მეორე საუკეთესო შედეგი ისტორიაში - ქართული კლუბების სარეიტინგო ქულები უეფას ცხრილში

AutoSharing Option
თბილისის "საბურთალომ" "არარატ-არმენიასთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მოგებით მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა საქართველოს უეფას კოეფიციენტების რეიტინგში.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სომხურ გუნდთან მოგებით 0.25 ქულა მოიპოვა.

ამ დროისთვის საქართველოს უეფას კოეფიციენტების რეიტინგში 2.125 ქულა აქვს და ბოლო 5 წლის შედეგების დაჯამებით, 5.625 ქულით კვლავ 45-ე ადგილზეა.

ისტორია

აღსანიშნავია, რომ 1998 წლიდან მოყოლებული, უეფას კოეფიციენტების ცხრილში ეს ქართული კლუბების მიერ დაფიქსირებული მეორე საუკეთესო შედეგია. არადა, სეზონი ჩვენთვის ჯერ არ დამთავრებულა.

საუკეთესო შედეგი ქართულმა კლუბებმა უეფას ცხრილის მიხედვით 2011/12 წლების სეზონში დააფიქსირეს
- 2.875.

შეგახსენებთ, რომ მაშინ "ზესტაფონი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "შტურმთან" დაპირისპირებაში დამარცხდა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაერთო, სადაც "ბრიუგესთან" დაპირისპირებაში წააგო.

თბილისის "დინამომ" კი ევროპა ლიგის პლეი-ოფში აეკ-თან დაპირისპირებაში იწვნია მარცხი. რუსთავის "მეტალურგი" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "რენთან" ორმატჩიან რაუნდში დამარცხდა, ხოლო "გაგრა" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდა - მაშინ გაგრელები "ანორთოსისმა" გამოაგდო.

შანსები

ახლა კი დღევანდელობას დავუბრუნდეთ - "საბურთალოს" აქვს შანსი, რომ კიდევ გაზარდოს საქართველოს ქულები და ამისთვის შინ "არარატ-არმენიასთან" მინიმუმ ფრე უნდა ითამაშოს.

დღეის მდგომარეობით, ქართული კლუბების მიერ მოპოვებული ქულები ასე გამოიყურება:

  • "დინამო" (თბ) - 1 (4 მოგება, 1 წაგება)
  • "ჩიხურა" - 0.625 ქულა (2 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი)
  • "საბურთალო" - 0.5 (2 მოგება, 3 მარცხი)
  • "ტორპედო" - 0 (2 მარცხი)

  • ჯამში: 2.125 ქულა

იმ შემთხვევაში, თუ "საბურთალო" "არარატ-არმენიას" ბარიერს გასცდა, ის პლეი-ოფში "დუდელანჟსა" და "ნიომე კალიუს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სამწუხაროდ, თბილისის "დინამოს" "ფეიენოორდთან" წაგების გამო ქულები არ მიუღია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული