19 ოქტომბერს შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" 37 წლის ნახევარმცველმა შოთა ბაბუნაშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე შოთა ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება.

გამოსამშვიდობებელ მატჩში მონაწილეობას მალხაზ ასათიანი, კახა ჩხეტიანი, მიხეილ აშვეთია, დავით ჯანაშია, ზურაბ იონანიძე და სხვა არაერთი ცნობილი ფეხბურთელი მიიღებს.

შოთა ბაბუნაშვილი: "მინდა "ტორპედოში" დავრჩე და ჩემი თავი მწვრთნელის რანგშიც მოვსინჯო. ამაზე კახა ჩხეტიანიც მესაუბრა და დიდი ალბათობით, "ტორპედოს" ასაკობრივ გუნდში ვიმუშავებ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

სხვათა შორის, გამოსამშვიდობებელი მატჩიც კახა ჩხეტიანის ინიციატივაა. მან გამოხატა სურვილი, რომ ეს
დღე ყოფილიყო... ჩხეტიანს სურს, ის ფეხბურთელები, ვისი ღვაწლიც ქართული ფეხბურთისადმი დიდია, დაფასებულები იყვნენ, ეს მატჩი კი მაგალითი იქნება სხვებისთვის.

მადლობა მას ამისთვის და მადლობა "ტორპედოს" ხელმძღვანელობას ამ დღისთვის".

კახა ჩხეტიანი: "შოთა ბაბუნაშვილთან ერთ გუნდში მითამაშია და მისი მწვრთნელიც ვიყავი. შესაბამისად, ვალდებულება მქონდა, ინიციატივა ჩემს თავზე ამეღო და მისთვის ეს დღე გვეჩუქებინა.

ძალიან დიდი მადლობა "ტორპედოს" პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავასა და ხელმძღვანელობას, რომლებმაც ამ ყველაფრის ორგანიზება თავის თავზე აიღეს და, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ, რომ შოთა ბაბუნაშვილი ღირსეულად გავაცილოთ.

ქუთაისმა ბევრი კარგი ფეხბურთელი აღზარდა, მაგრამ მსგავსი გაცილება, სამწუხაროდ, არავის ჰქონია. ახლა ჩვენ ვართ "ტორპედოში" და ვალდებულები ვართ, ეს გავაკეთოთ!

გულშემატკივრებს მივმართავ: წლების განმავლობაში აქტიურად უჭერდით მხარს შოთა ბაბუნაშვილს და გთხოვთ, 19 ოქტომბერს მობრძანდეთ სტადიონზე და ერთად გავულამაზოთ ეს დღე".

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
შოთი კარგი გულიანი ქუთაისელი ხარ ძმაო და წარმატებები...
Zali Kutaiseli
22:10 11-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული