SBM League 2017/18: სეზონი საინტერესოდ დაიწყო

AutoSharing Option
29 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წწ. სეზონის პირველ სათამაშო დღეს უმასპინძლა. საიუბილეო გათამაშება ვერცხლის ლიგისა და სუპერლიგის პირველი ტურის შეხვედრებით დაიწყო.

პირველები პარკეტზე სწორედ ვერცხლის ლიგის გუნდები გამოვიდნენ. "ავერსმა" დამაჯერებლად, 5:1 დაამარცხა "ელიტა ბურჯი". უხვგოლიანი გამოდგა ვერცხლის ლიგის დებიუტანტების, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და "ჯეო ჰოლდინგის" დაპირისპირება, რომელიც ძალოვნების გამარჯვებით, 7:2 დასრულდა.

სულ ცოტა დააკლდა სენსაციამდე ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, "ენერგო-პრო ჯორჯიას", რომლის მეტოქეც შემოსავლების სამსახურის გუნდი იყო.

"ენერგეტიკოსები", მიუხედავად მოწინააღმდეგის უპირატესობისა, თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში
იყვნენ წინ, თუმცა გამოუცდელობამ თავისი ქნა და მათაც 3:4 დათმეს.

საინტერესო გამოდგა "საქართველოს ბანკისა" და თბილისის მერიის გუნდების დაპირისპირება, სადაც შარშანდელმა ფინალისტმა გამარჯვება მეორე ტაიმის ბოლოსკენ გაინაღდა - 2:0 "ბანკირების" სასარგებლოდ.

ტურის გამორჩეული შეხვედრა კი უდავოდ ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და "ლიბერთი ბანკის" გუნდების დაპირისპირება გამოდგა, რომელიც საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა - მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, "კურსანტებმა" დამაჯერებელი თამაშის ხარჯზე მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და სამი ქულის მოპოვებასთანაც ახლოს იყვნენ. საბოლოოდ ფრე, 2:2.

29.10.2017. ვერცხლის ლიგა. I ტური
ავერსი - ელიტა ბურჯი 5:1
SSPS - GEO HOLDING 7:2
RS - ენერგო პრო 4:3
საქართველოს ბანკი - თბილისის მერია 2:0
ეთა - ლიბერთი ბანკი 2:2

საინტერესოდ დაიწყო მეათე სეზონი სუპერლიგაშიც. სადებიუტო შეხვედრაში "მაუდი" აჭარის ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 7:2 დაამარცხა. მოლოდინისამებრ, საინტერესოდ წარიმართა დღის ცენტრალური დაპირისპირება შარშანდელ ფინალისტ სფფ-სა და თასის მფლობელ მფკ "ნატახტარს" შორის.

უაღრესად დაძაბული შეხვედრა "ნატახტარის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. მატჩის შესვენებისას გაიმართა სახალისო გათამაშება, რომლის გამარჯვებულებიც ლიგის პარტნიორების, "ნაბეღლავის" და "ბუღას" პროდუქციით დაჯილდოვდნენ.

დღის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება მოქმედ ჩემპიონ პსპ-სა და "თელავს" შორის გაიმართა. "ფარმაცევტები" თითქოს დამაჯერებელი სხვაობით "აპირებდნენ" გამარჯვებას, თუმცა 1:5 ჩამორჩენა კახელებმა მოულოდნელად სრულად აღმოფხვრეს, საბოლოო წარმატების მისაღწევად კი არც ძალა ეყოთ და არც კლასი - 8:5 ჩემპიონის სასარგებლოდ.

ფაქტობრივად, ერთნაირი სცენარით წარიმართა ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა. "სტუდენტურ დერბიში" "თსუ-ჰიუნდაი" საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში, მატჩის მიწურულს შეძლო თამაშის გადარჩენა, ფრე 1:1. ასეთივე ანგარიშით დასრულდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ტვ "იმედის" გუნდების სანახაობრივი დაპირისპირება, სადაც ორივე გუნდის შემადგენლობაში გამორჩეულები მეკარეები იყვნენ.

29.10.2017. სუპერლიგა. I ტური
მაუდი - აჭარა 7:2
მფკ ნატახტარი - სფფ 2:1
სკ თელავი - FC PSP 5:8
თსუ-ჰიუნდაი - FC UG 1:1
კსუ/CIU - ტვ იმედი 1:1

მომდევნო კვირას, 5 ნოემბერს პირველი ტურის შეხვედრებს ოქროს და ბრინჯაოს ლიგის გუნდები გამართავენ.

* * *
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "ნაბეღლავი", ენერგეტიკული სასმელი "ბუღა", SNAP Fitness Georgia, ტელეკომპანია "იმედი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ბილტმორი".

მედიაპარტნიორები: Palitra News; რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი"; ვებპორტალები, Sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო". 

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული