კვარაცხელიასა და ნერესის დილემა თუ დე ლაურენტისის ოინბაზობა?

AutoSharing Option
„ნაპოლისთან“ ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რადგან მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ, სურთ გუნდში დავიდ ნერესის პოზიციები ხელოვნურად გააძლიერონ და ამ პროცესს კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მიზანმიმართულად წარმართავს. ასე ექცევა „ნაპოლის“ მფლობელი 10 მილიონ ევროდ შეძენილ ფეხბურთელს, რომლის დიდი დამსახურებით სკუდეტო მოიპოვეს და რომელიც ზაფხულში პსჟ-ს 110 მილიონად არ მიჰყიდა, ახლა კი ხელშეკრულების განახლების სანაცვლოდ მოთხოვნილი 8-მილიონიანი გასამრჯელოს გადახდაზეა უარს და 6 მილიონს სთავაზობს. ანუ მთელი ეს ამბავი 2 მილიონის გამოა ატეხილი თუ ულტიმატუმია? ზოგი
ჭირი მარგებელია და შესაძლოა, ეს ყველაფერი კვარაცხელიას საბოლოოდ წაადგეს კიდეც.

აი, რას ამბობენ აღნიშნულ საკითხზე იტალიელი ჟურნალისტები.

კარლო ალვინო: „ქართველზე დარხეული ხმები უნდა დასრულდეს. მოდით, სიტუაციის დაძაბვას თავი დავანებოთ. ვტირი თუ არა, როდესაც ხვიჩასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე ამბებს ვკითხულობ? ევროპის ჩემპიონატისას ფეხბურთელსა და დე ლაურენტისს შორის შეხვედრა ფუნდამენტური იყო. ინიციატორი კონტე გახლდათ, რომელსაც უნდოდა ჭორები მოესპო. მაშინ საუბრობდნენ დი ლორენცოს „იუვენტუსში“ და კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლაზე. გერმანიაში შეხვედრა თბილ გარემოში ჩატარდა. მხარეები ვერ თანხმდებიან, მაგრამ განსხვავება შეთავაზებულ და მოთხოვნილ ანაზღაურებას შორის დიდი არ არის, არცერთი არ ჩქარობს და საღი აზრი გაიმარჯვებს“.

ალესანდრო დ’არია: „ვთვლი, რომ კონტეს ნერესის საკითხისადმი მიდგომა უმნიშვნელოვანესია და კვარაცხელიას მიმართ დამოკიდებულება დავინახე. მან ნერესი ქართველთან კონკურენციაში დააყენა და არა პოლიტანოსთან, რომელიც თავის გამოჩენას ძალიან ცდილობს. მწვრთნელმა ყველას აგრძნობინა, რომ კი არ უნდა ფეხბურთელებს ტკივილი მიაყენოს, არამედ მათი სტიმულირების სურვილი აქვს. დარწმუნებული ვარ, „ემპოლისთან“ „კვარა“ ძირითად შემადგენლობაში იქნება და ვნახოთ, როგორ ითამაშებს. თუმცა, ანტონიომ ქართველს აგრძნობინა, რომ ნერესის სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავს“.

ენრიკო ფედელე: „ნერესი კვარაცხელიას მაგივრად? ადრე ის პოლიტანოს ალტერნატივად ითვლებოდა. ეს სწორი არ არის, რადგან ბრაზილიელს ზედმეტად უყვარს შეტევაში მოქმედება, ხოლო პოლიტანო ბალანსს შესანიშნავად ქმნის. საუკეთესო შანსი ნერესმა ხვიჩას ფლანგზე მიიღო. მაგრად გარბის წინ და მცველებისთვის რთული შესაჩერებელია. თუმცა, აქ ერთი ასპექტია - მაკტომინეი, ლუკაკუ და თვით დი ლორენცო იერიშებისას წინ მიიწევენ, შოტლანდიელის უკან ცარიელი სივრცე წარმოიშვება, რომელიც ხვიჩამ უნდა შეავსოს და თუ ის სათადარიგოთა სკამზე იქნება, ამას ვინ გააკეთებს?“.

იტალო კუჩი: „კვარაცხელია სერია А-ში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ ბოლო მატჩებში საკუთარი პოტენციალი სრულად ვერ წარმოაჩინა. ვიდრე „ნაპოლიში“ გადავიდოდა, მისით რამდენიმე კლუბი და მათ შორის ჩემი საყვარელი „ბოლონია“ იყო დაინტერესებული და დღემდე ვტირი, რომ ეს ტრანსფერი ვერ განახორციელეს“.

ფრანჩესკო მაროლდა: „ნეაპოლურ კლუბში გამუდმებით დგას ხვიჩასთან ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი. მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ. 6 მილიონს სთავაზობენ, რაც ძალიან ნორმალურია, თუ სხვა კლუბები მზად არიან მეტი გადაუხადონ, სხვა საკითხია. ნერესის ფაქტორი? ჩემი აზრით, ეს „კვრასადმი“ კლუბის კონტრაქტთან დაკავშირებით გზავნილია. შეტყობინებაა, რომ თუ არ დათანხმდება, მისი მზა ალტერნატივა გააჩნიათ, რათა არ განმეორდეს ოსიმენის ისტორია“.

ანტონიო ჯორდანო: „ზოგიერთი გულშემატკივრის აზრით, კვარაცხელია ვარსკვლავი არ არის? მე მათ არ ვეთანხმები. ქართველის ნიჭი ეჭვს არასოდეს იწვევდა. შესანიშნავია - პირველივე სეზონში 14 გოლი გაიტანა, გუნდისთვის საშინელ მეორეში 11, აგრეთვე 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და ახლაც კარგად თამაშობს. მისდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ვინაიდან გამორჩეულ ტალანტზე ვსაუბრობთ, რომელსაც კიდევ უფრო შეუძლია გაუმჯობესდეს. ის ჩემი მთავარი გმირია, ჩემი „სისუსტეა“, არ ვიცი, დარჩება თუ არა, მაგრამ დღე, როცა ნეაპოლს დატოვებს, ყველა ჩვენთაგანისთვის სამწუხარო იქნება. კონტეს ხელმძღვანელობით გუნდი ჩემპიონობისათვის იბრძოლებს და ძნელი სათქმელია, მიაღწევს თუ არა მიზანს, თუმცა სკუდეტოა მოსაპოვებელი და პირადად მე „კვარას“ კრიტიკისაგან თავს შევიკავებდი“.

TuttoMercatoWeb-ი წერს, რომ მოლაპრაკებები ერთ წელზე მეტია უშედეგოდ მიმდინარეობს, თუ ნეაპოლურმა კლუბმა ქართველის თანამშრომლობის გაგრძელებაზე დაყოლიება ვერ შეძლო, თვით კონტეს თანხმობით მისი ზაფხულში ტრანსფერზე დაყენება მოუწევს, ხოლო ღირებულება ფეხბურთელის მაღალი კლასის გათვალისწინებით 100 მილიონზე ნაკლები არ იქნება, რამდენსაც ზაფხულში პსჟ იხდიდა და დე ლაურენტისი ამის ნახევარ ფასად მის შემცვლელს იყიდის.

SKY Sport-ი ცნობით, კვარაცხელია „ემპოლისთან“ სასტარტოში იქნება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
გიძვერა,წუწურაქი ლაურენტისი.ყველანაირად ცდილობს აჩვენოს ფეხბურთელებს,რომ მას უნდა დაჰყვნენ,თორემ პრობლემები შეექნებათ.ეს მისი შანტაჟია,რომ დაიყოლიოს კვარა თავის პირობებზე.წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიბრზე უდგება,როგორც ოსიმენს გაუკეთა და უფუჭებს ყველა გეგმებს.ნებისმიერ ფასად უნდა დააღწიოს ხვიჩამ თავი ამ კაცის კლაანჭებს.
მირო
02:34 19-10-2024
1
"თუმცა ხვიჩა გუნდში ანაზღაურებით 25 ფეხბურთელს შორის ოცეულს მიღმაა" - ხვიჩას დიდი და აბდაუბდა კრიტიკის შემდეგ წერს ერთერთი იტალიელი ჟურნალისტი, შე დალოცვილო კაცი მუქთად ჩაიგდეთ ხელში და მესამე წელია უხელფასოდ ათამაშებთ, თან ეხლაც არ გინდათ ღორსეული ხელფასი გადაუხადოთ, არც სხვაგან უშვებთ, ვერ ვიგებ რა გინდათ ამ ბიჭისგან, თქვენ უხელფასოდ მუშაობთ ვინმე? აგენტმა უნდა გასაგებად უთხრას რომ, რამდენსაც გადაუხდით იმ დონეზე ითამაშებს, სულ ფეხებში ურტყამენ და რომ დაამტვრიონ მერე დე ლაურენტისი ითამაშებს მაგის მაგივრად? მე მგონი მაგათ მაგის ეშინიათ რომ მალე დაამთავრებენ და ხელფასის მომატება აღარ მოუწევთ!!!
გელა ხმიადაშვილი
11:22 19-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული