6 ივნისს, სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში, 2021 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ერთმანეთს გერმანიისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. უეფას გადაწყვეტილებით, ისტორიაში პირველად, კონტინენტის პირველობის გადამწყვეტ შეხვედრას ქართველი მსაჯები განსჯიან. მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილია.
ქართველმა მსაჯებმა ევრო 2021-ზე ფინალურ მატჩამდე სამ შეხვედრაზე იმუშავეს. გიორგი ყრუაშვილის სამსაჯო ბრიგადა ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთი-ჩეხეთისა და ინგლისი-შვეიცარიის მატჩებს მოემსახურა, მეოთხედფინალში კი ესპანეთისა და ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრებთა დაპირისპირება განსაჯა.
შეგახსენებთ, რომ 2019
წელს გიორგი ყრუაშვილი ფიფას სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და ისტორიაში მეორე ქართველი მსაჯი გახდა, რომელსაც ფიფას მეორე კატეგორიის არბიტრის სტატუსი მიენიჭა. მას შემდეგ გიორგი ყრუაშვილმა, ქართულ სამსაჯო ბრიგადასთან ერთად, უეფას ეგიდით გამართულ სხვადასხვა დონის შეხვედრებზე იმუშავა, მათ შორის, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.
წყარო: NAKREBI.GE
ქართველი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი ფიფამ დააწინაურა - სიახლეები ქართულ სამსაჯო კორპუსში