სფფ-ში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

AutoSharing Option
22 თებერვალს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. ძირითადი საკითხი საქართველოს ჩემპიონატის ლიგების დებულების დამტკიცება იყო.

2022 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მეცხრე და მეათე ადგილებზე გასული გუნდები ავტომატურად დაქვეითდებიან ლიგა 3-ში, ხოლო მეშვიდე და მერვე ადგილებზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან ლიგა 3-ის მესამე და მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს. ამ ფორმატით გაირკვევა 2023 წლის ეროვნულ ლიგა 2-ის მონაწილეები. შესაბამისად, ლიგა 3-ის ორი საუკეთესო კლუბი პირდაპირ მოიპოვებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები ორმატჩიან
პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან ლიგა 2-ის მეშვიდე-მერვე ადგილებზე გასულს კლუბებს.

ლიგა 3-ის გათამაშებაში მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ადგილებზე გასული გუნდები ლიგა 4-ში დაქვეითდებიან. შესაბამისად, ლიგა 4-ში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები ლიგა 3-ის საგზურს მოიპოვებენ, ხოლო ლიგა 4-ის მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეთხუთმეტე და მეთექვსმეტე ადგილებზე გასული გუნდები რეგიონულ ლიგაში დაქვეითდებიან.

ახალი სეზონიდან პლეი-ოფის მატჩებში სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა. ასევე, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ლეგიონერების ლიმიტი 10 მოთამაშემდე გაიზარდა.

აღმასკომზე ასევე დამტკიცდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება. გათამაშება სტარტს აპრილში აიღებს. საწყის ეტაპებზე ლიგა 3-ის, ლიგა 4-ის, რეგიონული ლიგის გუნდებთან ერთად, ისტორიაში პირველად, მოყვარულთა ლიგის ჩემპიონი მსკ „ბასიანი“ მიიღებს მონაწილეობას.

ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები თასის გათამაშებაში მეთექვსმეტედფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან, რომელიც 6 და 7 აგვისტოს გაიმართება. მერვედფინალური მატჩები 20 და 21 აგვისტოს შედგება.

კალენდარში გათვალისწინებულია ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდების ინტერესები. 2 ივლისს ეროვნული ლიგაში საზაფხულო შესვენება გამოცხადდება. ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდები ბოლო შეხვედრას 29 ივნისს გამართავენ. კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 13 აგვისტოს განახლდება.

უეფას რეკომენდაციით, მინიმალური ცვლილებები შევიდა ლიცენზირების დებულებაში. სკოლების კატეგორიზაციის ფარგლებში დამტკიცდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მუდმივად გაუწევს მონიტორინგს საფეხბურთო სკოლებს.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
გუნდები ცოტა ჯანზე მოვიდნენ და კარგ სეზონს ველოდები.
ჩვენი ჩემპიონატის დონე გაიზრდება თუ სავსე სტადიონებზე ჩატარდება თამაშები.მაყურებელმა შეიძლება მოიმატოს,მაგრამ სავსე სტადიონები არ გვექნება,სანახევროდაც კი.
ამიტომ ხო შეიძლება რეგიონებში სოფლად მცხოვრებ ხალხს უფასოდ დაურიგდეს ბილეთები.ვთქვათ ქუთაისის გარშემო რამდენი სოფელია-სოფლელი კაცი ქალაქში რო ჩამოვიდეს ავტობუსის ფულო უნდა + ბილეთის,სემიჩკის და იწეწება.როცა ბილეთი ექნება დაადებს თავს და ველოსიპედით თუ ცხენითაც ჩამოვა. ეს გაუშალაშინებელი აზრია,მაგრამ დაფიქრება და ჩამოყალიბება შეიძლება.
Levani
10:19 23-02-2022
0

სიახლეები პოპულარული