საფიქრალი: შესაძლებელია თუ არა გერმანული მოდელის ამუშავება საქართველოში?

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებმა რუსეთში გამართული კონფედერაციის თასი მეორე შემადგენლობით მოიგო.

ბევრი სპეციალისტის აზრი გაგვიგია გერმანელთა ბოლოდროინდელ წარმატებაზე. მაგრამ საინტერესოა, როგორ ჩაუყარეს ამას საფუძველი გერმანელებმა, რომელთა ფეხბურთსაც ამ 10 წლის წინ სერიოზული კრიზისი ჰქონდა?

რა თქმა უნდა, სიტყვა "კრიზისი" ამ შემთხვევაში პირობითია და ამ ქვეყნის წარსულისა და ტრადიციის გათვალისწინებით ვამბობთ, თორემ იმ პერიოდში ნაჩვენები შედეგები ბევრისთვის სანატრელი შეიძლება ყოფილიყო...

ეს ყველაფერი, მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, უპირველესად, ძალიან კარგად გამართულ სასელექციო სისტემასა და სამწვრთნელო მეთოდს ემყარებოდა.

ქვეყანაში გაჩნდა ტალანტების მოძიების ფართო ქსელი,
რომელმაც ყველა ქალაქი მოიცვა. მკვეთრად გაიზარდა მწვრთნელთა რაოდენობა, რომლებმაც გერმანიის ფეხბურთის კავშირის შემუშავებული ერთიანი პროგრამით დაიწყეს მუშაობა.

განზე არ დარჩენილან კლუბებიც, რომელთაც საფეხბურთო კავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით უამრავი აკადემია გახსნეს...

მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში, ქვეყნის მოსახლეობა სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა.

შედეგად, დღეს გერმანიის ეროვნული ნაკრები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისგან შედგება. ნაკრებები გააძლიერეს ემიგრანტების შთამომავლებმა თურქეთიდან, ბალკანეთიდან, არაბული, აფრიკული და სლავური ქვეყნებიდან... ოღონდ, ისინი გერმანული მეთოდით იზრდებოდნენ, იღებდნენ ყველაფერ საუკეთესოს, უპირველესად - წესრიგს, მაგრამ ინარჩუნებდნენ იდენტობას.

ასეთმა შერეულმა შიდა სამუშაოებმა და გარედან მიღებულმა შევსებამ გამოიწვია ის, რომ დღეს გერმანული ფეხბურთი ყველა გემოვნების მაღალი დონის მოთამაშეების ნამდვილი ინკუბატორი გახდა.

გსურს ძლიერი მცველი? აგერ, რიუდიგერია ფესვებით სიერა-ლეონედან. ან გაუვალი საყრდენი ნახევარმცველი თუ გნებავთ? აქ თურქი ემრე ჯანია. და მკვირცხლ გარემარბს თუ ეძებთ, ინებეთ ლიბანელი იუნესი, ხოლო ჭკვიან პლეიმეიკერს თუ ეძებთ, აგერ - უნგრული წარმოშობის გორეცკა.

იოახიმ ლიოვი დიდი არჩევანის წინაშე დგას: რა უნდა მოუხერხოს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისა და კონფედერაციის თასის გამარჯვებულ ამ ახალგაზრდებს? რომელ ფეხბურთელებზე უნდა შეაჩეროს არჩევანი, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არჩევანის გაკეთება რომ მოუწევს? მათგან ხომ ბევრმა დაიმსახურა, რომ რუსეთში გასამართავ მუნდიალზე შანსი მიიღოს?..

აი, ეს არის დღეს გერმანული პროგრამის შედეგი, რომელმაც დიდი "პრობლემა" შექმნა - ფართო არჩევანისგან თავსატეხი გაუჩნდათ.

ქართული ფეხბურთი კი ამის სრული ანტიპოდია - ერთი-ორი მოთამაშე რომ გამოგვაკლდება, იწყება პრობლემები და შემცვლელს ვერ ვპოულობთ. გეთანხმებით, სად გერმანელთა რესურსები, მუშაობის ეფექტურობა, მიზანდასახულობა და სად - ჩვენი. მაგრამ მათი მოდელის გააზრება და გადმოტანა შეუძლებელი ნამდვილად არ არის.

ამ შემთხვევაში, სასელექციო სისტემას და ერთიანი მეთოდიკის შემუშავებას ვგულისხმობთ. ეს ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში უფრო ადვილიც არის. ამაზე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციამ და გია გეგუჩაძემ დააანონსეს.

საერთოდ, მუდმივი არაფერია - არც წარმატება, არც ჩავარდნა და რაც უფრო მალე შევქმნით ერთიან სისტემას, რომელიც ქართულ ფეხბურთს მოთამაშეებით მოამარაგებს, მით უკეთესი.

საქართველოში დასრულებულ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ჩეხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის თამაშს 25 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო და გამოჩნდა, რომ საქართველოში ფეხბურთი კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მშვენიერია ფეხბურთის მასობრიობის პროექტები (მოყვარულთა ლიგა, "ფეხბურთი სკოლებში", გოგონათა ჩემპიონატი), რომელიც ქართულ ფეხბურთს საფუძველს ჩაუყრის და მისი უკეთესი მდგომარეობის წინაპირობა გახდება...

ასევე კარგია უეფას "ჰეთ თრიკის პროგრამა", რომლის ფარგლებშიც ფედერაციამ ახალი საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის დაწყება დააანონსა, მაგრამ ფეხბურთში ჩართული ხალხის რაოდენობა რომ გაიზარდოს, ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს, სხვაგვარად, ამ პროექტების განხორციელება წარმოუდგენელი იქნება და დავრჩებით ისევ იქ, სადაც ვართ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ ასეა მაშინ რამდენიმე წელიწადში გერმანია უკენკურენტო ნაკრები გახდება,რადგან ეს ქვეყანა ყოველდღე უფრო და უფრო მულტინაციონალური ხდება,მიგრანტები მთელი მსოფლიოდან!ფეხბურთისთვის და საერთოდ სპორტისათვის კარგია,მაგრამ დამეთანხმებით,რომ ამასთან გულის ამრევიც!
0
სისულელეების ცერას ტავი დაანებონ და ცჰემპიონატს მიხედონ.
nastia
12:36 29-07-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული