ნიკოლოზ მალი: "ევროპის ჩემპიონატზე მეტის მიღწევა შეგვეძლო"

AutoSharing Option
ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატმა გვიჩვენა, რომ ქართულ ფეხბურთს არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ეზრდება. ერთ-ერთი მათგანია "საბურთალოს" მარჯვენა მცველი ნიკოლოზ მალი.

"საბურთალომ" 18 წლის ფეხბურთელთან ინტევიუ ჩაწერა, რომელსაც ჩვენი საიტის მკითხველსაც ვთავაზობთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელი საუბარს ევროპის ჩემპიონატის შეჯამებით იწყებს:

- საერთო ჯამში ნორმალურად ვითამაშეთ, თუმცა 19 წლამდელების ევროპის ჩემპიონატზე მეტის მიღწევა შეგვეძლო. ვეცდებით მომავალში უკეთ წარმოვაჩინოთ თავი და გავახაროთ გულშემატკივარი.
ძლიერი ნაკრებები იყვნენ თავმოყრილნი, ყველა თამაში რთული იყო. გარკვეული უპირატესობა გვქონდა, რომ საკუთარ კედლებში ვთამაშობდით, მაგრამ...

- როგორ ფიქრობთ, რა იყო მიზეზი
იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა?


- რაღაც დაგვაკლდა. ალბათ, მწვრთნელის მიერ მითითებული დავალალებები მაქსიმალურად ვერ შევასრულეთ. არადა, პროგრამა მინიმუმის შესრულებასთან ახლოს ვიყავით.

- ჯგუფურ ეტაპზე სამი ჩატარებული მატჩიდან, რომელი ნაკრების წინააღმდეგ გაგიჭირდათ თამაში?


- ჩეხეთის ნაკრებთან. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ სასურველ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ჩეხებს კარგად ვყავდით შესწავლილი. გამოვარჩევდი მათ ფორვარდს - სადილეკის. ძალიან მოძრავი და სწრაფი თავდამსხმელი იყო.

- რა შეგძინათ დასრულებულმა ევროპის ჩემპიონატმა?

- პირველ რიგში დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც მომავალში აუცილებლად გამომადგება. სამივე თამაში ვითამაშე ისეთი გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც არიან - პორტუგალია, შვედეთი, ჩეხეთი.
ამავდროულად, გულშემატკივარმა უფრო გამიცნო, უფრო მეტი ინტერესია ჩემს მიმართ. რა თქმა უნდა, ყურადღება სასიამოვნოა.

- ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილმა რა გითხრათ?

- დიახ, გვქონდა საუბარი. ამ ეტაპზე საბურთალოელების თამაშით კმაყოფილი დარჩა და მომავალში წარმატებები გვისურვა.

- წლევანდელ სეზონში ისე მოხდა, რომ "საბურთალოს" ძირითად გუნდში რამდენიმე ოფიციალური მატჩი ჩატარეთ. ელოდით მსგავს სიურპრიზს?

- 18 წლის ფეხბურთელისთვის მართლაც სიურპრიზია მოხვდე "საბურთალოს" პირველ გუნდში. არ ველოდი, თუმცა მომეცა საშუალება და ვფქირობ, საერთო ჯამში ურიგოდ არ მითამაშია.

- როგორი იყო "საბურთალოს" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ეროვნულ ლიგაში?

- მიმდინარე წლის 9 აპრილს "საბურთალო" ზესტაფონს ესტუმრა, სადაც საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდა. ვცდილობდი არ მენერვიულა და არ მეფიქრა, მაგრამ შინაგანად მაინც ვნერვიულობდი. თუმცა, გარკვეული დროის მერე ეს ყველაფერი დამავიწყდა.

- რა გასნხვავებები დაინახეთ რეგიონალურ-ლიგასა, სადაც თამაშობდით "საბურთალო-2-ის შემადგენლობაში, და ეროვნული ლიგის პირველობაზე?

- სათამაშო კლასში ძალიან დიდი განსხვავებაა. ეროვნულ ლიგაში გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, ასევე სხვაობაა სისწრაფეშიც.

- იმისათვის, რომ ძირითად გუნდში დაიმკვიდროთ ადგილი, ბევრი შრომა მოგიწევთ, რადგანაც დიდი კონკურენციაა. მზად ხართ ამისთვის?

- კონკურენცია მართლაც დიდია, მაგრამ ვეცდები ბოლომდე დავიხარჯო და პროგრესი განვაგრძო. ბოლომდე ვბრძოლობ, ვშრომობ და მჯერა მოვა დრო, როდესაც სისტემატურად მომიწევს ძირითად გუნდში თამაში.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული