კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი "გაგრასა" და "სუტიესკას" შორის 1:1 დასრულდა, თუმცა ქართული გუნდი, სამწუხაროდ, ორი შეხვედრის ჯამში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მონტენეგროში 0:1 წაგების შემდეგ „გაგრას“ რევანშის აღებისა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჰქონდა, თავდაუზოგავად იბრძოლა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, ნაკლებად სანახაობრივი, მომენტები არ იქმნებოდა და 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს. ნიკაჩის თავური მეკარე კერესელიძემ მოიგერია, შემდეგ კი იანჯიჩმა ანგარიში გახსნა. მასპინძლებს საპასუხო გოლის გატანა 64-ე წუთზე შეეძლოთ - მაქაცარიას პასის შემდეგ სამუშია მეკარეს გასცდა, მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ბურთი ცარიელი კარიდან მცველმა გამოიტანა. მერე ჩერნოგორიელთა შეცვლაზე შესულმა ნახევარმცველმა მარუშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა.
86-ე წუთზე მაქაცარიამ შორიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. ბოლოს „გაგრა“ შტურმზე გადავიდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ შეძლო.
გაგრა - სუტიესკა 1:1
გოლები: 0:1 იანჯიჩი (51), 1:1 მაქაცარია (86)
გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, ქობულაძე (გაზდელიანი 71), კაკიაშვილი (ვეკუა 59), სულთანიშვილი, სამუშია (მარკოზაშვილი 79), ხაბელაშვილი, გვიშიანი (კიკაბიძე 71), მაქაცარია
სუტიესკა: გილიენი, გრივიჩი, დრინჩიჩი, ბუბანია, სტიეპოვიჩი, კორეა, მატანოვიჩი, ვუკოვიჩი (მიტროვიჩი 87), ერაკოვიჩი, იანჯიჩი (ვუკიჩი 60), ნიკაჩი (მარუშიჩი 66)