ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ზინედინ ზიდანის "რეალი" ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება, რომელმაც ევროპალიგა მოიგო. მართალია, "განსაკუთრებული" ამტკიცებს, რომ ვერ აღიქვამს "რეალს" ყოფილ გუნდად, მაგრამ, ცხადია, მისი დაპირისპირება "სამეფო კლუბთან" თამაშს კიდევ ერთ ინტრიგას მატებს. ისე კი, ორივე კლუბისთვის ახალი სეზონის პრესტიჟული ტიტულით დაწყებისთვის შესანიშნავი შანსია.
ფაქტები
- დღეს სკოპიეში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "რეალი" ევროპალიგის გამარჯვებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" ეთამაშება
- "რეალი" უეფას სუპერთასზე მეექვსედ ითამაშებს, "მანჩესტერი" - მეოთხედ
- "რეალს" სუპერთასი სამჯერ აქვს მოპოვებული, "მანჩესტერს" - ერთხელ
- 14 წელია, "იუნაიტედს" "რეალისთვის" ოფიციალურ შეხვედრაში არ მოუგია
- "რეალს" აქვს შანსი, გახდეს პირველი გუნდი "მილანის" მერე (1989 და 1990 წწ), რომელმაც ზედიზედ მოიგო სუპერთასი
- ყველაზე მეტჯერ სუპერთასი "მილანსა" და "ბარსელონას" აქვთ მოგებული - 5-5
რა უნდა ვიცოდეთ წლევანდელ სუპერთასზე
მატჩი სკოპიეს ფილიპე II-ის სახელობის არენაზე გაიმართება და ეს იქნება პირველი ევროპული ფინალი მაკედონიაში. ის, რომ თამაში სკოპიეში გაიმართებოდა, თბილისური მატჩის წინ გადაწყდა, მაშინ მაკედონიელებმა ჩეხებს აჯობეს."რეალი" უეფას სუპერთასზე მეექვსედ მონაწილეობს. 1998 და 2000 წლებში ესპანური გრანდი დამარცხდა, იმის შემდეგ კი ზედიზედ სამი მატჩი მოიგო - 2002 წელს "ფეიენოორდი" 3:1 დაამარცხა, 2014-ში "სევილიას" 2:0 მოუგო და შარშანაც იმავე "სევილიას" აჯობა - 3:2.
"მანჩესტერისთვის" ეს მეოთხე მონაწილეობაა, 1991 წელს ინგლისელებმა "ცრვენა ზვეზდას" 1:0 მოუგეს. ამის შემდეგ "წითელი ეშმაკები" ორჯერ დამარცხდნენ, 1999 და 2008 წლებში.
არენა 30,5 ათას ადამიანს იტევს და დღეს ის აუცილებლად შეივსება.
ურთიერთშეხვედრები "რეალის" სასარგებლოდ
"რეალსა" და "მანჩესტერს" ერთმანეთში ბევრჯერ უთამაშიათ, თუნდაც, ახლახან - 24 ივლისს მათ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე კალიფორნიაში ითამაშეს. ეს სანახევროდ ამხანაგური მატჩი 1:1 მორჩა და პენალტების სერიაში მოურინიოს გუნდმა სერიისთვის უცნაური ანგარიშით - 2:1 მოიგო.თუმცა ეს ორი გრანდი სუპერთასზე ერთმანეთს პირველად გადაეყარა. რაც შეეხება ზოგადად ევროთასებს - მათ ერთმანეთში ზუსტად 10-ჯერ ითამაშეს და "რეალს" უპირატესობა აქვს - 4 გამარჯვება, 4 ფრე და მხოლოდ 2 მარცხი, 20:16 ბურთების სხვაობა.
პირველად ისინი ერთმანეთს 1956/57 წლების ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ეთამაშნენ. "რეალმა" მადრიდში 3:1 იმარჯვა, ხოლო მანჩესტერში 2:2 ითამაშა და ფინალში გავიდა. პირველ თამაშში თითო გოლი გაიტანეს ალფრედო დი სტეფანომ და ენრიკე მატეოსმა, ხოლო საპასუხოში ასევე ერთხელ გამოიჩინა თავი რაიმონდ კოპამ. აი, ხოსე ექტორ რიალმა თითო გოლის გატანა ორივეგან შეძლო. მანჩესტერელთა სამი გოლიდან ერთ-ერთი ბობი ჩარლტონის ანგარიშზეა, ორი - თომას ტეილორის.
11 სეზონის მერე (1968 წელს) ისინი ერთმანეთს ისევ ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გადაეყარნენ და ამჯერად, ფინალში "იუნაიტედი" გავიდა. "ოლდ ტრაფორდზე" ბასბის გუნდმა ჯორჯ ბესტის გოლის წყალობით მოიგო. "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში 3:3 მორჩა.
1999/2000 წლების სეზონში "რეალი" და "იუნაიტედი" ერთმანეთს ლიგის მეოთხედფინალში დაეჯახნენ. მადრიდულ 0:0-ს "რეალის" "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება მოჰყვა - 3:2. დელ ბოსკეს გუნდის რიგებში დუბლი შეასრულა რაულმა. მასპინძელთაგან თავი დევიდ ბექჰემმა და პოლ სქოულზმა გამოიჩინეს. ერთი გოლიც კაპიტანმა როი კინმა საკუთარ კარში გაიტანა.
2002/03 წლების სეზონში გუნდებს დაპირისპირება ისევ მეოთხედფინალურ ეტაპზე მოუწიათ. მადრიდში რაულმა დუბლი შეასრულა და „რეალმა“ 3:1 მოიგო, მანჩესტერში კი ინგლისელებმა იმარჯვეს 4:3 და მაინც გამოეთიშნენ გათამაშებას. იმ თამაშში ფერგიუსონის გუნდს ბექჰემის დუბლი არ ეყო, რადგან ვერ გააჩერეს ბრაზილიელი რონალდო, ვინც "ოლდ ტრაფორდზე" ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ მატჩის მერე ოფიციალურ შეხვედრაში "იუნაიტედს" "რეალისთვის" აღარ მოუგია.
2012/13 წლების სეზონში გუნდები ლიგის მერვედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. მადრიდული ფრის მერე (1:1) - დენი უელბეკის გოლს კრიშტიანო რონალდომ უპასუხა. ფავორიტი, თითქოს, სერ ალექსის გუნდი იყო, მაგრამ მოურინიოს "რეალმა" სტუმრად 2:1 მოიგო. სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და სამივე "რეალის" ფეხბურთელებმა გაიტანეს - სერხიო რამოსმა საკუთარი კარი დალაშქრა, ხოლო შემდეგ ლუკა მოდრიჩმა და კრიშტიანო რონალდომ გაიტანეს. რონალდომ გადამწყვეტი გოლი 69-ე წუთზე გაიტანა - 2:1 "სამეფო კლუბის" სასარგებლოდ.
როგორც ხედავთ, 5 შემთხვევიდან ბრძოლა 4-ჯერ "რეალმა" გააგრძელა.
ყოფილ გუნდს ისევ შეუტევს...
ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ "იუნაიტედის" ერთ-ერთი გამმწარებელი სწორედ კრიშტიანო რონალდოა, მისი ყოფილი მოთამაშე. ბოლო დროს ძალზე საეჭვო იყო, რომ პორტუგალიელი სუპერთასს ითამაშებდა. კონფედერაციათა თასისა და პირადი პრობლემების გამო რონალდომ თანაგუნდელებზე მეტი დაისვენა, მაგრამ გუშინ სუპერთასის განაცხადში იგი ოფიციალურად შეიყვანეს. ზიდანმა სკოპიეში 24 ფეხბურთელი წაიყვანა და მათ შორის, კრიშტიანოც. ზიდანმა თან იახლა ვაჟი ლუკა ზიდანი და მცველი აშრაფ ჰაკიმიც."მანჩესტერში" დისკვალიფიცირებულია ერიკ ბაილი. უეფას დოპინგრეგულაციების დარღვევის გამო ვერც ფილ ჯონსი ითამაშებს. ლუკ შოუ, მარკოს როხო და ეშლი იანგი ჟოზეს არც წაუყვანია მაკედონიაში, ხოლო სერხიო რომეროსა და ჯესი ლინგარდის თამაში საეჭვოა.
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-3-3): კ. ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ნაჩო, ტ. ერნანდესი - კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, რონალდომანჩესტერ იუნ. (4-4-2): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, ბლინდი - მატიჩი, ანდერ ერერა, პოგბა, მხითარიანი - მარსიალი, ლუკაკუ
(დისკვალიფიკაცია: ბაილი, ჯონსი; ტრავმა: რომერო (?), ლინგარდი (?), როხო, იანგი, შოუ)
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)
კომენტარები
ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი)
"ეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ძალების მოსასინჯად ფანტასტიკური საშუალებაა. ერთია ამერიკაში ამხანაგური მატჩი და სულ სხვა - როცა მეტოქე ფორმაშია და ოფიციალური ტიტულისთვის იბრძვის. ჩემი ფეხბურთელები "დიდი მატჩების" გამოცდილებით ვერ დაიტრაბახებენ. ეს ახალი "მანჩესტერ იუნაიტედია", ახალი თაობაა. შარშანდელი სეზონი ჩვენთვის გამოცდილების დაგროვება იყო, ახლა კი ლიგას ვუბრუნდებით, სუპერთასზე საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. ეს შესანიშნავი შანსია.სიმართლე გითხრათ, "რეალს" ყოფილ გუნდად ვერ აღვიქვამ. "პორტუდან" და "ჩელსიდან" წასვლის შემდეგ კი მათთან მალევე მიწევდა დაპირისპირება. მე აღვიქვამ "რეალს", როგორც უნდა იყოს კიდეც - როგორც სახელოვან და უძლიერეს მეტოქედ, ეს კი დიდი მოტივაციაა ჩვენთვის.
ბევრს ლაპარაკობენ, რომ "იუნაიტედს" ბეილი სურს. თუ ბეილი ითამაშებს, ეს ნათელი დასტური იქნება, რომ "რეალს" უელსელი კვლავ ესაჭიროება და თემაც დასრულდება. თუ არადა, "მანჩესტერი" მზად არის, მისთვის ბრძოლაში ჩაერთოს. როცა მე "რეალში" მივედი, გუნდი ლიგაზე განთესილიც არ იყო, მთავარ ფეხბურთელებს მეოთხედფინალში თამაშის გამოცდილებაც არ ჰქონდათ. როცა წავედი, "რეალი" ლიგაზე მთავარი განთესილი გუნდი იყო".
ზინედინ ზიდანი (რეალი)
"ჩვენ უკვე გვქონდა არდადეგები, ახლა კი სამუშაოდ შემართულები ვართ. ბოლოდროინდელმა გამარჯვებებმა სულ სხვა ადამიანად მაქცია, ახლა ძალიან ბევრს ვშრომობ, რომ წარმატებები კვლავ გაგრძელდეს. "რეალი" ყოველთვის დაგეშილია ტიტულებზე. დიახ, ჩვენ ბევრს მივაღწიეთ და ეს კარგად ვიცით, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვსურს. სეზონის სტარტზე შარშანდელი ტრიუმფის გამეორება მსურს და ეს ბუნებრივია. ამიტომაც სეზონის მოგებით დაწყება ძალზე მნიშვნელოვანია. სუპერთასი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. პირველი ოფიციალური მატჩია და მოგება გვწყურია. მეორე მხრივ, გადაფასებაც არ ივარგებს, მთელი სეზონი მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ, როგორც ეს იყო შარშან, როცა იანვრამდე წაგება რა იყო, არ ვიცოდით. გასული სეზონი, უბრალოდ, საოცარი გამოგვივიდა. "რეალს" კარგი შემადგენლობა ჰყავს და მიზანი ისევ იგივეა, შარშანდელი ტრიუმფის გამეორება. ჩვენ ორჯერ ზედიზედ მოვიგეთ ლიგა და შევეცდებით, მესამედაც მოვიგოთ.ყოველ მწვრთნელს თავისი სტილი აქვს. ერთადერთი, რაც მადრიდში არასოდეს არ იცვლება, ისაა, რომ 100%-ით ყველაფერი უნდა გაიღო წარმატებისთვის. მოურინიომ აქ კარგი სამუშაო გასწია და მეც მსურს იმავეს გაკეთება, სანამ "რეალის" მწვრთნელი ვარ. მხოლოდ იმიტომ, რომ ზედიზედ ორი ლიგა მოვიგე, გენიოსი არ ვარ, უბრალოდ, შევეცადე, საუკეთესოდ წარმომეჩინა თავი და ეს გამომივიდა. კარგია, რომ გარეთი ფორმაში შევიდა და ვარჯიშობს. რაც შეეხება კრიშტიანოს - ის ყოველთვის მაკვირვებს, ახლა ბაზაზე დაახლოებით ისეთ ფორმაში გამოცხადდა, როგორშიც ლიგის ფინალის დღეს იყო. და მაინც, ხვალ უკეთ გამოჩნდება, ითამაშებს თუ არა იგი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ლეგიაში ტყუილად არ იჯდა სკამზე და განაცხადშიც ვერ ხვდებოდა ისე იყო დამძიმებული. სირცხვილია ახალგაზრდა კაცი მსგავსი სიზარმაცის მსხვერპლი რომ ხდება. ვარჯიში რომ არ სიამოვნებს და თავის წესრიგში მოყვანა რომ არ შეუძლია იმის ადგილი ნაკრებში არაა. მერწნუნეთ ამას ავსტრიასთან პასის არმიცემისათვის არ ვწერ, უბრალოდ უვარჯიშებელ ფეხბურთEლს ავტომატიზამდე მიყვანილი უნარჩვევებიც ეკარგება. ასე რომ კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი დავკარგეთ, არადა რა იმედი გვქონდა 3-4 წლის წინ, მალე აიაქსი აიყვანსო და ა.შ.