[გამოკითხვა] რას ფიქრობს სპორტული მედია ევროტურნირებზე ქართული კლუბების გამოსვლაზე

AutoSharing Option
ქართული კლუბებისთვის ევროტურნირები ტრადიციულად დასრულდა და შემოდგომამდე ვერ მიაღწია.

იყო თუ არა წლევანდელი სეზონი უკეთესი წინაზე? ასე ცალსახად ვერ ვიტყვით. თუ შევადარებთ სარეიტინგო ქულებს, დიახ, იყო.

თუმცა გასულ სეზონში "ტორპედო" პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ის ერთადერთი კლუბი იყო, რომელმაც ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. წელს მესამე ეტაპზე ორი კლუბი გვყავდა, მაგრამ პლეი-ოფში ვერც ერთი ვერ გავიდა.

სარეიტინგო ქულების მხრივ ნამდვილად უკეთესი შედეგი გვაქვს, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით, "საბურთალოს" მიერ სომხურ "არარატ-არმენიასთან" სამარცხვინო მარცხმა ყველაფერი დაჩრდილა.

წლევანდელი ასპარეზობის შეფასება ჩვენს კოლეგებს ვთხოვეთ.

ვახო გაფრინდაშვილი (იმედი)
: "პირველ რიგში, რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი, ზედმეტი აჟიოტაჟი ყველასთვის მავნებელია, მათ შორის, ფეხბურთელებისთვის, პირველ რიგში. მოლოდინი იყო დაახლოებით ისეთი, რა შედეგებიც მივიღეთ.

"საბურთალოს" წარმატებულმა სტარტმა, ბუნებრივია, თამასა ასწია და შემდეგ უკვე ევროპის ლიგის კენჭისყრამ ქვეცნობიერად ჯგუფში მოხვედრის სურვილი გაგვიჩინა. აქედან გამომდინარე, იმედგაცრუება ძალიან დიდი იყო. "საბურთალოს" უფრო ძლიერ კლუბთან რომ წაეგო, კითხვები არ გაჩნდებოდა. დებიუტანტი გუნდი თითქმის პლეი-ოფში კარგია, თუმცა აქ "არარატის" ფაქტორმა უფრო იმოქმედა.

ჯამში მოულოდნელი არაფერი მომხდარა, "დინამოს" მეტოქეში არ გაუმართლა. შესაძლოა, სხვა შემთხვევაში პლეი-ოფში გასულიყო კიდეც.

"ჩიხურამ" პროგრამა-მინიმუმი შეასრულა და აქაც ნათელი სურათი გვაქვს. "ტორპედოსგან" კი გამორჩეულს, სამწუხაროდ, არაფერს ველოდით".

მაგდა კლდიაშვილი (The recorder): "ქართული გუნდებისგან ევროსარბიელზე დიდი მოლოდინი არ მქონია, რადგან ყოველი იმედიანი წელი ყოველთვის დიდი იმედგაცრუებით სრულდებოდა. ქუთაისის "ტორპედოს" ევროტურნირებამდე ცოტა ხნით ადრე ფინანსური და საკადრო პრობლემები შეექმნა და თავშივე ცხადი იყო, მათგან დიდი შედეგები ვერ იქნებოდა.

"ჩიხურას" ფეხბურთიც უკეთესის იმედს ტოვებს და მათგანაც ერთი ეტაპის გავლა პროგრამა-მაქსიმუმია.

"საბურთალო" იყო დებიუტანტი და რაც მთავარია, წილისყრაში ასე გაგიმართლოს, იშვიათად ხდება. სამწუხაროა, რომ გია ჭიაბრიშვილის გუნდმა თამაშიდან თამაშამდე კი არ მოუმატა, არამედ რეგრესი განიცადა და კრახით დაასრულა. სამი საშინაო მატჩიდან კარგმა გუნდმა მინიმუმ ერთი მაინც არ უნდა წააგოს. ამ გუნდის პრობლემა უფრო მენტალური იყო. მათ "შერიფთან" გასვლაზე მოგების შემდეგ ცაში ფრენა დაიწყეს და ვფიქრობ, "არარატთან" ასეთი მარცხიც კი საკმარისი არ იყო მათ მიწაზე ჩამოსასვლელად.

"საბურთალოს" თამაშებიდან სიამოვნება არ მიმიღია. "შერიფთან" მატჩი იყო ერთადერთი ნათელი წერტილი. "არარატთან" მოგებაც კი იმდენად ცუდი საყურებელი იყო, მხოლოდ შედეგი იძლეოდა კმაყოფილების საბაბს.

ცალკე უნდა ვილაპარაკო "დინამო თბილისზე", რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა. გამაოცა არა შედეგებით, არამედ იმ ხარისხით, რაც ჩისკოს გუნდმა აჩვენა. ბოლო წლების განმავლობაში არ მახსენდება "დინამო" ასეთი შეკრული, გუნდური, გააზრებული ფეხბურთის მოთამაშე. აშკარაა, რომ სამწვრთნელო შტაბი სწორი მიმართულებით მიდის და ცალკეულ რგოლებთან აქვთ ნამუშევარი და შემდეგ სისტემურად დამუშავებული. რაც მთავარია, 4 თამაში ისე დაასრულეს, გოლი არ გაუშვიათ და მომწონს ეს გუნდური მიდგომა და არა ერთ კაცზე მორგებული ფეხბურთი, როგორც ეს "საბურთალოს" ჰქონდა კოხრეიძის შემთხვევაში.

"ფეიენოორდს" რაც შეეხება, მატჩის ბოლოს, 6 წუთში ჩამოიშალა გუნდი, თუმცა მეტოქის სიძლიერის ფაქტორიც ცალსახა იყო. განმეორებით დაპირისპირებაში გული დამწყდა, რომ "დინამომ" ინიციატივა არ აიღო თავზე, თუმცა მესმის, მათ არ უნდოდათ დიდი ანგარიშით წაეგოთ ისევ.

მთლიანობაში, მხოლოდ "დინამო თბილისმა" დამიტოვა იმედი, რომ თუ ასე სწორად განაგრძობენ მუშაობას, ლოგიკური შედეგი იქნება მომავალში.

სხვა დანარჩენ შემთხვევაში, ვერ ვხედავ ვერანაირ პროგრესს და ვერც განვითარებას, რაოდენ გულდასაწყვეტიც უნდა იყოს ყველასთვის ეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული ფეხბურთი განვითარების რელსებზეც კი ვერ გადავიდა ჯერ".

გიორგი მელქაძე (მსოფლიო სპორტი): "ქართული გუნდების გამოსვლას ევროტურნირებზე შევაფასებ წარუმატებლად. წინა სეზონში ევროპა ლიგის პლეი-ოფში გვყავდა წარმომადგენელი, წელს კი მაქსიმუმი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი იყო. წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა "საბურთალოს" და შეეძლო ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. თუმცა საქართველოს ჩემპიონისგან მეტს არ ველოდი, რადგან გუნდი არ გაძლიერებულა, ეროვნულ ლიგაშიც არასტაბილურად თამაშობდა და ეტყობოდა, რომ არ იყო მზად ევროტურნირებისთვის. ამავდროულად, არ აწარმოა კარგი სატრანსფერო პოლიტიკა, ის რესურსი კი არ იყო საკმარისი.

თვითონ ის ფაქტი, რომ "საბურთალო" "არარატ-არმენიასთან" დამარცხდა, რა თქმა უნდა, არის ძალიან მტკივნეული და სამარცხვინო. ეს ფაქტი ორმაგად სამწუხარო იმიტომ არის, რომ მათ პირველ შეხვედრაში გაიმარჯვეს. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებისთვის "შერიფთან" მიღებული გაკვეთილი არ გამოდგა საკმარისი, რომ იგივე არ გაემეორებინათ.

მე ვფიქრობ, ყველაზე კარგად "დინამო" გამოვიდა, იმის მიუხედავად, რომ "ენგორდანი" და "გაბალა" ვერ გამოდგება საზომად, ორივე შემთხვევაში ითამაშეს სანახაობრივი ფეხბურთი.

"ფეიენოორდს" რაც შეეხება, იქ იყო გარკვეული ნიუანსები, რამაც როტერდამში წაგება გამოიწვია. ვფიქრობ, "დინამოს" 'ფეიენოორდის" დონემდე ბევრი უკლია და შესაბამისად, შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. ჩემი აზრით, თბილისელებს ცოტა რომ გამართლებოდათ კენჭისყრაში, ექნებოდათ შანსი, რომ პლეი-ოფში ეთამაშათ. თუნდაც "საბურთალოს" ადგილზე რომ ყოფილიყო, ის გადალახავდა სომეხთა ბარიერს. მიუხედავად ამისა, კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი, გუნდს სჭირდება გაძლიერება.

რაც შეეხება "ჩიხურას", ერთი ეტაპის გავლაც წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, რადგან სოსო ფრუიძის გუნდს არა აქვს ის რესურსი, რომ წარმატება მოვითხოვოთ. "აბერდინთან" თბილისში შეიძლებოდა მოგება, მაგრამ შოტლანდიაში არსებულ გარემოში საჩხერელებს არ გააჩნდათ თამაშის გამოცდილება.

ხოლო "ტორპედო" რომ არ დაშლილიყო, ალბათ, გაივლიდა "ორდაბასის" ბარიერს. თუმცა სამი კვირის შეკრებილი გუნდით ეს წარმოუდგენელი იყო. ამიტომაც ქუთაისელთა შემთხვევაში ვერ ვიქნები კრიტიკულად განწყობილი, რადგან ეს გუნდი "ორდაბასს" ვერ დაამარცხებდა".

ლაშა წიკლაური (პოპსპორტი): "ჩვენ მაშინ ვამთავრებთ ევროთასებზე გამოსვლას, როდესაც სხვები იწყებენ და როგორ შეიძლება ამას წარმატება ვუწოდოთ. სამწუხაროდ, ისევ აგვოსტოში დაასრულეს ქართულმა კლუბებმა ევროსეზონი, რაც არის ცალსახად წარუმატებელი შედეგი.

მომეწონა რამდენიმე ფეხბურთელის თამაში, რომლებსაც ბევრი და რაც მთავარია, სწორი მუშაობის შემთხვევაში, შეუძლიათ ეროვნული ნაკრები გააძლიერონ. მაგალითად, შენგელია - "დინამოდან", მალი და კოხრეიძე - "საბურთალოდან". მთლიანობაში, პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბის მუშაობა, რადგან 6 თამაშიდან 4 მოიგეს და მხოლოდ 1 წააგეს. თამაშსაც ეტყობოდა მწვრთნელის ხელი.

"საბურთალომ" დიდი რეგრესი განიცადა პირველიდან ბოლო მატჩამდე და ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ კოლოსალური განსხვავებაა ქართულ და უცხოურ გუნდებს შორის ფიზიკურ მომზადებაში. ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა "აბერდინი"-"ჩიხურას" და "ფეიენოორდი"-"დინამოს" მატჩებში. სანამ ქართულ გუნდებში ათლეტები, ფიზიკურად იდეალურად მომზადებული ფეხბურთელბი არ ითამაშებენ, მანამდე წარმატებაზე ფიქრი შეუძლებელია".

დიმა შარიქაძე (კრისტალსპორტი): "ბოლო წლებში ერთადერთი გუნდი, რომელიც ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას ახერხებს და პარალელურად, გაძლიერებაზე ზრუნავს, "საბურთალოა", თუმცა გამართლება არ აქვს ევროსეზონის მიმდინარეობისას გუნდის საუკეთესო ბომბარდირის, ლაშა შინდაგორიძის ბელორუსში გაშვებას.

"დინამომ", "ჩიხურამ" და "ტორპედომ", მათი შესაძლებლობებიდან და მეტოქეების სიძლიერიდან გამომდინარე, მაქსიმუმი აჩვენეს, ხოლო "საბურთალოს" მაქსიმუმი, ჩემი აზრით, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნებოდა. ჭიაბრიშვილის გუნდის გამოსვლას დადებითად ვერ შევაფასებ, მაგრამ ვთვლი, რომ გუნდში უნდა დარჩეს და მუშაობა გააგრძელოს.

"საბურთალოსთვის", როგორც ძალიან გამოუცდელი გუნდისთვის, პირველი ევროსეზონი იყო, მაგრამ გასული წლებიდან გამომდინარე, ჭიაბრიშვილის გუნდი სულ პროგრესირებდა და ვფიქრობ, პროგრესის გაგრძელება შეუძლია, თუ ევროსეზონიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს".

ხვიჩა ყაზაიშვილი (Sportall.ge): "სასწაულების მჯერა. უფრო იმის მჯერა, რომ სასწაული შეიძლება მოხდეს, თუმცა არასდროს ველოდები. სასწაულის არსიც ხომ ის არის, რომ მოულოდნელია. ამ მოულოდნელი სასწაულის ირაციონალური რწმენა ჩამომიყალიბდა ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით.

ქართული კლუბის ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ამ სასწაულივითაა ჩემთვის - არასდროს ველოდები, მაგრამ მწამს, რომ შეიძლება მოხდეს.

ასე იყო წელსაც, არცერთი გუნდისგან არ ველოდი მოულოდნელ წარმატებას. "ტორპედო" რა დღეში იყო, ვიცოდით, რაც შეეძლოთ, გააკეთეს.

თბილისის "დინამო" რესურსებით ყველაზე მდიდარი კლუბია საქართველოში და შესაბამისი შედეგიც დადო. რომ არა მსაჯის შეცდომა, იქნებ "ფეიენოორდისთვის" უფრო დიდი წინააღმდეგობა გაეწიათ. თვალშისაცემი იყო დინამოელების ფიზიკური მომზადების მაღალი დონე. გულწრფელად რომ ვთქვათ, "დინამომაც" ლოგიკურად დაასრულა ევროთასებზე გამოსვლა და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის ძლიერ გუნდთან გამოვარდა.

მსგავსი სიტუაცია იყო საჩხერის "ჩიხურასთან" დაკავშირებითაც. სოსო ფრუიძის გუნდმა იბრძოლა, მაგრამ უფრო ძლიერ და მდიდარ კლუბთან გამოვარდა. მთავარ მწვრთნელს 3-4 საჭირო ფეხბურთელი რომ ჰყოლოდა, "აბერდინის" ბარიერის დაძლევა რომ შეუძლებელი არ იყო, თბილისურ შეხვედრაში გამოჩნდა. "ჩიხურას" რესურსების მქონე გუნდს მეტს ვერ მოსთხოვ, ბრძოლას ველოდით და იბრძოლეს კიდეც, თან "საბურთალოზე" მეტი ევროქულა მოუტანეს ქვეყანას. 0:5 კი "რეალმაც" წააგო "ბარსასთან" გასვლაზე.

მოულოდნელობა არც "საბურთალო" იყო. გაუმართლა, მეტის მიღწევა შეეძლო გუნდს, თუმცა ვერ მოახერხა და ამაში დამნაშავენი მწვრთნელები არიან. ბევრჯერ ახსენა "საბურთალოს" უკვე არც ისე ახალგაზრდა მთავარმა მწვრთნელმა, რომ შეტევითი ფეხბურთის გარდა სხვა არ ვიცითო, თუმცა იმ ფეხბურთს, რასაც "საბურთალო" თამაშობდა, ძნელია, შემტევი უწოდო.

იმედგაცრუება იყო, როცა 3 დღის წინ შეკრებილ გუნდთან წააგო, რომლის მოედანზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს ვერც კი დაელაპარაკება, ამის ფონზე კი, შენთან ბავშვობიდან ერთად გაზრდილი ბიჭები თამაშობენ, თუმცა მგონია, რომ "არარატ-არმენიას" დამარცხების შემდეგაც ვერ გავიდოდა "საბურთალო" ჯგუფურ ეტაპზე".

ბაჩო ცალუღელაშვილი (goal.ge): "ევროტურნირებზე ქართული გუნდების გამოსვლას დადებითად ვერ შევაფასებ. ველოდი, რომ გასული წლის მსგავსად, პლეი-ოფში მინიმუმ ერთი გუნდი მაინც გვეყოლებოდა. "ჩიხურას" და "ტორპედოს" წარუმატებელი ასპარეზობა თავიდანვე მოსალოდნელი იყო. "დინამოს" რაც შეეხება, თავიანთი მაქსიმუმი გააკეთეს. ახალი წესებით, თუ ევროტურნირებზე ჩემპიონის რანგში არ გადიხარ, ურთულესი გზა უნდა გაიარო, "დინამომ" კი თავისი მაქსიმუმი გააკეთა - 2 ეტაპი გაიარა და უძლიერეს (ჩვენთან შედარებით) - "ფეიენოორდთან" ვერაფერს გახდა.

მთავარი იმედგაცრუება "საბურთალოა". არა იმიტომ, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა, არამედ იმიტომ, რომ "არარატთან" დამარცხდა. კენჭისყრის მიხედვით, იოლი გზა ჰქონდა და ჯგუფში შესვლა სავსებით რეალური იყო, თორემ ზოგადი გადმოსახედიდან, დებიუტანტი გუნდის ამ ეტაპამდე მისვლა წარმატებაა. ევროტურნირების დაწყებამდე, "საბურთალოს" შესაძლოა მესამე ეტაპამდე გასვლაზე ხელი დაუფიქრებლად მოეწერა, უბრალოდ, შემდგომ განვითარებულმა სიტუაციამ ("შერიფთან" მოგება, მარტივი ბადე, "არარატთან" სტუმრად მოგება) მოიტანა ისე, რომ ჩემპიონების ამ შედეგით უკმაყოფილოები ვართ.

მიუხედავად წარუმატებელი შედეგებისა, 4-ვე ქართულმა გუნდმა ევროტურნირებიდან დიდი თანხები აიღო და კარგი იქნება, თუ ეს თანხა წინა წლებივით ფუჭად არ დაიხარჯება".

ვაჟა ქუნთელია (Sportall.ge): "ევროტურნირებზე ქართული გუნდების წარმატებით ასპარეზობის აბსოლუტურად არანაირი მოლოდინი არ მქონია. ამ სიცრუით და ილუზიით ვიკვებებით უკვე დაუსრულებლივ.

თავს ვიტყუებთ, თითქოს საქართველოს ჩემპიონატი პროგრესირებს და ა.შ. ფეხბურთელების ოჯახის წევრები არ დადიან თამაშებზე, რა პროგრესზეა ლაპარაკი.

ზოგიერთი მატჩი ეზოს ფეხბურთს ჰგავს. უბრალოდ, "საბურთალოს" ისეთი შანსი გაუჩნდა სრულიად მოულოდნელად, რომ ასეთი შესაძლებლობა შეიძლება 10-15 წელიწადში არ მიეცეს და ვერ გამოიყენა.

ჩვენ გვავიწყდება, რომ პატარა და ეკონომიკურად უმძიმეს სიტუაციაში მყოფი ქვეყანა ვართ, კარგი გუნდის დაყენებას და ნორმალური ლეგიონერების შეძენას კი ფული სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ვითარება ძალიან დიდხანს გაგრძელდება".

გიორგი ხარშილაძე (ლიდერსპორტი): "ქართულ გუნდებში, სამწუხაროდ, პოზიტიური სიახლე ამჯერადაც ვერაფერი დავინახე.

გამახარა "დინამოს" "გაბალასთან" გამარჯვებამ, თუმცა "ფეიენოორდთან" თამაშმა აჩვენა, რომ ჰოლანდიელების პრაქტიკულად მეორე შემადგენლობა ჩვენ გუნდს რამდენჯერმე აღემატებოდა.

"საბურთალომ" ევროთასებზე ასპარეზობა ომახიანად კი დაიწყო, თუმცა, როგორც გაირკვა, ეს წამიერი სიხარული გამოდგა. "ჩიხურა" ისევ იბრძვის, რაც შეუძლია ცდილობს, მაგრამ ამ რესურსით უკეთესის მიღწევა წარმოუდგენელია".

მიშა ჟორჟოლიანი (ახალი თაობა): "ერთადერთი დადებითი, რაც იყო, სარეიტინგო ქულების დაგროვებაა. თუმცა, უფრო მეტიც შეიძლებოდა... მეტ-ნაკლებად უკეთ "დინამომ" იასპარეზა, მაგრამ ისიც სუსტ გუნდებს შეხვდა. პირველივე სერიოზულ მოწინააღმდეგესთან გამოჩნდა ჩვენი მაქსიმუმი... "ტორპედო" კატასტროფა იყო, მაგრამ ეს უფრო ხელმძღვანელობის ბრალია. სრული კრახი იყო "საბურთალო", რომლის მსგავსი შანსი ალბათ ათწლეული აღარ გვექნება. "საბურთალო" ვალდებული იყო, ჯგუფში შესულიყო... 10-ბალიანი სისტემით, ოთხზე შევაფასებდი..."

alt8 მლნ ლარი და უკეთესი ადგილი რეიტინგში - ქართული კლუბების ფინანსები და ქულები ევროთასებზე

მკითხველის კომენტარები / 21 /
რომელ თამაშზე მსჯელობთ და განიხილავთ ხალხო??? და თანაც ბევრნი ალაიკებთ??? საბურთალოს ნათამები ფეხბურთი ხომ თავიდან ბოლომდის ფარსი იყო!!! აქ როგორც ვატყობ ტოტალიზატორში მომუშავენი და ფეხბურთთან დაახლოვებული პიროვნებები გამიზნულად ცდილობენ ყურადღების ძირითადი თემიდან სხვა თემაზე გადატანას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას!!!
გიოშა
20 აგვისტო 2019 16:10
0
რა სპორტული მედია რის სპორტული მედია? ჩვენ ჩვეულებრივი მედია არ გვაქვს და სპორტულზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ამ საიტზე მაგალითად ან რუსული საიტებიდან გადათარგმნილი სტატიები იდება ან ვინ რამდენი გამოიმუშავა ან მსგავსი "სპორტული" ამბები. სპორტული მედია ერთ-ერთია ვისი ბრალიც არის ასეთი შედეგები. ერთი საფეხბურთო ან ნებისმიერი სხვა სპორტის სახეობის გადაცემა არ არსებობს საქართველოში, ისეთი რომ ადამიანს დაგაინტერესოს. არც ერთი ჩემპიონატის ნორმალური ხარისხიანი მიმოხილვა არ არსებობს, არ არსებობს წინა სამატჩო ინტერვიუები არც პოსტ სამატჩო. სწორედ მედიამ უნდა გახადოთ სპორტი ღია, უნდა დადიოდეთ ინტერვიუებს ართმევდეთ კლუბების პრეზიდენტებს სპორტულ დირეკტორებს (ოღონდ 5 წუთიანს არა) ფეხბურთელებს, უნდა ქმნიდეთ ღირებულ საინტერესო პროდუქტს ეს თქვენი მოვალეობაა, და ნუ მოიმიზეზებთ ვითომ ხალხს არ აინტერესებს, თქვენ გააკეტედ და ჩვენ დავინტერესდებით. მაგალითად კვარაცხელიას ტრანსფერი რუსთავიდან რუბინში და უფულოდ დარჩენილი რუსთავი არ არის საინტერესო თემა რომ ჟურნალისტური გამოძიება შემოგვთავაზოთ მწვავე კითხვე დაუსვატ კლუბის ხელმძღვანელობას აგენტს კვარაცხელიას მის მამას.... ნუ მოკლედ რომ არ გამიგძელდეს რუსეთისგან მაინც გადაიღეთ თუ ტელე მედია ვერ ქაჩავთ ბეჭდურმა მედიამ მაინც გადაიღეთ თქვენი საყვარელი სპორტს.რუ-ს გან და მსგავსი ღირებული რამ შექმენით. ქუთაისის ტორპედოს მსგავსი სიტუაცია ნებისმიერ სხვა ქვეყანაში რომ მომხდარიყო წარმოგიდგენიათ მედიაში რა ამბავი ატყდება? ჩაჩავას მიწიდან ამოთხრიდნენ და ინტერვიუს ჩაწერდნენ და თქვენ ჩუმად თავჩაღუნულები ზიხართ და თქვენ პირდაპირ მოვალეობებს ვერ ან არ ასრულებთ. გვანახეთ როგორ ცხოვრობენ გუნდები რა პირობებში ვარჯიშობენ, გვანახეთ რას მოღვაწეობენ ფედერაციებში, გვანახეთ ჟურნალისტური გამოძიება ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ დარწმუნებული ვარ. ფროფესიონალი და ობიეკტური ჟურნალისტები ქვეყნების პოლიტიკას ცვლიან ხოლმე და არის მაგის მაგალითები სამყაროში, დიდ წილად თქვენზეც არის დამოკიდებული სპორტის განვითარება საქართველოში და ნუ ხართ ჩუმად ჟურნალისტებო!!!
გიორგი
20 აგვისტო 2019 10:30
0
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი: პორტო- კრასნოდარი 1-0 2-3

აქაც რა თქმა უნდა წისწარ დაგმული სცენარის მიხედვით დამთავრდა ყველაფერი!!!
რუსეთის ტოტალიზატორებში დიდი ფსონები გკეთდება.ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს,რომ კრასნოდარმა წააგო პირველი საშინაო თამაში,გასვლითი კი მოიგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა,ყველაფერი გაკეთდა მოულოდნელად ისე,რომ ფეხბურთის მაფიას დიდი ზარალი არ ენახა და რომ მთავარი შემოსავლის წყარო კრასნოდარი საქმეში დარჩენილიყო!!!

ყველას ვურჩევ,ნეიტრალური პოზიციიდან ფეხბურთის ყურებას და არა ერთგული გულშემატკივრის,რათა ყველამ გაიგოს თუ როგორ გვძარცვავს ის ვის გამოც ასე განვიცდით და ვგულშემატკივრობთ!!!

ფეხბურთის მაფიამ ფსიქოლოგები ჩართო ამ ბინძურ ბიზნესში,ადამიანის გრძნობებზე მიდის თამაში...!!!
გიოშა
20 აგვისტო 2019 10:10
1
რატომ გავიდა კრასნოდარი შემდეგ ეტაპზე. ჩემი სუბიექტური აზრით.ერთი თვის წინ ტირასპოლის შერიფის მიერ შინ 0-3 მოულოდნელი წაგების შემეგ ბევრმა რუსმა წააგო დიდი ფული !!! ამჯერად საფეხბურთო მაფიამ ყველას დაავიწყა ეს წარუმატებლობა და კვლავ გაუხსნა გზა ტოტალიზატორებისკენ დიდი ფსონების დასადებათ,რათა კიდევ ერთხელ გაძარცვოს რუსები !!!
გიოშა
20 აგვისტო 2019 13:52
2
დიზლაიკს რომ მიწერ გამაგებინე ერთი რატომ? რა მნუშვნელობა აქვს ყაჩაღი წაგართმევს ფულს თუ საბურთალოს მსგავი გუნდი???!!!
გიოშა
20 აგვისტო 2019 13:41
1
ყველა გამოხმაურება
საწყენია არ მარტო თქვენი ჟურნალისტური მოსაზრებები არამედ თქვენს მიერ დაბლოკილი ჩვენი კომენტარებიც, რომელიც მრავლადაა როგორც ჩემს მაგალითზე ასევე აქ გამოხმაურებიდან ჩანს ეს ძალიან ხშირად. თქვენც და ჩვენც ყველა ერთად ვართ ცოტ ცოტა შემადგენელი ჩვენი თხლებურთისა და ეს რომ არ გინდათ გაიგოთ იმიტომ ვართ აყვავებული, როგორც ქვეყანა ასევე სპორტში და სხვა დარგებშიც. ერთმანეთის არ წყენინებით და ხელის დაფარებით ვართ იქ სადაც უნდა ვიყოთ. მთელი მსოფლიო მიხვდა რომ საბურთალოს ფსონების ისეთ ცვლილება ზუსტად რომ "გაკეთებული" თამაში იყო. ეს არ იყო პირველი და ალბათ არც უკანასკნელი, მარა მაგრად ჩაგვაფურთხეს და ეს თქვენც უნდა დაგეგმოთ, რაც თქვენ არ გააკეთეთ. იმედი მომავლისა მაქვს თუ არა? ამბობენ ადამიანი იმედით ცხოვრობს. მარა საბურთალოს და თქვენი იმედი მე აღარასოდეს მექნება, დავრჩები მხოლოდ საკუთარი თავის იმედად. რაც ჩვენმა მტერმა ინატრა ისე ვიქცევით ჩვენ ყველანი, გაგვთიშოს და ერთმანეთის იმედი მოგვისპოს. მძიმეა და მტკივნეული არ გეიმედებოდეს, არ გიყვარდეს ერთმანეთი. რას ვიზამთ? ცხოვრება გრძელდება))
Geo_Dinamo
20 აგვისტო 2019 09:19
1
Ararat-Armenia და შანსი ევროპი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისა.გარდა სპორტულისა დიდი პოლიტიკური დატვირთვაც ახლავს ამ ყველაფერს.სამწუხაროა ქართველებმა ამაში მონაწილეობა რომ მივიღეთ..თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროს როგორი პოლიტიკურ "მხარდაჭერას" ღებულობს საქართველო სომხეთისგან!!!
გიოშა
20 აგვისტო 2019 09:09
1
გასაკვირი ის არის ბატონო ჟურნალისტებო რომ ახალი არაფერი არ თქვით ან ვერ თქვით ეგეთი ანალიზები აქ ყოველ მეორე კომენტარებში იყო და თან მეტად მწვავე ....საერთოდ საქართველოს უბედურება საერთოდ ყველა დარგში არის ნეპოტიზმი და “ვითომ “ ერთმანეთის გატანა თან იქ სადაც ეგ სულ არ არის საჭირო ( ერთმანეთის გატანა აქვთ სომხებს და ებრაელებს ო ღონდ ისე რომ საერთო საქმეს ბიზნესი იქნება თუ სახელმწიფროება ამაზე წინ არავის აყენებენ პირიქით შეიძლება გაწირონ კიდეც ვინმე ძაან ახლობელი ) ჩვენ თან კი როგორ არის პოლიციელი დამნაშევეს არ იჭირავს ის ხომ ჩემი ყვავის ჩხიკვის მამიდა არისო ჟურნალისტიკაც ეგრე არის აუ ეს ჩემი კლასელის მეზობლის ბიძაშვილია და მაგაზე სიმართლე როგორ ვთქვაო სპორტში ხომ ყველა სახეობაში თაქა-თაქა მიდის არა ჩემი სჯობია შენსასო სინამდვილეში მტკვარს კი იმას ატანენ ვინც რომ მართლაც ღირსეულია თავისი ნიჭით მაგრამ “პატრონი” არ ყავს ....სასამართლოზე და პოლიტიკოსებზე კომენტარიც ხომ ზედმეტია და საერთოდ თუ ვინმეს რამის ოდნავ რამე უნარი გააჩნდა უკვე დიდი ხანი წასულნი არიან ამ ქვეყნიდან და იქ სხვა ქვეყნებში უფრო მაგრად იცავენ ქართულ წესს და ადათს და სხვებსაც ასწავლიან ხოლმე ვიდრე აქ ...სამაგიეროდ აქ ყველას ვისაც არ ეზარება გვასწავლის როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ კლუბში არ შეხვიდეთ ირანის დროშა კიდია დები კი გამოუშვით ამ მაღაზიებში თურქული ენის გარდა სხვა არ ჭრის ვისი პარადები ვატაროთ ვისი გამოსვლები ავკრძალოთ აქაო და რუსები ყველა ზღვარს და საზღვარს გადაცდნენ იქაო და აქ ან პატარა სომხეთი ან პატარა აზერსტანი არისო ...თბილისში ქართულად მოსაუბრე ხალხი მომენატრა ( დღეს კარფურში 80% უცხოელი შემხვდა აქედან 70% აზიის წარმომადგენლები იყვნენ რომლებიც დასასვენებლად ჩამოსულებს არ გავდნენ) ჩვენ თუ საქმე მივდივართ სულ თავგადასავლებს გავს და ჩასულები კი ტყვეებს ვგავართ აქ მობრაძანდით დაბრძანდით და სულს რომ მოითქვამენ მერე გვეტყვის აახვიე ახლა აქედან ...ჩვენ ავხტებით დავხტებით ეგ როგორ იკადრაოოოო კაცოოო უსინდისო ყოფილაოოო ....მან რომ იკადრა ეგ მანამდის უნდა მივხვედროდით ვერ ან თუ არ მივხვდით ეს უკვე ჩვენი ბრალი არის თაან ჩვენი ყველასი : ჩემი შენი იმისის და იმის იმისიც ....რომ ძაან ჭკვიანებმა ჭკუა არც წარსულმა და არც ამწყომ არ გვასწავლა იკადრენ ლაზეთსა და ტაო-კლარჯეთში სამცხესა და ჯავახეთში ჰერეთსა და სამაჩაბლოში აფხაზეთსა და ჯიქეთში ( სოჭი ნიკოფსია) დვალეთსა და ალავერდსას ( ლორი) კადრულობენ ახალქალაქსა და აჭარას და უკვე თბილისსაც შეუდგეს !!!! აი სანამდის მიყავს ქვეყანა ბატონებო სიმართლის დაფარვას და უსამართლობის გამეფებას ვიმეორებ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რა სფეროში მოხდება ეს ....მესმის ძნელი არის აქ სამშობლოში საკუთარ სახლში სამსახურის მოძებნა ( არავის არ უნდა უცხოეთში მონობა მაგრრრაამ ი მათ ან ბევრმა ამჯობინა მე ინდივიდუალურად ვიყო მონა ვიდრე ჩემს თქვენს სამშობლოს ძირის თხრაში და უფსკრულის გადაჩეხვაში მივიღო მონაწილეობაო ...)სახლთან ახლოს საკუთარ ხალხში ღმერთმაც შეგარგოთ და ხელიც მოგიმართონ ( აბა ვინ თქვენ ჩვენ თუ არა ) მაგრამ სადაც ვმსახურობთ სადაც ვმოღვაწეობთ გავაკეთოთ ეს საქმე პროფესიონალურად შევეშვათ ლობირებას და ნეპოტიზმს ...რომელი სჯობს მოჭადრეკე ( იმიტომ რომ ჩემი შვილი ბიძაშვილი ) რინგზე გავა მოკრივესთან საპაექროდ ვინ დარჩება ამით მოგებული გარდა იმ მეტოქისა ...ამას თავ-ყბას ისე დაულეწავენ რომ კრივში ისედაც ხომ და ...უკვე ჭადრაკისთვისაც აღარ ივარგებს .... აქაც დავკარგეთ იქაც ვერაფერი შედეგი და ამას თქვენ მეოთხე ხელისუფლება ( მთელ მსოფლიოში ეგრე ითვლება ) თუ არ იტყვით არ მოიძიებთ არ გამოაშკარავებთ მაშინ ვინ აბააა...?!?!?!მე არ მგონია რომ აქ სპორტში იმდენი ფული ტრიალებდეს ყველა იყიდონ და გააჩუმონ ....და მისით გაჩუმებულებს “მკვდრებს”ეძახიან და მათი არსებობა ვის ღა რაში აინტერესებს არც არაფერი ღირს ....ამ ბოლო დროს სპორტში რამდენი რამ სკანდალური მოხდა ყველა შსს-ს აგორებული იყო და თქვენ კი უბრალოდ აფიქსირებთ ...რა იყო არც რეიტინგი არც სკანდალი თუ არ გაინტერესებთ მაშინ რა აზრი აქვს სპორტს სადაც ყველაფერი ისე ხდება რომ შიგნით სულ უსამართლობებზე არის აწყობილი ყველაფერი და შედეგიც სახეზე გვაქვს ....მაშინ კეთილი ინებეთ და თქვენც აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა და თქვით რომ ჩვენ შეკრულები ვართ ამმათთან და არ ვწერთ სიმართლეს იმის გამო რომ ეს ჩვენი საქმეა და არა თქვენი თუ როგორ ითამაშებს ნაკრები როგორ შეგვარცხვენს საბურთალო როგორ დაჩაგრევენ ნაღდად რომ ნაკრების ღირს ფეხბურთელს ( მოჭიდავეს ძიუდოისტს და ასე შემდეგ) ხოლო ვიღაც “პატრონიან” უნიჭოს კი დაავალებენ რომ თავი მოგვჭრას მთელ მსოფლიოში შეგვარცხვინოს სულში ჩაგვაფურთხოს ამით ჩვენი მტრები გაახაროს და მისცეს ჩვენზე დაცინვის საბაბი ხოლო ჩვენ კი ეს ვითმინოთ კარვალოლი და ვალერიანკა ვსვათ და ნელ-ნელა რეამინაციის გავლით გაგვიადვილონ გზა კუკიამდის ....!!! აბა ვინ იტყვით რომ ეს ეგრე არ არის ....?! თუ გაგხსენოთ რამ შეიწირა კოტე მახარაძე ....ვის შეგიძლიათ უარყოთ რომ არარატ-არმენიას შემდეგ ხალხმა რამდენი ნერვიული უჯრედი დაკარგა რომლებიც აღარ აღსდგება რამდენიც კი ინსულტ-ინფარქტის პირს მიიყვანეს ...ეს ვისაც თავმოყვარეობა და ეროვნება გააჩნია ბევრი სულაც არ არიან ფეხბურთის მოყვარული მაგრამ სამშობლოსი კი ....!!!!ასე რომ გიღირთ კი ყველაფერ ამაში მონაწილეობა ...?! და თანაც ვინმეზე ხელის დაფარება ...?! .....ხოლო რაც შეეხება ძველ დინამოს და ახალს მათი შედარება არის არა კორეკტული და მეტიც უაზრობაც ის საოცარი დინამო იყო არაოფიციალური საქართველოს ნაკრები ( ისე ის ნაკრები უეჭველი ითამაშებდა დიდ ტურნირებზე და სულ მცირე ოცეულში იქნებოდა სადღაც ათეულთან ახლოს ) ასე რომ დღეს რომ ერთ გუნდში შევკრიბოთ ყველა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი იმედია ფეინორდსაც მოუგებენ და ცოტათი ძლიერ გუნდებსაც ჩემი აზრით თუ პატიოსნად ითამაშებდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში უპრობლემოდ მოხვდებოდნენ აი ჯგუფიდან გასვლის კი რა მოგახსენოთ ....მაგრამ იარსებებდა მთავარი პრობლემა ჩემპიონატში კონკურენტუნარიანი მეტოქე აღარ ეყოლებოდათ რაც სჭირდათ ადრე კიევის დინამოს და შახტარს იმათაც კი უამრავი ლეგიონერით უწევდათ კლუბების გაზავება ....მაგრამ ორ გუნდს მაღალ დონეზე აწიონ მთელი ჩემპიონატის დონე ვერ შეძლეს თან 50 მილიონიან ქვეყანაში ...ასე რომ სჯობს ყველამ თავისი საქმე აკეთოს სათანადო დონეზე და ჩვენც ოდესღაც გვეშველება უფალის წყალობით ოღონდ ჩვენი ხელის განძრევით !!!! მიუხედავად იმისა რომ ძან გრძელია და ბევრისთვის მწარე არ დაბლოკავთ ...დემოკრატია იმის არ არის რომ ყველამ თქვას ის რაც უნდა ოღონდ კონსტიტუციის ფარგლებში !!!მადლობა და მებოდიში დიდი კომენტარის გამო ..))
დემოკრატებოო
20 აგვისტო 2019 00:55
3
არ მიწყინოთ მაგრამ აქ ბევრის ანალიზს თუ გადავხედავთ ჟურნალისტებიც იგივე დონეზე ხართ ვიდრე კლუბები და შეიძლება მათზე უკანაც კი მიკერძოებულობა დაუმატეთ ფლაგმანის მიმართ კიდე ბევრი ვითომ ობიექტირი კალმოსანის მხრიდან და იდეალური წინაპირობა გვაქ ამ წუმპეში კიდევ დიდი ხანი ვიყოთ ვიდრე წარმოგვიდგენია ეს კიდე ცალკე ვრცელი თემაა მოკლედ ქართული სანაკრებო თუ საკლუბო ზოგადად ქართული ფეხბურთი რევოლუციურ ჩარევას საჭიროებს წინა საუკუნეში ვართ აფსოლიტურად ყველა ასპექტში ფუნქციონერები მენეჯერები მწვრთნელები და + ფინანსები არის გამოსავლის გასაღები თუ დავიწყებთ ამ პროცესს პირობითად მომავალ წელს შედეგს მივიღებთ 10 წლის მერე აპა ასე იოლი კი არ არის მსოფლიოს ნომერი პირველი სპორტის სახეობა მითუმეტეს პატარა ქვეყნის პატარა რესურსების მქონე ქვეყანას ერთი ჯოხის მოქნევით ვერ შეუცვლება ვითარება
Anj: Antey
19 აგვისტო 2019 18:24
3
ფეხბურთელს რომ იმდენი ტვინი არ ექნება (საბურთალოს ფეხბურთელს ვგულისხმობ),ბოლო წუთებია,0:2 აგებ და მატჩი გადასარჩენი გაქვს და ფლანგზე სრულიად უწყინარ სიტუაციაში იკიდებ უაზრო ჯარიმას,რომელსაც მერე კინკლაობა და მატჩის რამდენიმე წუთით გაჩერება მოჰყვა,მსგავსი რამ კი სულაც არაა უმნიშვნელო ფაქტორი.ესეც უნდა გასწავლოს ვინმემ???ამიტომაც ვართ იქ სადაც ვართ.
გულშემატკივარი
19 აგვისტო 2019 17:09
1
მაპატიეთ,მაგრამ არ მემის თქვენი! რომელ თამაშზე საუბრობთ? ეს ხომ თავიდან ბოლომდის ფარსი იყო!!! ზუსტად რომ გამიზნულად მოეწყო ის აყალმაყალი რათა დრო გასულიყო და თამაში მალე დასრულებულიყო!!!
გიოშა
20 აგვისტო 2019 15:33
0
მაგდა კლდიაშვილს ვეთანხმები ყველაფერში,ქალბატონმა ზუსტად ჩემი სათქმელი თქვა დინამოსთან მიმართებაში.მე მგონი დინამო სწორი გზით მიდის და ნამდვილად უნდა მოგვიტანოს სიხარული.ვნახოთ.საბურთალოსთან მიმართებაში ცოტა მეტი კრიტიკაა საჭირო,ბოლო ბოლო ჩვენ ფულს ხარჯავენ.და კიდევ ერთი,ადმინს მინდა ვთხოვო არ დამბლოკოს.ობგაიძის გამოქომაგება წავიკითხე.წარმოვიდგინე ჩემი ორი შვილიშვილი თამაშობდა ავღელდი,როგორ შეიძლება ასე აგინო დედა ფეხბურთელებსო.გეთანხმებით ბატონო შალვა,დედის გინება არ შეიძლება,მაგრამ იქნებ თქვენც გაითვალისწინოთ პოლიტიკებმა.და კიდევ იმიტომა გვააქ ფეცბურთში ასეთი მდგომარეობა,რომ ყველგან „თქვენ“ა ხართ.პოლიტიკაში თქვენ,ფეხბურთში თქვენ,მედიცინაში თწვენ ან თქვენი შვილები,კულტურაში თქვენ და თქვენი შვილები.თქვენ მიდიხართ პოლიტიკიდან და თქვენი ყოფილი ფეხბურთელი შვილები მოდიან პოლიტიკაში.მე კი უკვე წარმოვიდგინე რო თქვენი შვილიშვილები თამაშობენ ფეხბურთს და უკვე ხელი ჩავიქნიე ფეხბურთზე...
Jordan Beli
19 აგვისტო 2019 16:57
2
ჟურნალისტთა ამ მოსაზრებებიდან ნათლად ჩანს, თუ რა დონეზეა დღეს ქართული ფეხბურთის ანალიტიკა! არაფერი ახალი, საინტერესო, დამაფიქრებელი და განმასხვავებელი ჩვეულებრივი გულშემატკივარის კომენტარებისგან. ის კი არა, რიგ კომენტარებში უფრო მეტი ცოდნა ჩანს ფეხბურთის ვიდრე ამ ჟურნალისტთა ნაამბობიდან. კიდევ რომ მსაჯს დააბრალებ ფეინოორდთან წაგებას, რომელ პროფესიულ გარჩევაზეა ლაპარაკი? სამწუხაროა, რომ ქართულ ფეხბურთში დრო ყველაფრის მკურნალია . . .
ანდრო
19 აგვისტო 2019 16:53
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული