[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბრალია?

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთი დღეს არნახულადაა დაკნინებული: გნებავთ - საკლუბო და გნებავთ - სანაკრებო დონეზე. ვინ არის დამნაშავე? კითხვა აქტუალური და ლოგიკურია.

დღეს ჩვენს საფეხბურთო თემში ძალიან პოპულარულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ყველაფერში დამნაშავეები ჟურნალისტები ვართ. რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ მოსაზრებას ჩვენი კლუბების არაერთი ხელმძღვანელიც იზიარებს და გვინდა თუ არა, ამ ნააზრევის გავრცელება ხდება ხალხშიც. იქნებ ბევრი გულშემატკივარიც ასე ფიქრობდეს...

ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, ნათქვამია. ჩვენ ვერაფრით გავექცევით იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობა აკისრებს მასში მოღვაწე და მოტრიალე თითოეულ
ადამიანს, მაგრამ ვერც იმას დავიჯერებ, თითქოს ყველაფერი ჩვენი ბრალი იყოს და ჩვენი ფეხბურთის დაქცევა-დაჩაჩანაკება სათავეს ჟურნალისტებიდან იღებდეს.

თუნდაც, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რომ ავიღოთ, ჩემი აზრით, დღეს ჩვენში ქვეყნის პირველობა იმაზე უკეთ შუქდება, ვიდრე ამ ჩემპიონატში ფეხბურთს თამაშობენ. ჩვენი ბრალი, ალბათ, ის არის, ხშირად ცოტა ზედმეტი რომ მოგვდის, რომ ვცდილობთ, სიტუაცია შედარებით ნათელ ფერებში დავანახვოთ ხალხს... თუმცა ცხადია, კრიტიკასაც არ ვივიწყებთ...

ეჭვგარეშეა: არის მთელი რიგი თამაშებისა საქართველოს ჩემპიონატში, პირუთვნელად რომ აღწერო ყველაფერი, ყველაფერს რომ თავისი სახელი დაარქვა, სტადიონზე ამდენი მაყურებელიც აღარ ივლის. ალბათ, ეს ჩვენი ბრალია - სიმართლე ერთია და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

ჩვენი ბრალია ისიც, რომ მხოლოდ ნაწილობრივ ხდება ქართულ ფეხბურთს მიტმასნილი უამრავი ხორცმეტის მხილება. არადა, მათ ისე შეჭამეს ქართული ფეხბურთი, როგორც მუმლმა მუხა და ფილოქსერამ - ვენახი.

ჩვენი ბრალია, ალბათ, ისიც, რომ დღეს არაერთ ქართველ ფეხბურთელს საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. თავი მესი და რონალდო თუ არა, გრიზმანი და რიბერი მაინც ჰგონია. არადა, გამოჩნდება ვინმე - სხვაზე ოდნავ უკეთესი, დიდი სიხარულიც გვიპყრობს, მაგრამ ზომიერების გრძნობას რომ არ ეღალატება, ეს კი გვავიწყდება.

ქართული საფეხბურთო თემი პატარაა. ყველა ყველას იცნობს, ყველა ყველას ყოველდღე ხვდება. ჩვენი ბრალია დასტურ ისიც, რომ ყოველთვის ყველაფერს ბოლომდე არ ვეძიებით. არ ვწირავთ ადამიანებს და ხშირად ნახევარ სიმართლეს ვამბობთ. არადა, სხვანაირად რომ მოვიქცეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქართულ ფეხბურთში დასაქმებული ადამიანების ნახევარს თავი არ გამოეყოფოდა...

იქნებ ჩვენი ბრალია ისიც, რომ ქართული კლუბების აბსოლუტურ უმრავლესობას საერთო არაფერი აქვს ევროპულ გეზთან, ჩვენი მწვრთნელებისა თუ ხელმძღვანელების დიდი ნაწილი გაურკვევლობაშია და ბოლომდე თვითონ არ იცის, რა უნდა ფეხბურთში; რომ ჩვენი სტადიონები ყველაფერს ჰგავს,  სტადიონების გარდა; რომ საქართველოში ფეხბურთი თანდათან კარგავს სპორტის ფლაგმანის მისიას, რომ ჩვენმა ნაკრებმა როდის მოიგო ბოლო ოფიციალური თამაში, კარგად აღარც გვახსოვს...

კიდევ ბევრი "რომ" და კიდევ ბევრი "იქნებ" შეიძლება ვახსენოთ, მაგრამ საჭირო აღარ არის.

დღეს, როცა ქართული ფეხბურთის ყოველდღიურ ყოფაში მილიონი ნაკლია, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ჩვენი ამქარი ასცდება, მაგრამ უნდა დაიწეროს ერთმნიშვნელოვნად: დღევანდელ ქართულ ფეხბურთში თუ რომელიმე სეგმენტი არის სუფთა და გაუსვრელი, თუ შეიძლება, ვინმეს იმედი გვქონდეს უკეთესობისთვის ბრძოლაში (და ეს დიდი ომი აუცილებლად გადასახდელია), თუ სადმე არის რესურსი, რომელსაც სჭირდება ამოქმედება, ეს უდავოდ ჟურნალისტები არიან.

იმაშიც ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ მცირე უკეთესობა, მცირე წინსვლა და ჩვენი ნიჭი და უნარი სულ სხვანაირად წარმოჩნდება. სხვა საქმეა, რომ ჟურნალისტი უშუალოდ ვერ განაპირობებს ამ პროგრესს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას არანაირი ბერკეტი არ უპყრია ხელთ.

ჩვენი საქმე და საკეთებელი უკეთესად მაშინ კეთდება და ჩანს, როცა საფეხბურთო მექანიზმი გამართულად მუშაობს. დღეს კი ბევრისთვის მთავარ დამნაშავედ მაინც ჟურნალისტი რჩება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 29 /
კი თქვენი ბრალია!

მიყევით პირველი და უმაღლესი ლიგის გუნდებს სათითაოდ. როგორ იღებენ ფეხბურთელებს და რა კორუფციულ-ნათესაურ-ძმაკაცური გარიგებებით, სად რას და რატო ხარჯავენ და რამდენადაა მიზანშეწონილი ეს დანახარჯები, გვარებით სახელებით და სურათებით! ხო იცით ისედაც კომპიუტერიდან ადგომაც არ მოგიწევთ.
ნაკრებზე - რა პრინციპით და ვისი რეკომენდაციით ინიშნება/იხსნება მწვრთვნელები, სად და რატო იხარჯება ფული.
თემები:
ფედერაციის თანამშრომლები და მათი ნათესავ-ძმაკაცები ქართულ ფეხბურთში. ბივში ფუტბალისტების ხელ-ფეხი და გავლენის სფეროები. სად მიდიან აკადემია გავლილი ბავშვები და როგორ ხდება მათი გუნდებში "სინჯები". მილიონი თემაა კიდე რა და მიხედეთ
ice
02 აგვისტო 2017 18:24
1
ფეხბურთი, მედიცინა და მშენებლობა.
3 მიმართულება სადაც მუდმივად იყო და არის კორუფცია.
სანამ ხელი ხელს ბანს ფსიქოლოგია იქნება, მანამდე იქნება ჩასვრილი ეგ ყველაფერი.
მართალ კაცს ინტრიგანს უძახით და მერე წუწუნებთ ქაქში რატომ ვართო.
ზურა
02 აგვისტო 2017 16:24
0
ეგ ყველაზე დიდი სისულელოე იყო დინამო რომ საბჭოტა კავშირის ჩემპიონატიდან გამოვიდა, დამოუკიდებლობის გამოცხადება რასხ უსჰლიდა ხელს დინამოს ზლიერ ჩემიპონატში თამაშს, მაგრამ ვიღაცეების ანგარებიდან გამომდინარე მოხდა ეგ, ფეხბურთის გამოყოფიტ ვიღაცეებმა თავისი საქმეები გაიკეთეს და სარგებელიც ნახეს, ამას მიყვა მალევე ცნბოლი საფხებურთო სკოლებსი მიზანმიმართული დაშლა და განადგურება და თავისი ახალი სკოლებსი გაკეთება , რომლებიც ახლოს ვერ მივლენ ყოფილ საფეხბურთო სკოლებთან... ახლანდელ ცხრამეტწლამდების ნაკრებში რამდენიმე ,,საბურთალოს" ფეხბურთელი იყო მიწვეული, სინამდვილეში ეს ფეხბურთელები ისევ 35 საფეხბურთო კოსლის აღხრდილები იყვნენ... და დღეს რაც ხდება ქართულ ფეხბურთში ყველაფერი პირადი სარგებლიდან გამომდინარე ხდება დაა არა ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ, ეს პროგრამაც მაგარი სისულელეა და ვიღაცეებისთვის შეიქმნა ...
ჰოო
02 აგვისტო 2017 16:22
0
ძმაკაცებს არ აწყენინოთ და ქართული ფეხბურთი საბოლოოდ განადგურდება!
შოკირებული გულშემატკივარი
02 აგვისტო 2017 12:35
0
გლეხი ჯერ მიწას ხნავს,მერე თესავს და ბოლოს იღებს მოსავალს! უკუღმა რომ შეატრიალოს,ვერაფერსაც ვერ მიიღებს. შე კაიდედმამისშვილო,აიყვანე უფასოდ უფულო ბავშვი,რომელსაც სასწაული მონაცემები აქვს და გაზარდე,დააყენე და ბოლოს გაყიდე. ასეთი ფეხბურთელი ნაკრებშიც გამოგადგება და კლუბშიც.აბა რომ მოგიყვანია მაყუთიანის გაქსუებული ბოხოლა ბავშვი და დასტრიალებ საახალწლო გოჭივით "ხოხოხოხო რა ხორცებს დაყრის,როგორ გაიყიდებაო" რა გამოვა აქედან? ის ხომ ნამდვილი ფეხბურთელის ადგილს აფუჭებს?ყველა მწვრთნელს ეს არ ეხება,მაგრამ 90% ნამდვილად!
დაკა
10 აგვისტო 2017 11:30
0
გარდა ჟურნალისტებისა, ნერვებ მომშლელია კომენტატორების ამა თუ იმ მატჩის კომენტირება, სულ ერთია ვინ თამაშობს დაიწყებენ ერთმანეთში ბაზარს, გუნდებისა და მოთამაშეების შემოკლებით სახელებით მოხსენიებას, მიედ მოედებიან ესა თუ ის ფეხბურთელი სად, როგორ და როდის თამაშობდა და.ა.შ. შემდეგ დარაატყა კი არა ,,გაისროლა" რა თოფია. მეკარემ კი არ აუიღო თურმე ,,სეივი"გაუკეთებია, ,,მუნდიალი" და კიდევ რაღაც სისულელეები, თამაშის დაწყებისას ცალკეული ფეხბურთელის ქება დიდება და ამდროს გუნდი უკვე 3:0-ს აგებს, მინდა ტელევიზორს ჩაუწიო, რომ მათი ხმა არ ისმოდეს მარა სტადიონის ხმაც იკარგება და ფეხბურთი სტადიონის ხმაურის გარეშე რა თამაშია. ჩემი თხოვნაა იქნებ თითო ტაიმი თითო წამყვანმა წაიყვანოს, რომ ერთმანეთში გაუთავებლად აღარ იბაზრონ.
დათო
09 აგვისტო 2017 14:43
0
კრიტიკულ კომენტარებსაცკი არ აქვეყნებთ რაღაა სალაპარაკო
ალექსანდრე უბირია
02 აგვისტო 2017 12:12
0
რაც თქვენი ბრალია, ამ სტატიაში ყველაფერი წერია! რასაც თქვენ ჟურნალისტები ხედავთ და იცით ის გულშემატკივრების უმეტესობამაც იცის და თქვენი(ჟურნალისტების)დუმილი ეჭვს იწვევს ხოლმე... ან თუნდაც ვიღაც სადღაც წელიწადში ერთხელ აუტს მოაწვდის და სამი დღე მაგაზე წერთ (იმიტომაც ჰგონიათ თავი მესები და ნეიმარები ამ ჭ კლასის ფეხბურთელებს)... ხო კიდევ თქვენ წერდით ბატონო ალეკო ამ წოტა ხნის წინ რომ ყენია საქართველოს ჩემპიონატს დაამშვენებსო)) და მაინტერესებს მართლა ასე ფიქრობთ თუ..,?
Gio
02 აგვისტო 2017 11:50
0
დაწერეთ და ის უნიათო ადამიანები ვინც არიან ქართულ ფეხბურთში ჩამოაშორეთ, ამასწინათ დავწერე ერთ მასეთ მწვრთნელზე ფაქტიც დავწერე და არ გამოაქვეყნეთ, თქვენ დამნაშავე იმაში ხართ რომ ამ ადამიანებს არ ამხელთ, ისენი ღუპავენ ქართულ ფეხბურთს და თქვენ ამაში ხელს უწყობთ თქვენი უმოქმედობით. ვინმემ დაწეროს სიმართლე და ვიღაცა აუცილებლად გამოჩნდება ვინც ხელს გაანძრევს და მოგვაშორებს ამ ფულისმჭამელ ღორებს.
სიმართლე
02 აგვისტო 2017 11:24
0
კარგს რომ კარგი არ დავარქვა,ავს რა ვუთხრა,მე სახელად,ვინც არ არის კახაბერი,მე ვერ ვიტყვი კახაბერად.
დავით გურამიშვილმა ჯერ კიდევ როდის ჩამოაყალიბა ჟურნალისტის კოდექსი,როცა ჟურნალ გაზეთების იდეაც კი არ არსებობდა,თქვენს 99 პროცენტს კი ალბათ არც გაუგია და არც იცავს ამ პრინციპს.ჰო,არის კიდევ,ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო,მაგრამ 80 -ანი წლებიდან რომ სულ უკან მივგივართ და დაშავდა კი არა მოისპო ფეხბურთი,ხომ უნდა მიხვდე რომ უთქმელობა აღარ შეიძლება.თუ ფეხბურთში მოღვაწე ხალხის ნახევარი(თქვენი სიტყვების მიხედვით)მაინც სუფთაა,ესე იგი საქმის გამოსწორების რესურსი საკმარისზე მეტიც ყოფილა და ამოიღეთ ხმა,თქვე დალოცვილებო,ჩამოშორდნენ ფეხბურთს ყველა მიტმასნილი და როცა ჰაერი გაიწმინდება,ორგანიზმი აუცილებლად გაჯანსაღდება.გულშემატკივარი ბევრ რამეს ეჭვობს,მაგრამ საკმაო არც ინფორმაცია აქვს და არც ძალა.ფედერაცია შეიძლება ბევრი რამე იცის,მაგრამ რაღაც ვალდებულებების გამო ყველაფერს ვერც იტყვის,ვერც იზავს და ვერც აღმოფხვრის,იმის გამო რომ ეს ჭია შიგნიდან ხრავს და სურათს უმახინჯებს.ჟურნალისტების გილდია კი თავისაუფალია, თავისი არსით ისინი მოდარაჯე ძაღლის ფუნქციას უნდა ასრულებდნენ და დიდ წილად მათზეა დამოკიდებული,რამდენად გადარჩებიან ეს ჩრჩილები ფეხბურთის სკაში.ამიტომ ამოიღეთ ხმა,თქვით სიმართლე,ნაცვლად ნახევრად სიმართლისა,აიძულეთ გაიწმინდოს საფეხბურთო ატმოსფერო და მაშინ გულშემატკივარი თქვენს ღვაწლსაც ღირსეულად დააფასებს.
სოსო
02 აგვისტო 2017 11:07
0

სიახლეები პოპულარული