რისთვის ჩამოვიდა ჩისკო მუნიოსი თბილისში?

AutoSharing Option
რამდენიმე დღით თბილისში "დინამოს" ყოფილი კაპიტანი და ლიდერი ჩისკო მუნიოსი იმყოფებოდა.

ესპანელი ქართული ფეხბურთის ფლაგმანის ღირსებას 2011-14 წლებში იცავდა და ამ პერიოდში 2-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ამდენჯერვე - საქართველოს თასის მფლობელი და უმაღლესი ლიგის ბომბარდირი.

"ლელომ" ჩისკო უმაღლესი ლიგის 2013/14 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და ლეგიონერად დაასახელა. 2014-15 წლებში ის "დინამოს" კაპიტანიც იყო.

ბოლო მატჩი მან "დინამოში" 2014 წლის 11 დეკემბერს ჩაატარა. სწორედ მისი გოლის წყალობით თბილისელებმა "ჩიხურა" დაამარცხეს და ჩისკო საქართველოს სუპერთასის მოგებით დაგვემშვიდობა.

კარიერა მან ტარაგონას "ჟიმნასტიკში" დაასრულა,
სადაც 2016-17 წლებში სამწვრთნელო კარიერა ასისტენტობით დაიწყო. 2017 წლიდან კი კატალონიას მიაშურა, სადაც ტერსერა დივიზიონის კლუბ "პობლა მაფუმეტს" ავარჯიშებდა, "ჟიმნასტიკში" კი სელექციონერობა შეითავსა.

სწორედ მისი რეკომენდაციით მოხვდნენ ესპანეთში ოთარ კაკაბაძე და გიორგი პაპუნაშვილი. ის საქართველოს კვლავ სასელექციო მიზნით ესტუმრა, "დინამოს" ორ მატჩს დაესწრო - გორში "დილასთან" და თბილისში "სამტრედიასთან", ნახა "ლოკომოტივი"-"საბურთალოს" დაპირისპირებაც...

როგორც შევიტყვეთ, მას რამდენიმე მოთამაშეზე სურდა დაკვირვება, მაგრამ განსაკუთრებით, "დინამოსა" და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემტევი ზუკა დავითაშვილი აინტერესებდა.

გორის "დილასთან" გამოცდილი მცველი ლაშა თოთაძეც მოეწონა, მაგრამ დარწმუნებული არ არის, რომ ესპანური კლუბები 28 წლის ფეხბურთელით დაინტერესდებიან. მათ თვალსაწიერში ახალგაზრდები და ნაკრების წევრებიც ხვდებიან.

ჩისკო თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასაც ესტუმრა, თუმცა ჩვენთვის ამ შეხვედრის დეტალები უცნობია, გარდა იმისა, რომ სურს, ძველ კლუბს ფეხბურთელების ტრანსფერებში დაეხმაროს.

საერთოდაც, ის საქართველოში გამზადებული პროექტით ჩამოვიდა, რომელიც ქართველების ესპანეთში გადასვლას და პირიქით, ქართული კლუბების ესპანელი ლეგიონერებით გაძლიერებას ითვალისწინებს.

ჩისკო მეგობრებთან ამბობდა, რომ საქართველოში არიან ნიჭიერი ბავშვები, რომელთაც ევროპაში არ იცნობენ. ამ დროს კი მას ესპანეთში კარგი კავშირები აქვს. ესპანელ ლეგიონერებს რაც შეეხებათ, "დინამოს" ყოფილმა კაპიტანმა კარგად იცის, წლეულს ევროთასებზე ქართულ გუნდებს რაც დაემართათ და მზად არის, ლეგიონერების შერჩევაში დაეხმაროს იმას, ვისაც ამის სურვილი აქვს.

ის თბილისიდან გუშინ გაემგზავრა, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ერთ თვეში ისევ ჩამოვა საქართველოში, ამჯერად - კონკრეტული წინადადებებით...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჟიმნასტიკი ხო და ტინტო ბრასი ყავთ მწვრთნელად.
ქომაგი
23:13 25-10-2017
0
ჯერ ერთი ჟიმნასტიკი არ ქვია მაგ გუნდს ხიმნასტიკი ქვია. მეორეც კიდე ხიმნასტიკიც კატალონიური გუნდია.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული