დაპირისპირება ქუთაისის ნაცვლად თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველ არხი განახორციელებს.
ალბანური პროვოკაცია
შეხვედრას წინ უსიამოვნო სკანდალი უძღოდა. ალბანელების ოთხ ფეხბურთელს სავიზო პრობლემები შეექმნათ და მიიჩნევენ, რომ ეს ქართულმა მხარემ განზრახ გააკეთა.
"ტორპედომ" მეტოქე კლუბის ბრალდებებს უპასუხა და სიტუაციას ნათელი მოჰფინა, მაგრამ "კუკეში" შეუვალია და სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევაში ორგანიზატორ კლუბს ადანაშაულებს.
რატომ არ მისცეს
საუბარი იყო ორ მაკედონიელ, მოზამბიკელ და კოსოვოელ ფეხბურთელებზე. საბოლოოდ, გამონაკლისი დაიშვა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კოსოვოს არ აღიარებს, მასზე ვიზა გაიცა. იგივე მოხდა მოზამბიკელ ფეხბურთელზე, ხოლო მაკედონიელებზე "ტორპედომ" ინფორმაცია თამაშამდე ორი დღით ადრე მიიღო და ამიტომ გაჭიანურდა ვიზის გაცემა. საბოლოოდ, ვიზები მათზეც გაიცა, მაგრამ "კუკეშმა" საქართველოში ამ ფეხბურთელების ჩამოყვანაზე უარი განაცხადა.
სტუმარი გუნდის მთავარი მწვრთნელი არმანდო ცუნგუ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საკმაოდ აგრესიული იყო და საფეხბურთო საკითხებს არ შეხებია. ალბანელმა მხოლოდ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც შეექმნათ და როგორც კლუბის ხელმძღვანელობა, ისიც "ტორპედოს" ადანაშაულებს.
ამიტომ არაა გამორიცხული, მატჩის დღეს ალბანელების მხრიდან პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი.
"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ არ ვართ დევნილები, ასეთი რამ მე აქამდე არსად მინახავს
ალბანური გუნდი
"კუკეში" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ შარშან ალბანეთის ჩემპიონი არ გამხდარა. ამის მიზეზი კი ევროტურნირებიდან "სკენდერბეუს" დისკვალიფიკაცია გახდა.
წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე "კუკეშმა" ერთი ეტაპი გადალახა - მალტის ჩემპიონი "ვალეტა" ჩვენებური ირაკლი ძარიას გოლით გამოაგდო (0:0 შინ, 1:1 სტუმრად). შემდეგ კი, აზერბაიჯანის ჩემპიონ "ყარაბაღთან" დამარცხდა (0:0, 0:3). შედეგად გუნდი ევროპა ლიგაზე გადმოერთო.
ალბანურ კლუბში 29 წლის ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარია თამაშობს, რომელიც წელს, ზამთარში გორის "დილადან" შეუერთდა.
კლუბის ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება "ტრანსფერმარკეტზე" 6.38 მილიონ ევროს შეადგენს. "ტორპედოს" ღირებულება 5.33 მილიონი ევროა. კლუბის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 600 000 ევროდ შეფასებული ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ვილიამ კორდეიროა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლუბმა ამ ზაფხულს ერთბაშად 13 ფეხბურთელი დაიმატა და შეთამაშების სერიოზული პრობლემა აქვთ. მათ სატრანსფერო პერიოდში წინა სეზონის მთავარი ბომბარდირებიც დაკარგეს და რამდენიმე გამორჩეულმა ფეხბურთელმაც დატოვა გუნდი.
ამავდროულად, გუნდს გარკვეული პრობლემები ძირითად შემადგენლობაშიც აქვს. "ყარაბაღთან" შეხვედრაში წითელი მიიღო ალბანელმა მცველმა ალბი ალამ და "ტორპედოსთან" შეხვედრას გამოტოვებს.
რაც შეეხება მეკარეს, "კუკეშის" კარს 27 წლის ალბანელი სტივი ფრაშერი იცავს, რომელიც წინა წელს მხოლოდ 9-ჯერ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. კლუბმა ახალი მეკარეც დაიმატა, 27 წლის კოსოვოელი ფატჯონ მალოკუ, რომელსაც დებიუტი ჯერ არ ჰქონია.
ალბანურ გუნდს 34 წლის ადგილობრივი მცველი ილი შამეტი კაპიტნობს.
ქართული გუნდი
"ტორპედომ" ჩემპიონთა ლიგაზე "შერიფთან" მარცხი ევროპა ლიგაზე "ვიკინგურის" ადვილი დამარცხებით გაანეიტრალა. საქართველოს ჩემპიონს ევროსარბიელზე ქვეყნის სახელის დაცვა მარტოს უწევს და კარგი შანსი აქვს, პლეი-ოფში გავიდეს. ამისთვის "კუკეშის" ორი მატჩის ჯამში დამარცხება იქნება საჭირო.
"ტორპედოს" თავკაცი კახა ჩხეტიანი მიიჩნევს, რომ რთული თამაში იქნება, რადგან მეტოქე საკმაოდ ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და სივრცეებს დაცვაში, ფაქტობრივად, არ ტოვებს.
იმერელთა მთავარი მწვრთნელი დღეს, დიდი ალბათობით, იმ შემადგენლობით დაიწყებს თამაშს, როგორც აქამდე. ჩხეტიანმა მატჩისწინაც მიანიშნა ამაზე, როდესაც თქვა, რომ ამჟამად ექსპერიმენტების დრო არაა.
კახა ჩხეტიანი: ჩვენი სტრატეგია გვაქვს მეტოქის წინააღმდეგ და ჩემი გუნდის იმედი მაქვს
როინ კვასხვაძეს საკუთარი კარის უსაფრთხოებაში გეგეჭკორი, მარინი, აზაცკი და კობახიძე დაეხმარებიან. საყრდენ ზონაში მათე ცინცაძე გლინკას შეუწყვილდება. მათ წინ იმოქმედებენ ალბათ ქიმაძე, დოლიძე, კუტალია, ლაჩნის ოთხეული.
"ტორპედოს" თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა სურს, დღეს აუცილებლად უნდა შეიქმნას უპირატესობა. გარდა იმისა, რომ სტუმრად თამაში ყოველთვის რთულია, ახლა კიდევ უფრო ძნელი იქნება. ალბანელებისგან საპასუხო შეხვედრაში ხელოვნური პრობლემების შექმნა რომ მოსალოდნელი იქნება, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, ეს იმ მოვლენებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა.
მსაჯები
დღევანდელ შეხვედრას მალტელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ალან მარიო სანტი იქნება, ხოლო მას ედვარდ სპიტერი და რობერტო ველა დაეხმარებიან.
მოლოდინი
"კუკეში", ფაქტობრივად, ახალი გუნდის შენებაშია, რაც "ტორპედოსთვის" პლუსია. მეტოქეს რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი აკლია. "ტორპედომ" "ვიკინგურთან" მატჩები შეთამაშებისთვის კარგად გამოიყენა. ქართული გუნდისგან დღეს მხოლოდ მოგებას ველით.
ირაკლი ძარია "ტორპედოსთან" მატჩის წინ: ყველაფერი, ალბათ, მეორე მატჩში გადაწყდება
როინ კვასხვაძე : ეს არამარტო ქუთაისის, არამედ საქართველოს წარმატებაც იქნება
"კუკეში": ეს საქართველოს მხრიდან რასიზმია და "ტორპედოსთან" ყოველგვარ ურთიერთობას ვწყვეტთ
"ტორპედო": ჩვენს მიმართ ბრალდება უსაფუძვლოა, მატჩს ჩაშლა არ ემუქრება
ნამდვილ გულშემატკივრებს მაინც ნუ აყენებ შეურაცყოფას შენი აქ ყოფნით.
"ამოდის ახალი მზე, იწყება ახალი დილა
და დღეს რომ გავიმარჯვებთ, მადლობას ვეტყვით ღმერთს"
გამარჯვება ქუთათურებო... გამარჯვება ლომებო...