა. ხვიჩა დებიუტში გაბიას გაექცა, პასი სიმეონეს გაუკეთა, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია. „ნაპოლი“ უკეთ გამოიყურებოდა, მშვიდად და თვითდაჯერებულად მოქმედებდა. გუნდები ფრთხილობდნენ, ტემპი მაღალი არ იყო და მასპინძლებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ლეაომ ერნანდესი მეკარე გოლინისთან პირისპირ გაიყვანა და თეომ გაიტანა. 45-ე წუთზე "კვარა" ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, ბურთი კარის წინ ჩააწოდა, მცველმა მოიგერია და პირველი ტაიმი დასრულდა.
ნეაპოლურ გუნდში, ქართველის გარდა, ვერავინ ამწვავებდა თამაშს. მაცარიმ ესტეგორი პოლიტანოთი შეცვალა, კვარაცხელია კი მარცხენა ფრთაზე დაბრუნდა. მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის საშუალება მიეცათ, თუმცა საკუთარი გუნდი გოლინიმ გადაარჩინა. შემდეგ მცველს ბურთი სიმეონემ აართვა, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა და მის ნაცვლად მოედანზე რასპადორი შევიდა. „ნაპოლიმ“ შეუტია, კვარაცხელია კიაერს გაექცა, რომელიც ბოლო მომენტში ფლორენციმ დააზღვია. ცოტა ხანში პოლიტანომ ოდნავ არაზუსტად დაარტყა, „კვარას“ შორიდან დარტყმულს მეკარე მანიუ დაეუფლა, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას ლეაომ ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. თამაში აშკარად გახალისდა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ლინდსტრიომის ჩაწოდებული ბურთი მცველისგან ძელს მოხვდა და „მილანმა“ 2014 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად სძლია საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“.
„ნაპოლი“ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა და 17 თებერვალს „ჯენოას“ უმასპინძლებს.
მილანი. „სან სირო“
მილანი - ნაპოლი 1:0
გოლი: ერნანდესი (25)
ყოჩაღ სპალეტი ამ საშუალო დონის ფეხბურთელებისგან გუნდური თამაში რომ ააწყო და შეუძლებელი გააკეთებინა.თუმცა,კვარა და ოსიმენი რომ არა,გამორიცხული იყო სკუდეტოს აღება.
ეს გუნდი საშუალო დონეზე მაღლა ვერ ავა და ხვიჩა სასწრაფოდ უნდა გაეცალოს,თუ უნდა ვარსკვლავების დონეზე იყოს.