Marca: დემეტრაძე - სოსიედადის ყველაზე ცუდი ტრანსფერი, რომელმაც ოსასუნა იხსნა

AutoSharing Option
მადრიდული Marca გიორგი დემეტრაძის "სოსიედადში" გადასვლას კლუბის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ყველაზე ცუდ ტრანსფერად მიიჩნევს. ჟურნალისტს გამოცემის საიტის მომხმარებლებიც ეთანხმებიან.

Marca-მ ჩაატარა გამოკითხვა კითხვით: "ვის მიიჩნევთ ბოლო დროის "სოსიედადის" ყველაზე ცუდ ტრანსფერად?" გამოკითხვაში 10 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათმა 34%-მა ხმა გიორგი დემეტრაძეს მისცა. მე-2 ადგილზე, 23%-ით, ისლანდიელი ალფრედ ფინბოგასონია, რომელიც, 2014 წელს, "ჰერენვენიდან" "სოსიედადში" 8 მილიონ ევროდ გადავიდა.

მადრიდული გამოცემის სტატიაში, რომელსაც ჰქვია "დემეტრაძე, 800-მილიონიანი შენაძენი ბარგის გარეშე და მხოლოდ ერთი გოლით", დემეტრაძეზე ვკითხულობთ:

"დემეტრაძე "სოსიედადმა" 800 მილიონ
პესეტად იყიდა. ის სან სებასტიანში ბარგის გარეშე ჩავიდა, რის გამოც, რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი და იგივე ტანსაცმლით დადიოდა. "სოსიედადში" გატარებული 2 სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, დემეტრაძეს ზედმეტი წონა აწუხებდა. ეს 7 იანვარს, "სარაგოსასთან" გამართულ სადებიუტო თამაშში გამოჩნდა, როდესაც ის მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, ხოლო 75-ე წუთზე კვლავ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

ამ თამაშიდან 10 დღის შემდეგ, დემეტრაძემ მარჯვენა ფეხზე მენისკი დაიზიანა. მან 4 თვე გამოტოვა.

ერთ-ერთი იშვიათი თამაში, რომლის დროსაც დემეტრაძე მოედანზე ვიხილეთ, 2000/01 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩი იყო, რომელშიც "სოსიედადი" "ოსასუნას" მასპინძლობდა. სტუმრებმა 1:0 მოიგეს და პრიმერაში ადგილი შეინარჩუნეს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "სოსიედადმა" ძალების სრული მობილიზებით არ ითამაშა. დემეტრაძე მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა და მას გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა. რომ გაეტანა, "ოსასუნა" სეგუნდა დივიზიონში გავარდებოდა.

მომდევნო სეზონში, დემეტრაძემ რამდენიმე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაშიც ჩაატარა. ზედიზედ 3 ტურში უგოლოდ თამაშის გამო, ის მომდევნო შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა. განაცხადს მიღმა დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი გაციებაც იყო. თუმცა, ამ დროს, დემეტრაძე ონდარეტას სანაპიროზე მოსეირნე შენიშნეს. ამის მიუხედავად, მან მომდევნო დღეს, "სევილიას" წინააღმდეგ ითამაშა და "სოსიედადის" მაისურით თავისი ერთადერთი გოლიც გაიტანა.

დეემტრაძე ჯერ მოსკოვის "ლოკომოტივში", შემდეგ კი ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაანათხოვრეს, 2003 წელს კი, მასში გადახდილ 800 მილიონ პესეტაზე გაცილებით იაფად გაყიდეს. მან 14 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, რაც ნიშნავს, რომ მისი ტრანსფერი აშკარად წარუმატებელი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ, დემეტრაძე გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. საქმე სათამაშო ბიზნესს ეხებოდა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს."

ჩვენი მხრივ კი დავამატებთ, რომ გიორგი დემეტრაძე "სოსიედადმა" 5.4 მილიონ ევროდ იყიდა. ქართველმა ფეხბურთელმა "სოსიედადში" პოზიტიური კვალი ვერ დატოვა, მაგრამ ესპანურ ფეხბურთზე მცირე გავლენა მაინც მოახდინა. როგორც Marca აღნიშნავს, დემეტრაძემ "ოსასუნას" პრიმერაში ადგილი შეუნარჩუნა, ხოლო მომდევნო სეზონში მის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა, როგორც შემდეგში გაირკვა, "სევილია" ევროტურნირებს მიღმა დატოვა. არადა, 2002/03 წლების სეზონის უეფას თასის ფინალი სწორედ ქალაქ სევილიაში ჩატარდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ხოლო საქართველოს ნაკრებში მოსაგონებლად, ის რაც მან უნგრელებს დღე აყარა მიშა მესხის სტადიონზე, საკმარისია ბევრ ჩვენ "ვარსკვლავებს" რომ აჯობოს. სტატია კი უაზროა, ბოღმიანი. წერეთ და იკითხეთ. საწყენია მხოლოდ, რომ ახალგაზრდა თაობას მხოლოდ ცუდ, თან ხშირად მოგონილ ცუდს უყვებით. კიევში რომ ბდღვნიდა ყველაფერს - ამაზე დაწერეთ.
alexandre
11:16 23-09-2017
0
არ ვიცი,საქართველოში ვარსკვლავი იყოო ,ასე ეძახიან. ვაი ჩვენს პატრონს.
mamulo
15:07 22-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული