ზუგდიდის უეფას მე-3 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა.
სამშენებლო სამუშაოები მოიცავს სტადიონის გადახურვისა და განათების, სახანძრო სისტემის და პარკინგის სივრცის, ვენტილაციის და გათბობა-გაგრილების სისტემის მოწყობას, გახმოვანების სამონტაჟო სამუშაოებს, ტერიტორიის კეთილმოწყობას.
სათადარიგო სტადიონი გათვლილია 1200 მაყურებელზე და მასზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, ტრიბუნა, გასახდელები და დამხმარე სათავსოები, ვენტილაციისა და გათბობა-გაგრილების სისტემები და ჩატარდება სხვა აუცილებელი სამუშაოები.
სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10.5 მილიონი ლარია. სამუშაოების ნაწილი 2019 წელს შესრულდება.
მშენებლობას კომპანია "დაგი" ახორციელებდა. გამოვლინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარვეზი:
- მინდვრის საფარს გარშემო რკინა-ბეტონის ჯებირი აქვს შემოვლებული, რომელთანაც შეჯახებისას ფეხბურთელებმა მძიმე ტრავმა შეიძლება მიიღონ.
- ტრიბუნები ისეა მოწყობილი, რომ მაყურებელთა ნაწილი მოედანს კარგად ვერ ხედავს - მათ გვერდიდან ბეტონის კედელი ეფარებათ.
- მინდვრის საფარი უსწორმასწოროა და რადგანაც სათანადოდ არ უვლიან, თითქმის გამხმარია.
- წყალსადენი სისტემის გაუმართაობის გამო ნაწვიმარი წყალი ტრიბუნებზე გროვდება.
მოკვლევა "ფლანგვის დეტექტორმა" აწარმოა. როგორც "ფლანგვის დეტექტორი" განმარტავს, ზუგდიდის მერიაში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მერიაში კი თითქმის ორჯერ გაზრდილ პროექტის ბიუჯეტს სამშენებლო ხარჯებზე მომატებული ფასებით ხსნიან, გამოვლენილ ხარვეზებს კი "საპროექტო შეცდომებს" უწოდებენ.
წყარო: https://odishinews.ge