ლევან კობიაშვილი: შეიძლება, ამას ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე...

AutoSharing Option
ფოტო: gff.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების, ქალთა ფეხბურთის, ფუტსალის, 2023 წელს გასამართი U21 ევროპის ჩემპიონატისა და კიდევ სხვა საკითხების შესახებ sportall.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს ესაუბრა. ინტერვიუ რუმინეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრის გამართვამდეა ჩაწერილი.

- მოგესალმებით, ბატონო ლევან. ინტერვიუ ეროვნულ ნაკრებზე საუბრით გვსურს დავიწყოთ. საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საქართველოში იცხოვრებს და იმუშავებს. რა შეიძლება დავინახოთ ამ ნაბიჯის უკან?
- რასაკვირველია, კარგია, როცა ეროვნული ნაკრების უცხოელი მწვრთნელი საქართველოში ცხოვრობს, თუმცა არ მგონია, რომ ეს პრინციპულად რამეს ცვლიდეს.

აქ მყოფ
მწვრთნელს, ცხადია, შეუძლია დააკვირდეს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს, თუმცა წინა მწვრთნელის დროსაც იყვნენ ეროვნულ გუნდში საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეები. თან, დაკვირვება არაა მთავარი, რამდენ ხანს უნდა დააკვირდეს; მთავარი ისაა, რამდენი მოთამაშეა ჩვენს ლიგებში ისეთი, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე წარმატებულად თამაში შეუძლიათ.

თან, თუ საქმე ფეხბურთელების დაკვირვებას ეხება, დღევანდელ რეალობაში ეს ყველა ქვეყნიდან არის შესაძლებელი, რადგან ეროვნული ლიგის ყველა შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება ხდება.

მნიშვნელოვანი არის ის ფაქტი, რომ ვილის ჩვენ კი არ ვავალდებულებთ, არამედ საქართველოში ცხოვრება მან თავად მოინდომა. ფედერაციის შენობაში აქვს სამუშაო ადგილი, სამსახურში ფეხით დადის, ესაუბრება ადამიანებს, ცდილობს გაიგოს, ვინ ვართ და როგორი ხალხი ვართ. თვლის, რომ მენტალური ანალიზი საქმიანობაში გამოადგება. გარდა ამისა, ყოველდღე ესაუბრება ნაკრების ექიმს, იღებს ინფორმაციას ყველა ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ, დამხმარე მწვრთნელ ზურა ხიზანიშვილს, ისე მუშაობს, თითქოს არა ნაკრების, არამედ კლუბის გუნდს ხელმძღვანელობდეს.

მთავარი, საბოლოო ჯამში, შედეგია. შედეგი თუ იქნება, არავინ იტყვის, რამდენი დღე გაატარა საქართველოში და რამდენი სხვა ქვეყანაში. როცა შედეგი არ დგება, შემდეგ იწყება სხვადასხვა მიზეზის ძიება.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ ვინმე ამბობს, რომ წარმატებული არაა ან რატომ არ ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაშიო?!

ასე რომ, კარგია, რომ ვილი აქ ცხოვრობს. ის მხოლოდ თამაშებს არ აკვირდება, ურთიერთობს ადამიანებთან, მეზობლებთან, ეზოში, ქუჩაში. მანქანით მომსახურებაზეც უარი თქვა. სანიოლი მოკრძალებულობითა და თავმდაბლობით ფეხბურთელობის დროსაც გამორჩეული იყო. მთავარი კი შედეგია...

- მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებზე მინდა გკითხოთ. რა მოლოდინები შეიძლება გვქონდეს ამ შეხვედრების მიმართ?
- მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაშებია, მოგება გვჭირდება. კარგია, რომ წინა თამაშებში პოზიტივი დავინახეთ, თამაშის ხარისხი, ფეხბურთელების სულისკვეთება მოედანზე, ბრძოლისუნარიანობა, თავდადება, თუმცა, შედეგი გვინდა. შეგვეძლო ისე დაგვეგეგმა ამხანაგური მატჩები, რომ უფრო სუსტ ნაკრებ გუნდებს შევხვედროდით, რომლებთანაც მოგების მეტი შანსი გვქნებოდა, თუმცა არ გვსურდა, რადგან მიგვაჩნია, რომ გვყავს ისეთი გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლია კონკურენტუნარიანი იყოს.

გვჯერა, რომ ასეთი ნაკრები გვყავს, მაგრამ მის მოედანზე გადატანას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს - რამდენად არის მზად ყველა ფეხბურთელი, როგორია მათი ფიზიკური მომზადების დონე, სათამაშო პრაქტიკა. ეს ყველაფერი ბოლო მატჩებში თამაშის ხარისხზე აისახა, თუმცა გავიმეორებ, შედეგი გვინდა, მოგება გვსურს, გახარება. პირველ რიგში, ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ და ირწმუნონ, რომ გამარჯვება შეუძლიათ.

ამ ორ შეხვედრას რაც შეეხება, მაქვს მოლოდინი, რომ არა მხოლოდ თამაშის დროს, არამედ საფინალო სასტვენის შემდეგაც გვექნება გარკვეული შედეგი, რომელიც სიხარულის საშუალებას მოგვცემს. იმედია, ეს მოლოდინები გამართლდება.

ვხედავთ, რომ გუნდს სჯერა, რომ გამარჯვებების მოპოვება შეუძლია. მხოლოდ ის მომენტი რომ ავიღოთ, კვარამ ბერძნებს რომ გაუტანა და ბურთი სწრაფად წამოიღო ცენტრისკენ, ეს უკვე ბევრს ნიშნავს და ბევრს ამბობს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ ერთ ფეხბურთელს რაღაც მოუნდა; არა, ეს გუნდის ვარჯიშებიდან და განწყობებიდან გამომდინარეობს. მესამე თამაშია, დაღლილი ხარ, გასვლაზე თამაშობ და ბოლო 15 წუთში შენ უფრო გინდა მატჩის მოგება, ვიდრე მეტოქეს. ასე ჩანდა, ასე იკითხებოდა და ეს ძალიან კარგია. სწორედ ეს განწყობაა შესანარჩუნებელი და გასაძლიერებელი.

- შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წამყვან ჩემპიონატებში უფრო მეტი ფეხბურთელი რომ გვყავდეს, ეროვნული გუნდი კიდევ უკეთეს ფეხბურთსად აჩვენებდა და შედეგებსაც დადებდა. თქვენი გამოცდილებაც რომ გაიხსენოთ, რატომ გვყავდა უფრო მეტი ფეხბურთელი წამყვან ლიგებში 90-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში, ვიდრე დღეს?
- გულახდილად რომ გითხრათ, ვთვლი, რომ დღეს საქართველოს ჩემპიონატიდან ევროპაში წასვლა უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ დროს იყო. მაშინ მოთხოვნა უფრო მაღალი გახლდათ, რადგან იმ პერიოდში, როცა ჩვენ ევროპაში წავედით, იქაური კლუბების აკადემიები ისე განვითარებული არ იყო, როგორც ახლაა, ბუნდესლიგაში კლუბების უმრავლესობას აკადემიები არც ჰქონდა. ისინი ფეხბურთელებს გარეთ ეძებდნენ, ახლა კი დიდი რესურსი აქვთ და უდიდეს ნაწილს ქვეყნის შიგნით დებენ. საზღვრებს გარეთ კი ისეთ ფეხბურთელს ეძებენ, რომელიც პირველ გუნდს გააძლიერებს და არა იმას, რომელიც შედეგს ხვალ და ზეგ მოიტანს. მოთხოვნად ჩამოუყალიბდათ, რომ ძირითადში თავიანთი აკადემიის აღზრდილი 1-2 მოთამაშე მაინც ჰყავდეთ და ამ მიდგომამ ჩვენი ფეხბურთელების იქ მოხვედრის შესაძლებლობა გაართულა.

მაშინ ჩვენნაირი ქვეყნებისკენ იხედებოდნენ. როცა "ფრაიბურგში" მოვხვდი, სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდათ. შეიძლებოდა ერთი მატჩი კარგად ვერ მეთამაშა, მაგრამ მეორეში დამაყენებდნენ, მზრდიდნენ, მომავლისთვის მამზადებდნენ.

ყველაზე რთული კი ერთი რამ იყო, რაც ახლაც იგივეა. არათუ ყველა თამაშზე, ყველა ვარჯიშზე ბოლომდე უნდა დაიხარჯო და დაამტკიცო, რომ იქ ყოფნის ღირსი ხარ. შენ უნდა დაანახო ყველას, რომ იქ ყოფნას იმსახურებ და ფეხბურთელის სიძლიერეც ამით განისაზღვრება, რამდენად არის მზად, 100%-ით დაიხარჯოს.

ეს ადვილი ნამდვილად არ არის, უცხო გარემო, უცხო ქვეყანა, უცხო კოლეგები და ყოველდღე უნდა ამტკიცო, რომ იქ შენი ადგილია; დაამტკიცო უნდა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ღირსი ხარ; დაამტკიცო უნდა, რომ გარკვეული ხნის გავლის შემდეგ ამ კლუბისგან ახალ კონტრაქტს იმსახურებ, ამისთვის კი ყოველდღიური ომის გადატანა გიწევს. სხვანაირად წარმატებას ვერ მიაღწევ. ბევრი მაგალითი გვქონია, თავიდან კარგად დაიწყო, მერე ისე ვეღარ, მერე ტრიბუნაზე გადაინაცვლა და მერე სახლში ჩამოდის.

თუმცა, კარგი მაგალითებიც გვაქვს. იგივე გიორბელიძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატიდან წავიდა. კარგ ფეხბურთელობასთან ერთად, სხვანაირი ადამიანია და მიხარია, რომ ასეთ შემთხვევებს ვხედავ. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი ჩემპიონატიდან წასვლა არ შეიძლება, მაგრამ ისიც არის, ჩვენი ლიგები დიდი კლუბებისთვის საზომი არ არის, საშუალო დონის კლუბისთვის კი, არის.

- რამდენად კარგი გაკვეთილი და მაგალითია ფუტსალის ნაკრების წარმატება ეროვნული საფეხბურთო გუნდისთვის და რა გახდა საქართველოს ფუტსალის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მიზეზი?
- განსაკუთრებულია ფუტსალის ნაკრების წარმატება. ფეხბურთში ასეთ ტურნირზე პირველად ვთამაშობთ. ცხადია, განსხვავება არის დიდ ფეხბურთსა და ფუტსალს შორის, თუმცა მაინც ფეხბურთია.

მათმა წარმატებამ კი ბევრი რამ დაგვანახა. არასდროს მჯერა, რომ რაღაცები შემთხვევით ხდება. ან იმსახურებ, ან არა. თუ აღწევ წარმატებას, ნიშნავს, რომ იმსახურებ. არ ვიზიარებ ხოლმე ფრაზას "არ გაგიმართლა", რადგან ეს ნიშნავს, რომ რაღაც სწორად არ გააკეთე და თვითკრიტიკული უნდა იყო, უნდა გააანალიზო, რატომ არ გაგიმართლა შენ და სხვას კი.

ფუტსალი კი ამის მაგალითია. ეს წარმატება შემთხვევითი არაა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ფუტსალს პოტენციალი აქვს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს თუნდაც, ეზოებში. გვახსოვს, ნაკრებს ერთი ნაბიჯი დააკლდა, თუმცა რუმინეთის ბარიერი ვერ გადალახა და იმედგაცრუებული დავრჩით. იმის შემდეგ იყო ფინეთთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლი. თუმცა, მოვედით აქამდე და მოვიდა წარმატებაც. ამ ცუდი გამოცდილებით რაღაცები ვისწავლეთ, უფრო მეტს ვაკეთებდით და წარმატებამდე მიზანმიმართულად მივედით.

ცხადია, ფუტსალის სპეციფიკა განსხვავებულია, თუნდაც ფეხბურთელების ნატურალიზაცია რომ ავიღოთ. ეს არის ის ნაბიჯი, რასაც თითქმის ყველა გუნდი დგამს. ან გაყვები ამ ძლიერ დინებას, ანდა წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ჩვენი გერბი იქნება, ჩვენი ჰიმნი; იქნებიან როგორც ეროვნებით ქართველი, ისე ნატურალიზებული მოთამაშეები, რომლებიც მიზნის მიღწევაში ძალიან დაგვეხმარნენ.

არ მომბეზრდება ფუტსალის ნაკრებისა და მათი პერსონალისთვის მილოცვა. მახსოვს, იყო პერიოდი, როცა ფორმები არ ჰქონდათ, დარბაზები საშინელ მდგომარეობაში იყო, ისინი კი არ დანებდნენ, ეს ყველაფერი გამოიარეს და წარმატება დაიმსახურეს. ამიტომ ვამბობ, რომ ფუტსალის ნაკრების წარმატება სამაგალითოა.

მაგალითია ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის, რომელმაც შარშან ყველაზე რთული პერიოდი გამოიარა, რომელიც ყველაზე მტკივნეულია ჩვენი ფეხბურთისთვის და პირადად ჩემთვისაც. მაგრამ იმ მწარე გამოცდილებიდან უნდა ვისწავლოთ, რომ მომავალში იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ, თვითკრიტკულობა წარმატების ერთ-ერთი საფუძველია.

- რამდენად განაპირობა ფუტსალის ნაკრების წარმატება შიდა ჩემპიონატების გაძლიერებამ?
- როცა წლების წინ ბიზნესლიგა დავიწყეთ, გვქონდა მიზანი, რომ მაგალითი, მოტივაცია მიგვეცა. ჩვენ დღესაც ვთამაშობთ, მეც, როცა ამის დრო მაქვს. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანის ჩართულობა წარმატების მიღწევაში საკუთარ როლს თამაშობს. არ აქვს მნიშვნელობა, ის მოყვარულია, პროფესიონალი, ვეტერანი, ფუტსალის მოთამაშე, სტუდენტი თუ სკოლის მოსწავლე. ვთვლი, რომ ჩვენში უდიდესი რესურსია, იგივე სტუდენტებში და ის ბოლომდე გამოყენებული არაა.

წარმატებები, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მოტივაციის ზრდას ნიშნავს, რომ თუ ისინი ეცდებიან, იშრომებენ, შეუძლიათ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშონ. ჩვენი თაობა 1981 წლის გამარჯვებაზე იზრდებოდა, გვინდოდა, ისეთი მაგრები ვყოფილიყავით. ცხადია, ეს იმ კალიბრის წარმატება არაა, მაგრამ მოტივაციის მიცემა მაინც შეუძლია.

და თვითონ ნაკრების ევროზე გასვლა ლოგიკური შედეგია. იგივე ბიზნესლიგა, სტუდენტური ლიგები, ფუტსალის პროფესიონალური ლიგები, მოდიოდა, იზრდებოდა და ლოგიკური დასასრულიც მოვიდა.

- "ლანჩხუთის" წარმატებამ ქალთა ფეხბურთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. რამდენად შეუძლია ამ და მომავალ პოტენციურ წარმატებებს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის შეცვლა, რომ ფეხბურთი ქალებისა და გოგონების საქმე არაა?
- ვთვლი, რომ ქალთა ფეხბურთის წარმატებას სტერეოტიპებისა და კლიშეების შეცვლა შეუძლია. გარკვეულწილად უკვე შეცვალა და კიდევ უფრო მეტად შეცვლის. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ გოგონამ და ქალმა ფეხბურთი არ უნდა ითამაშოს, უფრო ნაკლებია, ვიდრე ისინი, ვისაც საპირისპირო აზრი გააჩნია. სწორედ დამოკიდებულების ცვლილება იყო ერთ-ერთი მიზანი, როცა ქალთა ფეხბურთის პროპაგანდა დავიწყეთ, რომ ფეხბურთი გოგონებმა უნდა ითამაშონ. არავის აქვს უფლება, გოგონებს ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალოს. პირიქით, უნდა დაეხმაროს.

"ლანჩხუთის" წარმატებამ ყველა გაგვახარა და როგორც ფუტსალის შემთხვევაში, ესეც კანონზომიერი იყო. წლების წინ ჩემპიონატი არ არსებობდა, მხოლოდ ნაკრები იყო. ახლა ჩემპიონატი გვაქვს, ეროვნული ნაკრები, 19-წლამდელთა ნაკრები. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ 2 წლის წინ ჩვენი 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდში პირველად გავიდა. სამწუხაროდ, გასულ წელს 19-წლამდელებში ევროპის ჩემპიონატი პანდემიის გამო ვერ ჩავატარეთ, არადა, ეს ტურნირი საზოგადოებაში დამატებით სტიმულს შემოიტანდა.

დღეს, როცა ფართო საზოგადოებამ დაინახა, რომ ქალები ფეხბურთს თამაშობენ, ამ სფეროში არსებული პრობლემებიც მეტად გამოჩნდა. ვერ ვიტყვი, რომ ამ პრობლემების არსებობით ბედნიერი ვარ, მაგრამ, მიხარია ის, რომ ადამიანებმა დაინახეს და გაიგეს, რომ ჩვენს ქვეყანაში გოგონებს ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და აკეთებენ კიდეც.

ხოლო პრობლემებზე კი სამუშაო გვაქვს და ისინი გამოსასწორებელია. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტი გოგონა ჩაერთოს ფეხბურთში, თუმცა რაც უფრო მეტი მოვა, პრობლემებიც იმატებს. იგივე, ინფრასტურქტურის კუთხით, სხვადასხვა გადასაჭრელი საკითხით, თუმცა, მე მირჩევნია, რომ ეს პრობლემები გამოჩნდეს. დარწმუნებული ვარ, მალე უფრო ძლიერი ჩემპიონატი გვექნება, უფრო მეტი კარგი მოთამაშე გოგონა გამოჩნდება, ნაკრებიც უფრო გაძლიერდება.

დღეს მაინც მგონია, რომ ამ მიმართულებით საწყისი ნაბიჯები იდგმება. არის პრობლემები ფეხბურთელი გოგონების უფლებების დაცვის კუთხით. უფრო მეტი პრობლემა კლუბებშია, თუმცა, იმედი მაქვს, ეს ყველაფერი აღმოიფხვრება. თუმცა ყველაზე მეტად რაც მახარებს, ის არის, რომ დღეს საქართველოში გაცილებით მეტმა ადამიანმა იცის, რომ ქალთა ფეხბურთი არსებობს და მას მხარს უჭერს.

შევქმენით ქალთა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია, რაშიც უეფა გვეხმარება. პირველი ფედერაცია ვიყავით, რომელმაც დააყენა საკითხი, რომ აღმასკომში ქალი წევრი უნდა ყოფილიყო და არის კიდეც ასე. ამ კუთხით ნაბიჯებს ვდგამდით. შესაძლოა, ეს ვიღაცისთვის დიდი არ არის, მაგრამ სულ ვცდილობდით, ფეხბურთში ქალების ჩართულობის მნიშვნელობა ყველასთვის დაგვენახებინა.

- 2023 წელს საქართველოში ევროპის 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატი გაიმართება. რა შეიძლება მოიტანოს ამ შეჯიბრების ჩვენს ქვეყანაში ჩატარებამ?
-ამ შეჯიბრების საქართველოში ჩატარებას დიდ მოვლენას დავარქმევდი, რადგან ევროპაში თუკი ვინმე ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, ამ ტურნირში მონაწილეობას თითქმის ყველა იღებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ამ შეჯიბრებას დასავლურ ქვეყანასთან ერთად ვმასპინძლობთ. კარგია ის, რომ ფინალი ჩვენს სახელმწიფოში გაიმართება, რადგან ქალაქის, სტადიონისა თუ ქვეყნის ცნობადობა გაიზრდება.

სპორტული კუთხით არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს ნაკრებს ასეთ ტურნირში მონაწილეობა აქამდე არასდროს მიუღია. ფეხბურთელებისთვის აქ თამაში უდიდესი გამოცდილება იქნება, თან მათი ნაწილი ეროვნული გუნდის წევრია ან მომავალში იქნება.

ტურნირის მიმდინარეობისას იგეგმება უამრავი ღონისძიება. პირველი ვორქშოპი უეფასთან ერთად მაისის ბოლოს გავმართეთ. უამრავი დეტალია, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ. ყველა ქალაქში უნდა მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განხორციელდეს მინი-პროექტები, გაიზარდოს ცნობადობა, ჩაერთონ მოხალისეები. ბავშვებისთვის ეს განსაკუთრებით დიდი მოტივაცია იქნება, რომ ასეთ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება მათაც შეეძლებათ. ჩვენი მიზანია, ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს, რადგან ეს სპორტის წარმატების საფუძველია.

ფინალის საქართველოში ჩატარების უფლების მოპოვება, მეტწილად, ბათუმის სტადიონის არსებობამ განაპირობა. უეფაში ხედავენ, როცა კარგ პროექტს ახორციელებ, მას მხარდაჭერა სჭირდება და ეს მოტივაციაც არის, რომ სხვა ქალაქში კიდევ ერთი კარგი სტადიონი აშენდეს.

- ბათუმის სტადიონის გახსენებაზე თვალწინ ეროვნული ჩემპიონატის ბოლო 2 შეხვედრა გვიდგება, როცა ამ არენაზე ისეთი ატმოსფერო იყო, ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც რომ დაამშვენებდა. მაგრამ ბათუმი გამონაკლისია, განსაკუთრებით თბილისში კი მაყურებელი თითქმის არ დადის. კლუბები ე.წ. გრასრუთ კამპანიებს ვერ აწარმოებენ და გულშემატკივრები სტადიონებზე ვერ მიჰყავთ. ამ მხრივ, საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებთან ერთად, ხომ არ იგეგმება რაიმე სახის ნაბიჯები?
- ბათუმში ჩატარებული ორი მატჩიდან ერთ-ერთ დავესწარი და ჩემი ემოცია რომ გადმოგცეთ, ადამიანს გსიამოვნებს, რომ იქ ხარ. ისეთი გარემოა, რომელსაც გულშემატკივარი ქმნის, რომ ფეხბურთიც კი სხვანაირად გეჩვენება. მოთამაშეებსაც სხვა განწყობა აქვთ და სხვა პასუხისმგებლობას გრძნობენ. გუნდს გულშემატკივარი ჰყავს, ბილეთებს ყიდულობენ, კლუბის ატრიბუტიკას ატარებენ. ასეთ ატმოსფეროს ევროპულ ქალაქებში ვართ მიჩვეულნი და კარგია, რომ ბათუმში ასეთი პრეცედენტი გვაქვს, ვისურვებდი, სხვა ქალაქებშიც იგივე ხდებოდეს.

ბევრჯერ მიფიქრია, თუ რატომ არ დადის გულშემატკივარი თბილისში და საკუთარი აზრი ჩამომიყალიბდა. ადამიანები სტადიონებზე გარკვეული მიზეზებით დადიან, ზოგს ის კლუბი უყვარს, ზოგს ატმოსფერო მოსწონს (ისე, როგორ ბათუმში) და ა.შ. ჩვენი ქვეყნის სპორტის სხვა სახეობებს რომ შევადაროთ, შიდა ჩემპიონატში იგივე ხდება. კალათბურთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტია, საქართველოს ჩემპიონატის თამაშებისას დარბაზები ცარიელია, უფრო მეტი დადის რაგბიზე, თუმცა გავსებული არასდროსაა.

მაგრამ ნაკრების თამაშებზე წყალბურთშიც კი ტრიბუნები ივსება, რადგან ეს მისი ქვეყნის გუნდია, მასთან ასოცირდება. იგივე განწყობაა რეგიონებში, იგივე ბათუმში. გულშემატკივარს ის კლუბი თავისად მიაჩნია და სხვას ეთამაშება. სხვა რეგიონებშიც იგივე ხდება. სამწუხაროდ, იგივე განწყობა თბილისში არ აქვთ, რადგან ადამიანები ამ გუნდს თავისად არ თვლიან, მათთან კავშირი, ბმა არ აქვთ. არადა, ვთვლი, რომ კლუბებს პოტენციალი აქვთ, ამას კი მუშაობა სჭირდება. კლუბებმა უნდა იმუშაონ, რომ ადამიანებს შეექმნას განწყობა, რომ ეს მათი გუნდია და თამაშზე მივიდეს.

ხშირად ამბობენ, რას აკეთებს ფედერაცია. ფეხბურთის ფედერაცია ვერ იმუშავებს იმაზე, რომ ადამიანები რომელიმე კლუბის გულშემატკივრები გახდნენ. რაც უფრო მეტი გულშემატკივარი მოვა თამაშებზე, მით მეტად გამიხარდება, თუმცა ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის. არადა, კლუბებს უდიდესი რესურსი აქვთ, ოღონდ გარკვეული სახის სამუშაოებია საჭირო.

- როცა ვხედავთ, რომ რეგიონებში უფრო მეტი ადამიანი დადის, ლოგიკური იქნება პროვინციების კლუბების დახმარება ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. რა ხდება ამ მიმართულებით?
- რეგიონებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს რაც შეეხება, მალე დასრულდება ხაშურის სტადიონი. ზუგდიდის სტადიონზე სამუშაო პროცესები გრძელდება და ეს პროექტიც დასრულდება. ფოთის სტადიონზე, რომელიც 2023 ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი არენაა, სავარჯიშო სტადიონი გაკეთდა და ვფიქრობთ, რომ მეოთხე ტრიბუნაც გავაკეთოთ, შეიკრას იქაურობა და კიდევ ერთი ლამაზი არენა მივიღოთ.
იწყება ბორჯომის სტადიონის რეკონსტრუქცია და როგორც სხვა რეგიონებში ხდებოდა, ჩვენ მათ მოედნის ნაწილში დავეხმარებით. სამტრედიაში სავარჯიშო სტადიონის მოწყობისა და განათების დამონტაჟებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს. ხობსა და სენაკში ინფრასტრუქტურის განვითარება დაგეგმვის პროცესშია. თელავის სტადიონის რეკონსტრუქცია, როგორც ვიცი, ახლო მომავალში უნდა დაიწყოს.
თბილისში, დიდ დიღომსა და ნუცუბიძეზე ჩვენ დავიწყეთ პროექტები. ასევე, ქუთაისში დავიწყეთ აკადემიის მშენებლობა და მგონია, რომ მომავალ წელს დავასრულებთ. ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრი გამოვა, 4 მოედნით, შენობა-ნაგებობით, რომელშიც აკადემია განთავსდება და მთლიანად იმერეთს მოიცავს. თუ სურვილზე მკითხავთ, ქუთაისშიც ისეთი ახალი და კარგი სტადიონის აშენებას ვისურვებდი, როგორიც ბათუმში გვაქვს.

- როცა რეგიონის კლუბებზე ვსაუბრობთ, აშკარაა პრობლემა ბავშვთა ფეხბურთის დონეზე, მწვრთნელების განათლების კუთხით...
- საკმაოდ რთული საკითხია, განსაკუთრებით, როცა საქმე ააიპ გუნდებს ეხება. ზოგადად, ვთვლი, რომ ყველა რეგიონში ერთი დიდი კლუბი უნდა იყოს და მათ მიებათ ასაკობრივი გუნდები. დიდ კლუბს სხვა ვალდებულებები უჩნდება, თუნდაც ლიცენზირებასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ლიცენზიის მაღალი დონის ქონა მწვრთნელობას არ ნიშნავს. ბოლო დროს ბევრი რამ შევცვალეთ.

იგივე C კატეგორიის ლიცენზია რომ ავიღოთ, ადრე რამდენიმე დღეში, რამდენიმე ვარჯიშის ჩატარებით შეიძლებოდა ადამიანს მიეღო. დღეს ეს პროცესი რამდენიმე თვეზეა გაწერილი და მოდულებად არის დაყოფილი. შეიცვალა მიღების წესიც და მხოლოდ სურვილის ქონა საკმარისი არ არის. ვიტყვი, რომ მწვრთნელთა განათლების სფერო ერთ-ერთი გამორჩეულია ბოლო წლებში, თუმცა ის შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოაჩენს.

დღეს ჩვენს ჩემპიონატში ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელთა მიდგომებიც მომწონს. შესაძლოა მათ დიდი სახელები არ აქვთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებენ, ნიჭიერები არიან. მსოფლიო ფეხბურთის ტენდენციას თუ გავყვებით, დავინახავთ, რომ ახალგაზრდა მწვრთნელებმა ფეხბურთში სრულიად ახალი მიდგომები შემოიტანეს. ჩვენს ახალგაზრდა მწვრთნელებსაც აქვთ ეს უნარები და პერსპექტივები.

რეგიონებში გვაქვს პრობლემები. ხშირად, რაღაც-რაღაც ადგილობრივი ჩარევებით გუნდებში მწვრთნელებად ისეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებიც, ჩემი აზრით, თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. შესაძლოა, ამას პირდაპირ და ხმამაღლა არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ასეთი რეალობა გვაქვს. ძნელია ფედერაციამ ყველა გუნდის თითოეული მწვრთნელი გამოიკვლიოს, ვინ არის და კონკრეტულად რას აკეთებს. თუმცა ამ პრობლემის გადასაჭრელად ბავშვთა საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაცია შემოვიღეთ.

ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, თუ რა სკოლაში მიჰყავს ბავშვი, რას უნდა ელოდეს. თუ ყველაზე დაბალი კატეგორიისაა ან საერთოდ მინიჭებულიც კი არ აქვს, იცი, რომ იქ მომუშავე მწვრთნელს, შესაძლოა, ლიცენზიაც არ ჰქონდეს. ამიტომ, ჩვენ ამ სკოლების სისტემატიზაცია გვსურს და ამ ყოველივეს ამიტომ ვაკეთებთ. პირველად ხდება, რომ ბავშვთა ფეხბურთი მიზნობრივად ფინანსდება. ადრე კონკრეტულად ბავშვთა ფეხბურთი არ ფინანსდებოდა. სკოლებს, რომლებსაც დაფინანსების მიღება სურთ, მოთხოვნების დაკმაყოფილება ევალებათ. სხვა შემთხვევაში დაფინანსებას ვერ მიიღებენ.

გარდა ამისა, მალე შეიქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ივლის რეგიონებში და დააკვირდება სკოლების მუშაობის პროცესს: მწვრთნელის დამოკიდებულებას ბავშვების მიმართ, მის მიდგომებს და ბევრ სხვა დეტალს. ასე ხდება გერმანიაში და ამ პროცესის შემდეგ სრული ინფორმაცია გვექნება. ეს სამუშაოები კი გარკვეული წლების შემდეგ შედეგს მოიტანს. არ მგონია, რომ ხვალ ყველაფერი იდიალური გახდება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა შესაძლოა მე ფედერაციაში საერთოდ არ ვიყო, ეს ნაბიჯები შედეგს მოიტანს. ჩვენ კი წარმატების მისაღწევად მუნიციპალიტეტების, მოსახლეობის, მშობლების ჩართულობა გვჭირდება, რადგან მათ გარეშე ერთი ლევან კობიაშვილი ვერაფერს გააკეთებს.

- ბოლო დროს აქტიურად გვხვდება მსაჯების კრიტიკა და ხშირად კი, სამწუხაროდ, შეურაცხყოფა და მათი დემონიზების მცდელობა. ისეთი განწყობა იქმნება, რომ კლუბები, ფეხბურთელები და მწვრთნელები ყველაფერს კარგად აკეთებენ, ხოლო ფეხბურთს წინსვლაში ხელს მსაჯები უშლიან. თქვენი აზრით, დღევანდელ ქართულ ფეხბურთში რამდენად არის მსაჯთა საკითხი პრობლემური?
- ჩემთვის საკმაოდ რთულად სასაუბრო საკითხია, რადგან ხშირად არის არგუმენტები და სურვილი კრიტიკული დამოკიდებულებების დაფიქსირებისა. ყველანაირად ვცდილობ, რომ ეს იქნება კლუბი, მწვრთნელი თუ ფეხბურთელი, მათთან ეს პროცესი ღია დაპირისპირებად და საჯარო კითხვა-პასუხად არ ვაქციო. თუმცა, ცხადია, არც მე მომწონს მსაჯების მიმართ არსებული დამოკიდებულება.

მსაჯობა ურთულესი პროფესიაა და განსაკუთრებით რთულია ჩვენს ჩემპიონატში და თუ მკითხავთ, ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე რთული პროფესია სწორედ მსაჯობაა. თუმცა, მათ, როგორც მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, საკუთარი არგუმენტები აქვთ. არ ვცდილობ მსაჯების დაცვას, რადგან მათ მიმართაც კრიტიკული ვარ, რადგან აშკარაა, რომ შეცდომები ხდება. ამ შეცდომების გამოაშკარავებას ხელი იმან შეუწყო, რომ ყველა თამაშის ტრანსლაცია ხდება, ყველას შეუძლია სმარტფონით წამებში შეამოწმოს, რა და როგორ იყო.

ცხადია, მსაჯებს შეცდომები აქვთ და ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. სწორედ ამ მიზეზით შემოიღეს VAR სისტემა და მილიარდობით თანხას ტყუილად არავინ ყრის. ლა ლიგასა და ბუნდესლიგაში, სადაც VAR გამოყენება, შეცდომები იქაც არის.

VAR-ს ბევრი პლუსი აქვს, თუმცა გარკვეულ ეპიზოდებში პრობლემებიც შექმნა, მაგალითად, როცა ეკრანზე ჩანს, რომ შეხება იყო, მსაჯი ვალდებულია ნახოს და წესების დარღვევა დააფიქსიროს, არადა, ყველა შეხება ჯარიმა და პენალტი ნამდვილად არაა.

გეტყვით, რამდენიმე დღის წინ უეფაში იმ კომიტეტის სხდომა ჩავატარეთ, რომლის ხელმძღვანელიც გახლავართ. ჩვენი კომიტეტის მრჩეველია უეფას მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელი რობერტო როსეტი, რომელსაც ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია ჰქონდა. ხელით თამაშთან დაკავშირებით რამდენიმესაათიანი დისკუსია გაიმართა, ვიცე-თავმჯდომარე ლუიშ ფიგუ იყო ჩართული, სხვა ბევრი, რადგან გაურკვეველია ხოლმე, რა შემთხვევაში იდება პენალტი ხელით თამაშის დროს და რა შემთხვევაში არა. მსაჯებს თავიანთი ხედვა აქვთ და ყველა ეპიზოდს გარკვეული წესების მიხედვით აფასებენ, თუმცა ადამიანები განსხვავებულად უყურებენ და კომიტეტის ფარგლებშიც კი მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა. ამიტომ, მთელი კომიტეტის თხოვნა იყო, რომ გულშემატკივრებისთვის უფრო მარტივად გასაგები გახდეს, რა შემთხვევაში იდება პენალტი და რა შემთხვევაში არა. თუმცა, ამის მარტივად გადმოცემა რთულია.

ჩვენც გვექნება VAR სისტემა, თუ ამ სეზონის ბოლოს ვერა, მომავალ სეზონში აუცილებლად. ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. უკეთესი გადაღება გვჭირდება, უკეთესი ინტერნეტი, უკეთესი აპარატურა. საკმაოდ რთულია ჩვენთვის, რადგან, მგონი, ერთადერთი ფედერაცია ვართ, რომელიც თამაშების გადაღებაში ფულს ვიხდით და ჩვენ ვაკეთებთ ტრანსლაციებს. თუმცა, ეს აუცილებელია, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ, საერთოდ არ იქნება...

ჩვენთანაც, ცხადია, ხდება შეცდომები და ისინი უფრო აშკარად ჩანს. ზოგჯერ ისეთი შეცდომებია, რომლებიც გვიკვირს, თუ რატომ მოხდა. თუნდაც ბათუმის "დინამოსა" და "საბურთალოს" შეხვედა რომ ავიღოთ, თან ისეთი გამოცდილი მსაჯი მუშაობდა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი პროტესტის საგანი ხდება.

არ ვარ ის ადამიანი, ვისთვისაც პროტესტი მიუღებელია, არსებობს გაპროტესტების ფორმაც. ვხედავთ ევროპაში, მწვრთნელებიც აფასებენ ხოლმე, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა, თუმცა, სამწუხაროდ, კომუნიკაციის ის ფორმა, რაც ჩვენთან ბოლო პერიოდში ხდება, ვგულისხმობ გამოხატულ დიდ აგრესიას მსაჯების მიმართ, მგონია, რომ ეს მათი დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. მსაჯებს დახმარება სჭირდებათ, მათ გვერდში დგომა სჭირდებათ. გვყავს გამოცდილი მსაჯები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე სჯიან თამაშებს. ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 1/4-ფინალური შეხვედრა იმსაჯა ახლა ქართველმა. მიუხედავად ამისა, შეცდომები ხდება. ბუნებრივია, ყველა ვისურვებდით, რომ ეს შეცდომები არ იყოს.

ამის მსგავსად, მიჩნდება უკმაყოფილების გრძნობა, როცა ევროტურნირებზე თამაშისას ქართული გუნდების ფეხბურთელები უშვებენ შეცდომებს, ხშირად მწვრთნელებიც. თან ამ დროს ყველა ხელს ფეხბურთის ფედერაციისა და მისი ხელმძღვანელობისკენ იშვერს, როცა არც კლუბის პრეზიდენტები ვართ და არც მწვრთნელები, არც ფეხბურთელები. ამიტომ, ბოლო დროს მსაჯების მიმართ გაჩენილი აგრესიული განწყობები, ჯერ ერთი, გაუგებარია და მეორე, მიუღებელიც. ცოტა ხნის წინ ჩავატარეთ შეხვედრა კლუბის წარმომადგენლებსა და მსაჯებთან ერთად, რათა გარკვეულ პრინციპებზე შევთანხმებულიყავით. ეს არ ნიშნავს, რომ ადამინებმა უკმაყოფილება და პროტესტი არ გამოხატონ; არა, უბრალოდ არსებობს ამის ფორმები და მას არავინ უნდა გასცდეს, რადგან ეს უკეთესობისკენ არ წაგვიყვანს.

მსაჯებს თუ ვკითხავთ, ალბათ, მათაც ექნებათ პასუხი, რომ ნეტავ ქართული კლუბები იმ ეტაპამდე მივიდნენ, სადაც მსაჯები არიან, ევროპის დონეს ვგულისხმობ. ყველაფრის მსაჯებზე გადაბრალება სწორი არ იქნება. მეც კრიტიკულად ვარ მსაჯების მიმართ უკვე განწობილი. ფაქტია, რომ ამ შეცდომებმა გამოიწვია დისკუსიები, რაც კარგი არ არის, მაგრამ, ის რაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, არა მგონია, კარგი იყოს. პროტესტმა ქაოსამდე არ უნდა მიგვიყვანოს.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ თვითკრიტიკულობა, პრობლემების საკუთარ თავში ძიება ყველას გვჭირდება და ამ მიდგომის არარსებობა, პირველ რიგში, ჩვენვე გვაზიანებს, ვინც უნდა იყოს ეს, ფედერაცია, მსაჯი, მწვრთნელი, ფეხბურთელი თუ კლუბი.

- მოკლედ ევროპულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზეც რომ ვისაუბროთ. როგორ შეაფასებდით იმ პროცესებს, რომლებიც ევროპის სუპერლიგის იდეის გარშემო განვითარდა?
- რაც შეეხება ევროპულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებსა და სუპერლიგას, ეს უცხო თემა არ ყოფილა, ის დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. ნამდვილად არ ვთვლი, რომ ამ პროექტის ინიციატორები სულელები არიან. მათ ჩათვალეს, რომ მოვიდა ის ეტაპი, როცა ეს იდეა გარეთ უნდა გამოეტანათ და დაანახეს უეფას, რომ რესურსი მათაც აქვთ და რაღაცების გაკეთება შეუძლიათ. არა მგონია, რომ ეს პროექტი უახლოეს მომავლში განხორციელდეს, თუმცა გარკვეულ შედეგს ამ კლუბებმა მიაღწიეს და უფრო მეტ თანხას მიიღებენ. მართალია, რომ თანხის უდიდესი ნაწილი წამყვანი კლუბების თამაშებზე მოდის, მაგრამ, გვახსოვდეს უნდა, ფეხბურთი ღარიბებმა შექმნეს. "ალიანს არენა" რომ ავიღოთ, ბილეთების 70-80% დაბალი ფასისაა, მხოლოდ 5-6% თუ არის VIP ბილეთები და ასეც უნდა იყოს.

ახლა ეს იდეა იმიტომ გამოჩნდა, რომ კლუბებს დიდი ვალები დაუგროვდათ. თითქოს შეხედავ "ბარსელონას", დაინახავ, მესი თამაშობს და იფიქრებ, ამას რა პრობლემა უნდა ჰქონდეს, რეალურად კი მილიარდობით ვალი დაუგროვდათ. ამისი მიზეზები კი მენეჯმენტშია და იმ სატრანსფერო პოლიტიკაში, რაც ფეხბურთისთვის კარგი არ იყო. 100 და 200-მილიონიანი ტრანსფერები შეცდომა გახლდათ და ამან მიიყვანა კლუბები ამ მდომარეობამდე. პსჟ-სა და სხვა კლუბებს ჰქონდათ რესურსები; ტრადიციული დიდი კლუბები იძულებულნი გახდნენ, მთ აჰყოლოდნენ და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამიტომ გამოვიდნენ და თქვეს, რომ რაღაცები მათაც შეუძლიათ.

ამ პროცესში კარგი იყო, ფიფასა და უეფას ერთიანი პოზიცია რომ ჰქონდათ. მიუხედავად ყველაფრისა, არ მგონია, რომ სუპერლიგის პროექტი განხორციელდება. უბრალოდ, ამ ნაბიჯით დიდი კლუბები უფრო მეტი თანხების მიღებას მოახერხებენ.

- ბოლოს, ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზეც ორიოდ სიტყვა ვთქვათ. საქართველოსთვის ეს განსაკუთრებული ტურნირი იქნება, იმედგაცრუების გრძნობა მთელი ტურნირი თუ არა, ჯგუფური ეტაპის ბოლომდე მაინც გაგვყვება. როგორ ფიქრობთ, ვინ არის ტურნირის ფავორიტი და თქვენ რომელ ნაკრებს უგულშემატკივრებთ?
- ალბათ, ყველა ქართველისთვის განსაკუთრებული ჩემპიონატი იქნება და ვინც კი თამაშებს ნახავს, ყველას ის რთული დღეები და მაკედონიასთან გამართული მატჩი გაახსენდება... თუმცა, უკვე ვეღარაფერს შევცვლით.

ეს ევროპის ჩემპიონატი უფრო სხვანაირია, ვიდრე ადრე იყო. თუნდაც ის, რომ რამდენიმე ქალაქსა და ქვეყანაში ტარდება. გარდა ამის, ადრე 1-2 გამოკვეთილი ფავორიტი სულ იყო, ახლა კი ტურნირის მოგების შანსი ბევრს აქვს.

ბავშვობიდან ესპანეთის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი და გამიხარდება, ევრო 2020-ს თუ ისინი მოიგებენ. გერმანიის ნაკრებზეც იმავეს ვიტყვი, თან მგონია, რომ ეს გუნდი რაღაც დიდს შემოგვთავაზებს, რადგან ლიოვი ასრულებს ნაკრების გაწვრთნას, ჰუმელსისა და მიულერის გამოძახებით კოლექტივში პოზიტივი შეიტანა, ინდივიდუალურადაც ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. სწორედ ამიტომ, გერმანიის ნაკრებსაც ერთ-ერთ ფავორიტად ვთვლი.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვიჩა, რა სასწაული კითხვები გაქვს, რა ინტერვიუები, მოკლედ, გაოგნებული ვარ შენით... უფრო ხშირად უნდა წერო!
აღფრთოვანებული
18:48 04-06-2021
3
მე იმ ქვეყანას რა ვუთხარი,კობის რომ მელია ურჩევნია.ფედერაციას რომ ლანძღავთ და აგინებთ ის ხალხი დვალიშვილის თამადობით სად დაიმალეთ,მხოლოდ მაშინ რომ გამოხტებით,როდესაც ნაკრები წააგებს
სამწუხაროდ
23:44 03-06-2021
20

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული