"თუ კალათბურთელები და მორაგბეები აღწევენ წარმატებებს, ამათ რაღა სჭირთ?"

AutoSharing Option
წერილი: ქართულ ფეხბურთს მხოლოდ შოკური თერაპია უშველის

სანამ ძირითად სათქმელზე მოგახსენებდეთ, ორიოდ სიტყვით ერთ თემას მინდა შევეხო. კერძოდ, ჩვენს პორტალზე 25 ოქტომბერს გადმოვთარგმნეთ მოსკოვის "სპარტაკისა" და რუსეთის ნაკრების 23 წლის მცველის გიორგი ჯიქიას (Георгий Тамазович Джикия) მიერ Российская Газета-სთვის მიცემული ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდი, სადაც ფეხბურთელი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებში თამაშზე ფიქრობდა, მაგრამ პლუს-მინუსები აწონ-დაწონა, რუსეთის ეროვნული გუნდი აირჩია, არაფერს არ ნანობს, მთავარია ოჯახმა მხარი დაუჭირა, დანარჩენი არ აინტერესებს, მეგრელია,
არის ასეთი ხალხი საქართველოში, რომელთაც თავიანთი ენა აქვთ და მეგრული საერთოდ არ გავს ქართულ ენას...

ამ გაუნათლებელმა სუბიექტმა არ იცის, რომ მეგრული ქართველური ენაა, წირვა-ლოცვა სამეგრელოში მუდამ ქართულად სრულდებოდა და სრულდება და საერთოდ, სამშობლოსა და ეროვნულ გუნდს პლუს-მინუსებით არ ირჩევენ.

მართალი გითხრათ, არ მეგონა ეს ამხელა აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა და არც იმას დავმალავ, რომ მკითხველთა რეაქციამ გამახარა. თანაც, ძალიან, რადგან ნათლად დავინახე თუ როგორ უყვარს ჩვენს ახალგაზრდა თაობას სამშობლო, რაშიც ეჭვი არც არასოდეს მეპარებოდა და ეს ახალგაზრდობა აშკარად უკეთესს იმსახურებს.

ზოგიერთები ამბობენ, სპორტთან პოლიტიკა რა შუაშიაო და მინდა ვუპასუხო, რომ სამწუხაროდ, არის და თანაც, შუაში კი არა თითქმის თავშია. თუ თავს არ შეგაწყენთ, ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც შესაძლოა ახალგაზრდებმა არ იცოდენ. იყო ასეთი პიროვნება, ისააკ ჟვანია, ზუგდიდის პარტიული კომიტეტის პირველი მდივანი გახლდათ, ორგანიზაცია "მაფალუ" ჩამოაყალიბა და სამეგრელოს ავტონომია მოითხოვა. ჰოდა, საქართველოს ცენტრალური კომიტეტის მაშინდელმა პირველმა მდივანმა ლავრენტი ბერიამ მემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით 1937 წელს დაახვრეტინა.

ბერია ფეხბურთის დიდი მოყვარული გახლდათ და მისი თაოსნობით 1932 წელს აშენდა თბილისის "დინამოს" 25-ათასიანი სტადიონი (არქიტექტორი არჩილ ქურდიანი), რომელიც როგორც ნაგებობა მიჩნეული იყო ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მშვენიერ ნიმუშად და ბერიას სახელობისა იყო.

Sportall.Ge

სწორედ ლავრენტი პავლოვიჩი პატრონობდა "დინამოს" და ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ უძლიერეს გუნდად აქცია. იმ პერიოდში გუნდმა ოთხჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატზე ვერცხლის და ამდენივეჯერ ბრინჯაოს მედლები. ჩემპიონებიც გახდებოდნენ, მაგრამ მაშინ არამოსკოვურ გუნდებს ამის უფლება არ ქონდათ. გუნდი სამჯერ გავიდა თასის ფინალში. სულაც არ ვარ მისი დესპოტური მეთოდების მომხრე, მაგრამ ფაქტია, ეროვნულ საქმესაც აკეთებდა და სპორტულსაც. თუმცა, ეს ხომ ფაქტიურად ერთი და იგივეა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ავად თუ კარგად ყველა საქმეს მიხედვა სჭირდება. ედუარდ შევარდნაძის მეხოტბე არასოდეს ვყოფილვარ, პირიქით, მაგრამ მისი დიდი დამსახურებააცაა "დინამოს" აღორძინება და 1976-1982 წლებში მიღწეული წარმატებები. ჩვენ მაშინ "ჩვენი ბარსელონა" გვყავდა, ყოველი მატჩი ზეიმი იყო, ჰაერიც კი ფეხბურთით იყო გაჟღენთილი. მაშინ "ლივერპული" 3:0-ზე გავანადგურეთ, გუნდი, რომელიც ფაქტიურად ბრიტანეთის ნაკრები იყო (მინუს კევინ კიგანი) და რომ გაგვმართლებოდა, ჩემპიონთა თასიც უნდა მოგვეგო. "ზემოდან" ხელშეწყობის გარეშე კი ამხელა წარმატებები ვერ მიიღწეოდა.

იგივე მოხდა იმავე პერიოდში კიევის "დინამოშიც", როდესაც უკრაინულმა გუნდმა ორჯერ მოიგო თასების მფლობელთა თასი და ერთხელ სუპერთასი (ფინალში ბაიერნს 2:0 მოუგო), მისი ლიდერი ოლეგ ბლოხინი კი 1975 წელს "ოქროს ბურთის" მფლობელი გახდა. მაშინ გუნდს უკრაინის ცკ-ს პირველი მდივანი ვლადიმირ შერბიცკი პატრონოდა.

და რა ხდება ახლა ქართულ ფეხბურთში? ეროვნული ჩემპიონატის დონე უმდაბლესია, ჩვენი კლუბები ევროტურნირებზე პირველივე ეტაპზე ეთიშებიან გათამაშებას. ყველა მატჩი მძიმე საყურებელია, მაგრამ ორმა მათგანმა განსაკუთრებით გამაწბილა. "საბურთალოსა" და "კოლხეთის" შეხვედრაში (6:3) იმდენი შეცდომა დაუშვეს ფეხბურთელებმა, რომ მათი დათვლა შეუძლებელი იყო. კიდევ ქობულეთის "შუქურა"-ბათუმის "დინამომ" (0:0).

გაგიკვირდებათ და შეცდომები მოთამაშეებს თითქმის არ დაუშვიათ, რადგან ეს არ იყო თამაში, არამედ იყო თამაშის იმიტაცია. და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატი არაა პროფესიონალ ფეხბურთელთა ტურნირი, ეს რაღაც სამოყვარულო გუნდების შეჯიბრია, რომელსაც აზრი არა აქვს, რადგან თუ ევროტურნირებზე ვერაფერს ვერ მიაღწიე, თუ ფეხბურთელი საზღვარგარეთის კარგ კლუბში არ გადავიდა, მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა-რა აზრი აქვს მის არსებობას?

ერთ მომენტზე გავამახვილებ კიდევ თქვენს ყურადღებას. მართლაც შესანიშნავად, რონალდ კუმანივით ასრულებს საჯარიმოებს თბილისის "დინამოს" მცველი ლაშა თოთაზე, მაგრამ ხომ არ შეიძლება მეკარემ 35-40 მეტრიდან დარტყმული ბურთი გაუშვას. და ეს ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა. გოლკიპერები ვერ თვლიან ბურთის ტრაექტორიას, აბსოლუტურად მოუმზადებლები არიან, თორემ ამხელა მანძილიდან დარტყმული ბურთი გზაში სიჩქარეს კარგავს და კარგმა კიპერმა უნდა მოიგერიოს. მოკლედ, მთავრდება ჩემპიონატი, თორემ თოთაძე უთუოდ გახდებოდა საუკეთესო ბომბარდირი, რაც მისი ამპლუიდან გამომდინარე, სრული ნონსენსი იქნებოდა.

ასაკობრივ ნაკრებებსაც შევეხოთ. ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე 21-წლამდელთა გუნდი საქართველოში მიმდინარე ტურნირზე, სადაც დიდი მხარდაჭერა ქონდა, ჯგუფში ჩარჩა და გავგიჟდით კინაღამ სიხარულით. ეს რა გუნდი გვყავს და რა მომავალი თაობა გვეზრდებაო. ტექნიკურ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშეთ, შეგვეძლო მოგვეგო კიდეც, მაგრამ როდესაც პორტუგალიაზე კლასით დაბალ, მაგრამ უფრო ორგანიზებულ ჩეხეთს შევხვდით, წარმოჩნდა ჩვენი გუნდის ნაკლოვანებები. 15-20 წუთის შემდეგ ნათელი შეიქნა, რომ აუცილებლად წავაგებდით, ვინაიდან ჩვენი გუნდი არ იყო მეტოქის დაცვის გამრღვევი, არც ისეთი ფეხბურთელი გვყავდა, რომელიც თამაშს თავის თავზე აიღებდა და მატჩის ბედს გადაწყვეტდა. ახალგაზრდა ფეხბურთელების წრეგადასული ქება კი ავანსის გაცემაზე უფრო მათთვის დათვური სამსახურის გაწევაა. ამის დადასტურება შემდეგი მატჩების წაგებები გახლდათ, მითუმეტეს ფარერებთან.

ჩვენი ლეგიონერები სუსტ გუნდებში თამაშობენ, ზოგიერთები იქაც ვერ ხვდებიან ძირითად შემადგენლობაში. ისეთ ჩემპიონატებზე გამოდიან ზოგიერთები, საქართველოს პირველობას ბევრად რომ ვერაფრით ვერ სჯობნის. ხშირად იღებენ ტრავმებს და რა არის ამის ძირითადი მიზეზი, ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა, ჩვენი ფეხბურთელები პირველი ძვირფასი ავტომობილის შეძენამდე შრომობენ თავდაუზოგავადო. ვერაფერს იტყვი, მართალია, ალბათ. ყველაზე ამას ვერ იტყვი, თუმცა როდესაც უკვე დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშონ, პრობლემები ეწყებათ და ეს რომ იყოს ცალკეული შემთხვევები, რა უჭირს.

მიზეზი? მიზეზი ისაა, რომ აგერ უკვე 25 წელია კორუფცია ღრღნის ქართულ ფეხბურთს და არაპროფესიონალიზმი. კიდევ? კიდევ ათასი მამაძაღლობა, თორემ თუ კალათბურთელები და მორაგბეები აღწევენ წარმატებებს, ამათ რაღა სჭირთ, ესენიც ხომ მათსავით ამავე ქვეყნის შვილები არიან. მერე ეს მომავალ თაობას გადაეცემა ჯაჭვური რეაქციასავით და ასე გრძელდება უსაშველოდ და უსასრულოდ.

გამოსავალი?

გამოსავალი არსებობს. ვიქნები ამ საკითხშიც არაპოპულარული და ვიტყვი, რომ წერილის დასაწყისში პატრონაჟის მაგალითები ტყუილად არ მომიყვანია. რა თქმა უნდა, ახლა სხვა დროა, სხვა ისტორიული და ეკონომიკური ვითარებაა, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება. ამისათვის მხოლოდ ნებაა საჭირო. პატრონი ჭირდება საქმეს, რომელიც მიხედავს საფეხბურთო მეურნეობას.

Sportall.Ge

სახელდობრ. რამდენი თანხაც არ უნდა გამოეყოს კლუბებს სახელმწიფოსგან, ამ ბიუჯეტს უპრობლემოდ აითვისებენ და მომავალი სეზონის დასაწყისში ისევ ხელებგაშლილები დაიწყებენ სიარულს. ფული სახელმწიფოსგან და ფედერაციისგან უნდა გამოიყოს მიზანმიმართულად, მასზე სასტიკი კონტროლის დამყარებაა აუცილებელი. აუცილებელია სერიოზული საკადრო ცვლილებები და კლუბების ახალი კადრებით დაკომპლექტება, მათ შორის უცხოელი, თუნდაც ნაკლებად ცნობილი სპეციალისტებით, რომლებსაც აქ არ ექნებათ თავიანთი ვიწრო მერკანტილური ინტერესები. ბუნებრივია, არაა სწორი ანალოგის გავლება, მაგრამ ხომ მოისპო კორუფცია პოლიციაში? მერწმუნეთ, აქაც შეიძლება იგივე შოკური თერაპიის ჩატარება და ეს იმაზე უფრო ადვილია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყოველივე ამას ნება ჭირდება, კაცი ჭირდება, რომელიც ყველაფერს მოიფიქრებს, თანხების მობილიზებას მოახდენს და საკადრო რეფორმას დაიწყებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიძრება საქმე მკვდარი წერტილიდან. სხვანაირად ქართულ ფეხბურთს არაფერი არ ეშველება. საკითხავი ისაა, არის კი საქართველოში კაცი, რომელიც ამას მიხედავს? დიახ, არის და თუ ამ წერილზე მკითხველის და დაინტერესებულ პირთა ჯანსაღი რეაქცია იქნება, ყოველგვარი ისტორიული ექსკურსების გარეშე კონკრეტიკაზე გადავალ.

P.S. ამ ბოლო დროს კომენტარებში ხშირად ვხვდებით პოლიტიკური პარტიების წევრების გამოხმაურებებს, რომელთაც მხოლოდ თავიანთი ინტერესები ამოძრავებთ და მათ გასაგონად უნდა ვთქვათ, წერეთ და იკითხეთ სხვაგან და ნუ გადააქცევთ ამ ისედაც დაღუპულსა და დაქცეულ ქართულ ფეხბურთს თქვენი დაპირისპირების სარბიელად.
მკითხველის კომენტარები / 37 /
საერთოდ არ უნდა ფინანსდებოდეს ფეხბურთი ბიუჯეტიდან. კატასტროფულად დიდია დაფინანსება, სხვა ყველას სპორტს არ აქვს ამდენი ერთად აღებულს და შედეგი 0. რითი დაიმსახურა ქართველმა ფეხბურთელმა ის, რომ სიგარეტი ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან იყიდოს? ფეხბურთი იძირება კორუფციაში და სულ რომ არ იყოს კორუცფია ამხელა დაფინანსება მაინც არ უნდა ჰქონდეს.
gia
05 ნოემბერი 2017 23:14
1
აი თქვენნაირი მსჯელობა არის რომ ღუპავს საქმეს!!! აგიხსნით: ერთ რამეში გეთანხმებით მხოლოდ, ქართული ფეხბურთი ნამდვილად #1-ია კორუფციის კუთხით (ფედერაციიდან დაწყებული კლუბებით და ფეხბურთელებით დამთავრებული)!!! დანარჩენად ნამდვულად ვერ არ არის #1 სპორტი!!! რაც, შეეხება კალათბურთს და რაგბს: იმის მეოთხედი დაფინანსება რომ მიეღოთ ამ სპორტის მესვეურებს კიდევ უფრო მაღალი შედეგები გვექნებოდა!!! შრომიდ და პატიოსნების ხარჯზე მიაღწიეს რაგბისტებმა და კალათბურთელებმა ამ შედეგებს, ხოდა შენი ჭირიმე გაეშვი ამ ხალხის შრომის დაკნინებას და ვიღაც კორუმპირებული ვიგინდარების უაზრო წინ დაყენებას!!! თუ გიყვართ ქართული ფეხბურთი თქვით სიმართლე და ნუ გაეშვით დაბოლებას!
saakadzes
05 ნოემბერი 2017 19:16
1
ყველაფერი სწორია, ვეთანხმები ავტორს, ერთის გამოკლებით-ვერ ვხედავ პიროვნებას, ან ჯგუფს რომელსაც ქართული ფეხბურთის გადარჩენა უნდოდეს და ამავე დროს პირადი ინტერესი არ ამოძრავებდეს!
ალეკო
05 ნოემბერი 2017 12:08
1
ხოოო მართალი ხარ მეტი ფული უკეთესი მანქანაა შენთვის და შენნაირებისთვის ამათ რამდენიც გინდა მიცე ყველას შეწამენ ან არ ეყოფათ და უფრო მეტს მოითხოვენ. თუ მოითხოვ შენ. რომელი კლუბის წევრი ხარ დაწერე.
roma
05 ნოემბერი 2017 10:55
0
კალათბურთს რაგბსა და ფეხბურთის შედარება უადგილოა. ფეხბურთში ბევრად მეტი კონკურენცია არის და დიდ ფულად რესურსს საჭიროებს
Fcb8
05 ნოემბერი 2017 10:29
18
Vaja shen gagimarjos gmertma dzmao, yvela im qartveli gulshematkivaris satqmeli tqvii chemi azrit
Maxo
05 ნოემბერი 2017 11:03
1
მოკლედ, ამათ ჭირდებათ დიკტატორი. ტერორი, სახეში ლაწუნი, წკეპლა, სახრე და პანღური რომ არ მოტეხონ ფულები და არ იმაიმუნონ. სხვაგვარად თუ ეშველოს ამას და საქმე გაკეთდეს - აი ჩააფურთხეთ. ბერია უნდათ ამათ, იგივე ზონდერი, ან ტერორისტი. გამაიმუნებულ ხალხში სხაგვარად არვკეთდება.
ექსპერტ.
05 ნოემბერი 2017 22:20
0
ვერ გავიზიარებ იმ აზრს რომ რახან რაგბში და კალათბურთში გარკვეული წარმატებები გვაქვს ფეხბურთშიც იგივე უნდა მოვითხოვთ მეც მინდა რომ მოვითხოვოთ მაგრამ ფეხბურთს ძალიან დიდი ფინანსები ჭირდება საერთოდ ვერ შეადარებთ და გვერდშიც ვერ დაუყენებთ ამ სამ სპორტს ერთმანეთს შედეგიც ისეთი გვაქვს როგორიც დაფინანსება და მიდგომა საქმესთან 150 ლარი რომ იქნება გადასახდელი ფეხბურთზე და მხოლოდ შეძლებული ოჯახების ბავშვებს რომ შეუძლიათ ატარონ ისიც გასახდომათ ბავშვები რაზე უნდა ვილაპარაკოთ კარგი სპორცმენი ღარიბ ოჯახებში იზრდებიან ეს ფაქტია მაგრამ დღეს ამ ბავშვებისთვის დახურულია მოედნები რაგბძე 15 დან 35 ლარამდეა გადასახდელი ხოდა ნახეთ რამდენი ბავშვი დადის ეს რაოდენომა ხარისხსაც მოგვცემს აუცილებლად მასობრიობა არის ყველაფრის საწინდარი
გაუღეთ მოედნები ღარიბ ბავშვებს ამ უვარგისი გუნდების დაფინანსებას ააშენეთ ბავშვთა სკოლები და 10 წლის შემდეკ შევხედოთ შედეგს დარწმუნებული ვარ აღარ გვექნება საქმე ისე რომ ისევ 1981 წელძე ვილაპარაკოთ და ვიოცნებოთ
LIVE
05 ნოემბერი 2017 21:22
3
არ გეთანხმები იმ ამბავში რომ ბევრი ფინანსები უნდაო, ჯერ რაც გვაქვს ფინანსები ის არ შეჭამონ და მერე მოითხოვეთ მეტი, ის ფაქტი რომ რაგბი და კალათბურთი რაღაც დონეზე ვთამაშობთ და ბავშვები დადიან იცი რატომ? იმიტომ რომ რაგბიც და კალათბურთიც წარმატებულ სპორტად შეიძლება ჩავთვალოთ. ბავშვების მშობლებმა იციან რომ თუ რამე გამოვა მათი შვილიდან და რამე პერსპექტივა ექნება გუნდში მოსახვედრად ფეხბურთისგან განსხვავებით ბიძა არ უნდა და ფულსაც არავინ მოთხოვს, ამიტომ ფეხბურთის მესვეურებმა ნამუსი გაირეცხეთ და წადით ქართული ფეხბურთიდან საბოლოოდ ნუ მოკლავ და გაანადგურებთ დანარჩენ პერსპექტივას თუ არი რამე დარჩენილი. "იმედია ვინც ჭამს ამ ფულებს მაინც რამე მნიშვნელოვანს აკეთებს ოჯახისთვის" :D :D
roma-ni
06 ნოემბერი 2017 00:01
0
"ქართული ფეხბურთი" არ არსებობს.
სწორია ქართული ფუტბოლი.
"რაგბი ჩვენი თამაშია" ტყუილია.
ჩვენი თამაშია "ლელო".
თავში თუ სიყალბეა ჩადებული,
გაგრძელებაც შესაბამისი გვექნება.
ჩვენი წინაპრები სიკვდილის წინ
ლელო-ს თამაშობდნენ გასახურებლად.
ჩვენ სხვისი ყანის "მთოხნავ" ერად
დავრჩებით სამუდამოდ თუკი ჩვენსას
არ განვავითარებთ და ნამდვილად
სხვისას ჩვენად გამოვაცხადებთ.
ვეტერანი
05 ნოემბერი 2017 13:13
12
საქართველოში კალათბურთს რომ ფეხბურთის დაფინანსების ნახევარი ქონდეს, ალბათ ევროპის ჩემპიონები იქნებოდნენ. სპორტის სამინისტროში მუშაობს ჩემი მეზობელი და განცვიფრებულია, კალათბურთის წლიური დაფინანსება(კლუბებიანად, საქართველოს ჩემპიონატიანად, ყველა ნაკრებიანად, ბავშვთა კალათბურთიანად და ა.შ) სულ 7 მილიონი ლარიაო, თანაც დარბაზიც არ ქონიათ და იჯარით აქვთ აღებული. ფეხბურთს რომ უზრდიან მუდმივად დაფინანსებას და შედეგი მაინც ნულია, გადაუნაწილონ სხვებს!
კოტე
06 ნოემბერი 2017 12:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული