ფუტსალის ლიგის ახალი სეზონი 6 დეკემბერს დაიწყება!

AutoSharing Option
ფოტო:gff.ge

6 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საქართველოს ფუტსალის ლიგის 2019-2020 წ.წ სეზონი აიღებს სტარტს.

ამასთან დაკავშირებით, 4 დეკემბერს, ილიაუნის წიგნის სახლში "ლიგამუსი", ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის ახალი სეზონის წილისყრა გაიმართა.

ფუტსალის ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 6 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ერთმანეთს სამ წრედ დაუპირისპირდებიან. რის შემდეგაც საუკეთესო ოთხეული პლეი-ოფში განაგრძობს ასპარეზობას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები სამ მოგებამდე გასტანს. ორ მოგებამდე გაგრძელდება "ბრინჯაოს ფინალი".

ზედა ლიგის მსგავსად, 6 გუნდი იქნება წარმოდგენილი ლიგა 2-ში. სამი წრის შემდეგ, უმაღლესი ლიგის საგზურისთვის
საუკეთესო ოთხეული განაგრძობს ბრძოლას. 1/2 ფინალური და ფინალური შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება.

წრიული ეტაპის დასრულების შემდეგ, გუნდები პარალელურად ფუტსალის ლიგის თასის გათამაშებაში ჩაერთვებიან. სადაც ჯამში, წრიული ეტაპის შედეგების მიხედვით, საუკეთესო 8 გუნდი იასპარეზებს. ფინალისტი და თასის მფლობელი სპეციალური ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის, 2016 წლის 10 თებერვალს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ფუტსალის ლიგის რიგით მეხუთე სეზონსაც მხარეები ერთობლივ ორგანიზებას გაუწევენ.

ფუტსალის ლიგისა და ფუტსალის ლიგა 2-ის პარტნიორი კვლავ საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი იქნება, რომლის თანადაფინანსებითაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი და წელს პირველად, ფუტსალის ორივე ლიგის გუნდები მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საბაზისო დაფინანსებას მიიღებენ.

სეზონის პირველი სათამაშო დღე 6 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღებს სტარტს. ფუტსალის ლიგა 2-ში 13:00 საათზე "თსუ 2-სა" და დებიუტანტი "ევროპის უნივერსიტეტის" შეხვედრა გაიმართება, 15:00 საათზე "საქართველოს უნივერსიტეტი" "კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს" დაუპირისპირდება, 21:00 საათზე კი "პსპ" ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს, "გორს" გაეჯიბრება.

ფუტსალის ლიგა 17:00 საათზე თსუ-სა და თბილისის მატჩით დაიწყება. 19:00 საათზე საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, "თელასისა" და ლიგა 2-დან გადმოსულ "ილიაუნის" დაპირისპირება აიღებს სტარტს. 7 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე "ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი" ადგილობრივ "მართვეს" დაუპირისპირდება.

მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული