პსჟ-მა და "ნაპოლიმ" ხვიჩას გარეშე მოიგეს - რა ვნახეთ ახალ და ძველ გუნდში და სად ითამაშებს "კვარა"?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს წევრი გახდა, ამ გუნდის მატჩს ამის შემდეგ პირველად ვუყურეთ და ინტერესი განსაკუთრებული იყო. პარიზული კლუბი უკვე ახლო ხედით ვნახეთ და ის კონტურებიც გამოვკვეთეთ, "კვარას" რა შეიძლება დაევალოს და რომელ პოზიციაზე ვიხილოთ. ამავდროულად, ჩვენებური "ნაპოლიდან" ახლახან წამოვიდა და ამ გუნდის შეხვედრების მიმართ ინტერესი ერთბაშად არსად გაქრებოდა, თანაც წმინდა საფეხბურთო კუთხითაც საინტერესო იყო, მთავარი მწვრთნელი კონტე რას შემოგვთავაზებდა.

პსჟ

აქამდე პარიზელთა თამაშში მარჯვენა ფლანგსა და ჰაკიმი-დემბელეს დუეტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, "ლანსთან" დაპირისპირებას კი ორივე ეს ფეხბურთელი
ტოვებდა. ლუის ენრიკემ ამის დაბალანსება ტაქტიკური სქემით სცადა და 3 მცველით ითამაშა. უკანა ხაზში ბერალდო, პაჩო და ლუკას ერნანდესი იყვნენ, რომელიც ტრავმის შემდეგ იდეალურ ფორმაში ნამდვილად არაა და განცდა რჩება, ფრანგმა საუკეთესო წლები "ატლეტიკოსა" და "ბაიერნში" უკან მოიტოვა. როცა მარკინიოსი დაბრუნდება, ის ადგილს სასტარტოშიც დაიბრუნებს, მასთან წყვილში თამაშის ყველაზე დიდი შანსი კი ეკვადორელ პაჩოს აქვს.

Sportall.Ge

პარიზელთა მოწინააღმდეგეებმა თამაში აქტიური, მაღალი პრესინგით დაიწყეს და თავდაპირველად ენრიკეს გუნდს ბურთის დაცვიდან ამოტანა და მატჩის კონტროლი უჭირდა. შემდეგ პსჟ-მა ამას მიაღწია და სრულ უპირატესობას დაეუფლა. ტაიმის დასკვნითი ნაწილი "ლანსის" იყო და მ'ბალა ნზოლამ, წინა წლებში სერია "ა"-ში რომ გვახსოვს, მეორე ცდაზე გაიტანა. მასპინძელთა 32 წლის ბელგიელი დამრიგებელი სტილი, რომელიც თვითნასწავლ სპეციალიტად მიიჩნევა, თამაშს ეპიზოდებად კარგად ჰყოფა და პარიზელთა უპირატეაობების განეიტრალებაზე ფიქრობდა.

კვარაცხელიას გუნდის ნახევარდაცვაში კანგ-ინი ლის თამაშს გამოვარჩევთ. სამხრეთკორეელი უბრალოდ ყველგანაა, ძალიან ბევრს მოძრაობს, დაუღალავია, დაცვასაც ეხმარება, ფლანგზეც შენიშნავთ და პერიოდულად ფორვარდის ფუნქციებსაც ითავსებს. ასე ჩანს, პსჟ ამ ბიჭის გარეშე წარმოუდგენელია.

ისე კი, ლუის ენრიკეს ტაქტიკაში ზოგჯერ ყველაზე წინ მარცხენაფლანგელი ნუნუ მენდეშიც კი ვნახეთ. როცა გამოკვეთილი თავდამსხმელის გარეშე გამოდის, ესპანელი მწვრთნელი ცდილობს, შემტევებმა ადგილები გაცვალონ, მაგრამ ისიც გამოჩნდა, ვინ რომელ პოზიციაზეა უკეთესი. ყველაზე აქტუალური ახლა მარცხენა გარემარბისა და ხვიჩას საკითხია. დემბელეს არყოფნაში ბარკოლა პირველ ტაიმში მარჯვნიდან უტევდა, მაგრამ მეორეში აშკარად გამოჩნდა, მარცხენა ფლანგიდან უკეთ რომ მოქმედებს და მარჯვენა ფეხით მშვენიერი გოლიც გაიტანა. ყველაზე დიდი ალბათობა მაინც იმისაა, კვარაცხელიამა და ბარკოლამ პოზიციები გაცვალონ - ერთი როცა შეტევაში ყველაზე წინ იქნება, მეორემ ფლანგიდან იაქტიუროს.  "კვარას" თავისუფლება შეზღუდული თუ არ აქვს, ის პროდუქტიულია, არაერთხელ მარჯვნივ გადმოსულიც გვინახავს, ნაკრებში კი ფორვარდის პოზიციაზეა, მაგრამ ენრიკეს დავალებასთან მოსარგებად მას გარკვეული დრო დასჭირდება. რაც "ლანსთან" დავინახეთ, პორტუგალიელი ფორვარდის, რამოშის შემოსვლის შემდეგ, პარიზელებმა უფრო სახიფათოდ შეუტიეს, გონსალო კარგად ახერხებდა, ყურადღება მიექცია, ემოძრავა და ამით გუნდს ფლანგებიდან მეტი გზა გახსნოდა. ასევე, რა თქმა უნდა, საჯარიმოში ტემპერატურამ "მოიმატა", გამოკვეთილ თავდამსხმელს თავისი უპირატესობები გააჩნია, 19 წლის დუეს კი სხვა დადებითი მხარეები აქვს.

Sportall.Ge

ჩვენ ლი შევაქეთ, ისე კი პსჟ-ს შუახაზში ამის ღირსი სხვებიც არიან. მაგალითად, 20 წლის პორტუგალიელი ჟოაო ნევეში, ცოტა დროში მაგარი საგოლე პასის გაკეთება რომ მოასწრო. მისი შემოსვლის შემდეგ ემერიმ სქემაც შეცვალა. რაც შეეხება 18 წლის უორენ ზაირე-ემერის(მე-100 მატჩი გუნდში), რომელსაც პერსპექტივები და სატრანსფერო ფასი ნამდვილად არ დაეწუნება, მან მეორე ტაიმში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია შემოგვთავაზა, ბურთი ნახევარდაცვასა და შეტევას შორის სწრაფად დააკავშირა, სასიამოვნოდ თამაშობს.

ყოფილი "ნაპოლელის", ფაბიან რუიზის შესაძლებლობები ესპანეთის ნაკრებიდანაც კარგად ვიცით, ვიტინიას კი უფრო "შავი სამუშაოს" შესრულება ევალება.

სამწუხაროა, რომ ერთ დროს მადრიდის "რეალში" გამორჩეული, 28 წლის ასენსიო, ღრმა თადარიგის ფეხბურთელია. როგორც ჩანს, ის არც გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს.

საბოლოოდ, პსჟ ერთ დროს ვარსკვლავებზე "ამდევნებელ" კლუბად თუ მიიჩნეოდა, ახლა აქ ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელთაც კარიერის გაგრძელება შემდეგ სხვაგან წარმოუდგენიათ. ასეთია ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც თქვა, რომ მისი მიზანი კლუბისას ემთხვევა და რა თქმა უნდა, ეს ჩემპიონთა ლიგის მოგებას გულისხმობს!..

Sportall.Ge

ნაპოლი

ჩვენ ანტონიო კონტეს ტაქტიკური სქემა თუ წარმატებისკენ მისასვლელი გზები გაგვიწუნებია, მაგრამ მის უნარებს, შეკრული და საჩემპიონო გუნდი შექმნას მაშინაც, როცა ამას არავინ ელის, სულ ვაღიარებთ. ამ გზაზე ზოგჯერ მას ინდივიდუალისტები იქნებ სულაც არ ხიბლავს, ვისაც საკუთარ თარგზე კარგად ვერ მოჭრის.

ნეაპოლელებმა პირველ წრეში "ატალანტასთან" მწარედ წააგეს, ახლა გუნდიდან ლიდერი კვარაცხელია წავიდა და ამ ფაქტორებით კონტემ გუნდი კარგად რომ დამუხტა, მატჩის შემდეგი პრესკონფერენციიდანაც იგრძნობოდა - "გუნდი გაიზარდა. სატრანსფერო ბაზრის სიტუაციებთან გამკლავებაც გვიწევა, რომელსაც ხარის მოკვლაც შეუძლია, მაგრამ ფეხზე მყარად ვდგავართ. მადლობა ბიჭებს, როცა ბაზაზე მივდივარ ბედნიერი ვარ."

როცა კვარაცხელია "ნაპოლიში" თამაშობდა, რამდენიმე შეხვედრაში მაშინაც შეგვინიშნავს ის გარემოება, როცა ჩვენებური მინდორზე არ იყო, მოწინააღმდეგეები შეტევისთვის უფრო იცლიდნენ, რითაც გუნდს კონტრშეტევებზე შედეგებს იღებდა. "ატალანტასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, პოლიტანოს გოლი რომ განვიხილოთ, ამ ზონაში "კვარას" ირგვლივ იმდენი მოწინააღმდეგე ტრიალებდა, შეუძლებელი იყო, ამხელა სივრცე ეპოვნა. ნერეშსაც ჯერ არ დაუმსახურებია, რამდენიმე მეურვე ჰყავდეს.

ჯაკომო რასპადორის ნათქვამი, გამარჯვების ვიდეო "კვარას" გავუგზავნოთო, ძალიან ცუდი კონტექსტით მივიღეთ - ხვიჩა სხვისი წარმატება არ ეწყინება, მითუმეტეს, ამაში საკუთარი დიდი წვლილი აქვს შეტანილი...

ნეაპოლელებს გაუჭირდებათ ჩემპიონობისთვის ბრძოლა, მათი მთავარი მოწინააღმდეგე კი მაინც "ინტერი" იქნება!..

altდღეს პსჟ-ც თამაშობს და "ნაპოლიც" - ხვიჩასთან დამშვიდობება და მისალმება - აქამდე წარმოუდგენელი სატრანსფერო თანხა!..

altკვარაცხელიას მთავარი მატჩები პსჟ-სთან ერთად, სავარაუდო შემადგენლობა და ხვიჩას ფორვარდობა - წინ, ახალი გამოწვევებისკენ!..

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვერაფერი კარგი, ანუ საჩვენო ვერ ვნახეთ ვერცერთ თამაშში.
ნაპოლიმ მოუგო უშუალო კონკურენტ ატალანტას, ძალიან ძლიერ გუნდს მისსავე მოედანზე, ხვიჩას გარეშე. მის აწ უკვე ყოფილ კონკურენტ ნერეშს ძალიან კარგი თამაში ქონდა. ნაპოლი ხვიჩას გარეშე სერია-ას ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
პსჟ მოიგო ბარკოლას წინამძღოლობით, რომელმაც გოლიც გაიატანა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. იმ ბარკოლასი რომელიც ხვიჩას უმთავრეს კონკურენტად განიხილებოდა.
მოკლედ რაც არ უნდა მწვრთნელების ტაქტიკებით და ა.შ. სოფისტურ მსჯელობობზე დაყრდნობით ვიძახოთ რომ ხვიჩა ორივე გუნდისათვის მთავარი და გადამწყვეტიაო სტატისტიკა და ფაქტები ამ ეტაპზე სხვა რამეზე მეტყველებს.
მოკლედ არ არი ეგრე ჩვენ რომ გვინდა. იმედია ყველაფერი კარგად ექნება ჩვენ ბიჭს და კონტეს ნაპოლის საბოლოოდ ჩაიხევენ ინტერი და ატალანტა, ხოლო ხვიჩა პსჟ ლიდერი გახდება.
წარმატებები ხვიჩას ახლა გუნდში!
1
და რა მერე გახდეს, რა უნდა ვქნათ? ხვიჩამ თავისი შესაძლებლობები პსჟ-ში უნდა აჩვენოს და ნაპოლი რას იზამს რა ჩვენი საქმეა, ნაპოლი ხვიჩამდეც იყო და ხვიჩას მერეც იქნება.
ბადრის
13:28 20-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული