პირველები პარკეტზე სწორედ ვერცხლის ლიგის გუნდები გამოვიდნენ. "ავერსმა" დამაჯერებლად, 5:1 დაამარცხა "ელიტა ბურჯი". უხვგოლიანი გამოდგა ვერცხლის ლიგის დებიუტანტების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და "ჯეო ჰოლდინგის" დაპირისპირება, რომელიც ძალოვნების გამარჯვებით, 7:2 დასრულდა.
სულ ცოტა დააკლდა სენსაციამდე ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, "ენერგო-პრო ჯორჯიას", რომლის მეტოქეც შემოსავლების სამსახურის გუნდი იყო.
"ენერგეტიკოსები", მიუხედავად მოწინააღმდეგის უპირატესობისა, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში
საინტერესო გამოდგა "საქართველოს ბანკისა" და თბილისის მერიის გუნდების დაპირისპირება, სადაც შარშანდელმა ფინალისტმა გამარჯვება მეორე ტაიმის ბოლოსკენ გაინაღდა - 2:0 "ბანკირების" სასარგებლოდ.
ტურის გამორჩეული შეხვედრა კი უდავოდ ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და "ლიბერთი ბანკის" გუნდების დაპირისპირება გამოდგა, რომელიც საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა - მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, "კურსანტებმა" დამაჯერებელი თამაშის ხარჯზე მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და სამი ქულის მოპოვებასთანაც ახლოს იყვნენ. საბოლოოდ ფრე, 2:2.
29.10.2017. ვერცხლის ლიგა. I ტური
ავერსი - ელიტა ბურჯი 5:1
SSPS - GEO HOLDING 7:2
RS - ენერგო პრო 4:3
საქართველოს ბანკი - თბილისის მერია 2:0
ეთა - ლიბერთი ბანკი 2:2
საინტერესოდ დაიწყო მეათე სეზონი სუპერლიგაშიც. სადებიუტო შეხვედრაში "მაუდი" აჭარის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 7:2 დაამარცხა. მოლოდინისამებრ, საინტერესოდ წარიმართა დღის ცენტრალური დაპირისპირება შარშანდელ ფინალისტ სფფ-სა და თასის მფლობელ მფკ "ნატახტარს" შორის.
უაღრესად დაძაბული შეხვედრა "ნატახტარის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. მატჩის შესვენებისას გაიმართა სახალისო გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც ლიგის პარტნიორების, "ნაბეღლავის" და "ბუღას" პროდუქციით დაჯილდოვდნენ.
დღის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება მოქმედ ჩემპიონ პსპ-სა და "თელავს" შორის გაიმართა. "ფარმაცევტები" თითქოს დამაჯერებელი სხვაობით "აპირებდნენ" გამარჯვებას, თუმცა 1:5 ჩამორჩენა კახელებმა მოულოდნელად სრულად აღმოფხვრეს, საბოლოო წარმატების მისაღწევად კი არც ძალა ეყოთ და არც კლასი - 8:5 ჩემპიონის სასარგებლოდ.
ფაქტობრივად, ერთნაირი სცენარით წარიმართა ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა. "სტუდენტურ დერბიში" "თსუ-ჰიუნდაი" საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, მატჩის მიწურულს შეძლო თამაშის გადარჩენა, ფრე 1:1. ასეთივე ანგარიშით დასრულდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტვ "იმედის" გუნდების სანახაობრივი დაპირისპირება, სადაც ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეულები მეკარეები იყვნენ.
29.10.2017. სუპერლიგა. I ტური
მაუდი - აჭარა 7:2
მფკ ნატახტარი - სფფ 2:1
სკ თელავი - FC PSP 5:8
თსუ-ჰიუნდაი - FC UG 1:1
კსუ/CIU - ტვ იმედი 1:1
მომდევნო კვირას, 5 ნოემბერს პირველი ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ.
* * *
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA. ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "ნაბეღლავი", ენერგეტიკული სასმელი "ბუღა", SNAP Fitness Georgia, ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ბილტმორი".
მედიაპარტნიორები: Palitra News; რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი"; ვებპორტალები, Sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური