სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
წყარო: interpressnews.ge