ქართველ გულშემატკივრებს "ნაპოლიზე" გული ცოტათი აცრუებული აქვთ და ამის მიზეზი ისაა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახლო მომავალში ამ გუნდში ვეღარ წარმოუდგენიათ. ყველაფერი ასე მარტივად არაა და ტრანსფერზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს. ასე რომ, "კვარასა" და მის გუნდს ძველებურად უნდა დავაკვირდეთ, ორი წელია ხომ მათზე თითოეული დეტალი გვაინტერესებს.
კვარაცხელიას მშვენივრად
"ფროზინონესთან" კვარაცხელიას თამაში ასე შეიძლება "ვთარგმნოთ" - შეტევაში ყველაფერს გავაკეთებ, თამაშის მოსაგებად გვეყოფა თუ არა, ეგ არ ვიციო. შესაძლოა, მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთნაირი ინტენსივობით არა, მაგრამ ქართველი გარემარბი დაცვაშიც აქტიურობდა და ერთ ეპიზოდში ისეთი ართმევა შემოგვთავაზა, ბევრი მცველი რომ ინატრებდა. ნეაპოლელები ახლა ცოტა უკეთ იყენებდნენ ხვიჩაზე გაძლიერებულ ყურადღებას. ზოგჯერ იქნებ გვაღიზიანებს, რომ ჩვენებურს თანაგუნდელები "არ იმჩნევენ", ამ ფიქრისთვის ობიექტური მიზეზებიც გვაქვს კიდეც, მაგრამ მატეო პოლიტანომ მეტოქეების საპირისპირო ფლანგზე "გადართვა" კვლავ მშენივრად გამოიყენა.
77-ე ნომერს ევროტურნირებზე მომავალ წელსაც თამაში ძალიან სურს და მის კარიერას სჭირდება. ამისთვის მან როგორც სტატისტიკურად, ასევე სხვა ასპექტებით ყველაფერი სცადა, მაგრამ მაინც ისე ჩანს, მოქმედმა ჩემპიონმა ეს სეზონი "ვერ გადაარჩინა". კვარაცხელიას კვლავ საუკეთესო შეფასებები ჰქონდა. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ დისკვალიფიკაციების შემდეგ მსაჯებთან ურთიერთობაში გამოსწორებულია, გუნდურადაც იზრდება და კარგად ჩანს, საკუთარ თავზე როგორ მუშაობს...
სეზონის ბოლომდე და ევროპის ჩემპიონატზე გადართვამდე 6 მატჩია, მათ შორის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე კი "რომაა". 10 გოლი, 6 შედეგიანი პასი - "კვარას" მონაპოვარი მშვენიერია!..
კვარაცხელიას საგოლე პასი - დეფექტური დაცვის მქონე "ნაპოლი" "ფროზინონესთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]