რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას

AutoSharing Option
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და სიხარულის ნაცვლად, შესაძლოა, დიდი სკანდალის მიზეზი გახდეს. ცხადია, თავიდან ყველა გაგვახარა ინტერნეტში გავრცელებულმა ახალი არენის ფოტოებმა. მართალია, "მარაკანა" და "დინამო არენასავით" შთამბეჭდავი არ იყო, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სტადიონების სერიოზული დეფიციტია, 7 200 მაყურებელზე გათვლილი ახალი საფეხბურთო კომპლექსის წამოჭიმვაც უდავო მოვლენა იყო...

მაგრამ ამ სურათებზე არ ჩანდა ის ხარვეზები, რაც მერე აღმოაჩინეს: არც ბალახის საფარი ჩანდა გარკვევით და არც ქართული "ნოუ ჰაუ" - ბეტონის მესერი მოედნიდან სამ მეტრში.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება,
დამკვეთი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტია, დამპროექტებელი - შპს "თბილქალაქპროექტი", ხოლო სამუშაოების მწარმოებელი - კომპანია "დაგი". სხვადასხვა მიზეზების გამო - ერთ-ერთი მთავარი კი წინასააარჩევო ფონია - ზუგდიდის სტადიონი პოლიტიკური დაპირისპირების საგანი გახდა. ამას საქართველოში ვერ ავიცილებთ.

- ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო

გავიხსენოთ, რა თქვა "ლელოსთან" უეფას მედიაოფიცერმა, ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ, რომელმაც ზუგდიდის ამბავზე რბილად, მაგრამ გასაგებად ილაპარაკა.

"ბათუმის ახალი, 20-ათასიანი სტადიონის დამპროექტებელმა ასე გააკეთა - ფეხბურთის ფედერაციაში გამოგვიგზავნა პროექტი, რომელიც სფფ-ის ყველა უწყებამ დეტალურად განვიხილეთ, მივეცით შენიშვნები და თუ ყველაფერი გაითვალისწინეს, ბათუმში მეოთხე კატეგორიის სტადიონი გვექნება! ზუგდიდში კი მშენებელმა კომპანიამ ფედერაციას არ მიმართა. მშენებელი ფირმის მუშაკებს შემთხვევით შევხვდი და გამოვხატე მზადყოფნა, ზუგდიდში ოფიციალურად ნებისმიერ დროს ჩავსულიყავით, თუკი ფედერაციას ოფიციალურ წერილს მისწერდნენ. ეს კი საქმეს უდავოდ წაადგებოდა. მათ ამ დრომდე ფედერაციაში არაფერი მოუწერიათ", - ამბობს კვარაცხელია.

რატომ არ მიმართეს ფედერაციას და რატომ არ დაინტერსდნენ, რასაც აშენებენ, თავის მთავარ დანიშნულებას შეასრულებდა თუ არა, ეს გამოცანაა. რაც შეხება ბეტონის ბარიერებს, უეფას მედიაოფიცერი ამბობს:

"ფოტოების განთავსების შემდეგ, ფედერაციის ბევრმა შესაბამისმა თანამშრომელმა გაკვირვება გამოხატა აღნიშნული ბეტონის ბარიერის გამო და ზუგდიდის სტადიონზე მის სანახავად შევიარე. ალბათ, ზუგდიდის სტადიონის მშენებლებმა არსებული ბეტონის შემოღობვა სარეკლამო დაფების მისამაგრებელ ადგილებად მიიჩნიეს, რაც, ბუნებრივია, ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახება.

ანუ ზუგდიდში ახლა ორი ვარიანტი აქვთ - ეს ბეტონის ბარიერები უნდა აიღონ ან მოედნის სიგანე შეამცირონ. მე-2 კატეგორიის სტადიონის მინდვრის ზომებია 100 მეტრი 64 მეტრზე, ხოლო მე-3 კატეგორიის - 105 მეტრი 68 მეტრზე. ანუ, თუკი ზუგდიდის სტადიონის მინდორმა არ დააკმაყოფილა შესაბამისი ზომები, შესაბამისად, მე-3 კატეგორიას ვერ მიიღებს".

- "ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"

კვარაცხელიამ გარკვევით მიანიშნა, რომ ბეტონის ბარიერის გამო, დიდი ალბათობით, ზუგდიდის სტადიონს მე-3 კატეგორია არ მიენიჭება, თუკი პრობლემა არ გამოსწორდება. საქმე ასე დგას: რეალურად, ამ ეტაპზე სტადიონი უეფას სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და ხარვეზების გამოუსწორებლად, ფეხბურთის ფედერაცია მას არ ჩაიბარებს, თუ რაიმე არ მოიფიქრეს, ბეტონის მესერი არ აიღეს და მოედნის საფარის მდგომარეობა არ გამოასწორეს.

საფარი ცალკე თემაა. საქმეში ჩახედული ხალხის მტკიცებით, საერთაშორისო სტანდარტებისგან ის შორს არის. ეს წმინდა სპორტული თემაა, ყველაფრის თავი და თავი ძირშივე დაშვებული შეცდომაა, რომ სტადიონების მშენებლობას ამ საქმეში არაკომპეტენტური მხარე, რაიონების გამგეობები თავკაცობენ.

სადაც ფეხბურთის ფედერაციას სტადიონი აუშენებია, იქ სტანდარტები არ დარღვეულა, რადგან ამ ორგანიზაციაში არის ხალხი, ვინც უეფას სტანდარტებში ერკვევა და იციან, რომ ბეტონის მესერი მოედნიდან 3 მეტრში არ უნდა აშენდეს. ისიც იციან, რომ უეფას სტანდარტები მხოლოდ რეკომენდაციის დონეზე არ უნდა დარჩეს - ამის გარეშე, სტადიონზე მილიარდიც რომ დაიხარჯოს, ხარისხის სერთიფიკატს ანუ უეფას ლიცენზიას ვერ მიიღებს და ვერც ერთი გუნდი ვერ ითამაშებს.

ახლა კი პარადოქსული მდგომარეობაა: ფეხბურთის ფედერაცია, ანუ ამ საქმეში კომპეტენტური მხარე, მშენებელს და დამკვეთს რეკომენდაციას აძლევს. მაგრამ რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ეს დამკვეთი და მშენებელი ვალდებულნი არ არიან, მისი რეკომენდაცია გაითვალისწინონ.

გავიხსენოთ, რა ხდებოდა ფოთის და ბათუმის სტადიონების მშენებლობებზე, პირველი 8 წელი გაიწელა, მეორე 11 წელი - გამგეობებმა, რომლებიც ყოვლად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებდნენ და საქმეს თავი ვერ მოაბეს.

სხვათა შორის, ისიც საინტერესო გასახსენებელია, ადგილობრივ გამგეობებს სანამ გუნდების დაფინანსების ბერკეტები ებარათ, რას აკეთებდნენ: ამა თუ იმ გუნდში მათი "რეკომენდაციით" შტატები გაბერილი იყო - ერთში 126 თანამშრომელი, მეორეში - 96 და ასე შემდეგ. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდმა ის მაინც მოაწესრიგა, რომ დაუსაბუთებელ შტატებს და ხარჯებს არ ამტკიცებდა - მაგალითად, მწვრთნელის 10 ასისტენტს ხელფასს არ უხდის და არც იმაზე იშტერებდა თავს, რომ მილიონიანი ბიუჯეტის მქონე გუნდმა ფორმაზე 120 ათასი არ უნდა დახარჯოს, ხოლო უცხოურ შეკრებაზე - 60 ათასი დოლარი.

გაბერილი შტატები არც ზუგდიდელების ბრალი იყო, არც გორელების, არც ბოლნისელების თუ ქობულეთელ-ბათუმელების - ყველაფერი მახინჯი სისტემის შედეგი იყო.

სტადიონების შემთხვევაშიც იგივე პრობლემასთან მივდივართ: პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და სტადიონების მშენებლობაში გადამწყვეტი სიტყვა არა გამგეობას და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, არამედ - ფეხბურთის ფედერაციას უნდა ეკუთვნოდეს.

პრობლემა მარტივად მოგვარდებოდა, ეს საკითხი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ეგიდით რომ განხორციელებულიყო. სხვაგვარად, სახელმწიფოს მიერ საფეხბურთო ინფრასტრუქტურაზე დახარჯული მილიონები წყალში გადაიყრება, საქმეს და ქვეყანას კი არაფერი ეშველება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
დღეს ვინც ფეხბურთის ფედერაციაში ხართ და სიმართლეს უმალავთ ზუგდიდელ გულშემატკივარს, გასაყრელი ხართ ფედერაციიდან ტქვენივე ჯურნალისტებიანად, ქეცბაია შეჭამეს ამ სუკებმა და ახლა საბოლოოდ რომ სამარდება ქართული ფეხბურთი, ენა გადაყლაპეს, ს.......ა, ხელს უწყობენ ფედერაციას საბოლოოდ უფრსკულში გადაჩეხოს ქართული ფეხბურთი!!!
gulshematkivari
21:44 12-10-2017
1
პირდაპირ დაწერეთ და დააკონკრეტეთ ვინც არის ამ საქმეში ჩართული? თქვენ ჟურნალისტები ერთი აფიორა ხალხი ხართ ვინც არც მწვადს წვავს და არც შამფურს, ზუსტად ასეთი არაკომპეტენტურობის გამოა ასეთ მდგომარეობაში ქართული ფეხბურთი არავინ ხმას არ იღებს და არაფერს არ ამბობს ემანდ ვინმეს არ ეწყინოს და ვიღაცის ბიძიას ძმაკაცმა სამსახურიდან არ გამიშვასო, კორუმპირებული ქვეყნის კორუმპირებული არაადეკვატური მმართველები ყავს ყველა გუნდს საქართველოში და მიგიტომაც არ გვაქვს არანაირი შედეგი. ეხლა ვხვდები ქეცბაია რატომ გაბრალებდათ თქვენ ჟურნალისტებს ყველაფერს, ის კაცი მართალი იყო 100 % ტით. ის მწვრთნელი იყო თქვენ ჟურნალისტები და იცოდა რას იტყუებოდით და რას არაა. აბა თქვენ იცით არ გამომიქვეყნოთ.
roma
10:54 11-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული