Corriere dello Sport: "კვარა" "ნაპოლიში", სავარაუდოდ, ახალ მწვრთნელთან და ახალ ფეხბურთელებთან ერთად

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერს იტალიური მედია უკვე განხორციელებულად მიიჩნევს. ნეაპოლურმა გუნდმა სერია A-ს ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, სკუდეტოსათვის ბრძოლას პრაქტიკულად გამოეთიშა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას.

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, უკანასკნელ ხანს გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის გამო კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან ურთიერთობა გაუფუჭდა და არაა გამორიცხული, სამუშაოდან დაითხოვოს. ცნობისათვის, სპალეტის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. "ნაპოლის" მწვრთნელის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება - ჯან პიერო გასპერინი
(ატალანტა), ვინჩენცო იტალიანო (ფიორენტინა) და რობერტო დე ძერბი (შახტარი).

"კორიერე დელო სპორტი" მომავალი სეზონისთვის "ნაპოლის" დაკომპლექტების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ მოსწონთ თუ არა, ლორენცო ინსინიეს ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ალბათ, ფარუზი გულიამსაც დაემშვიდობებიან და დრის მერტენსსაც.

გამოცემის ცნობით, ინსინიეს გამოთავისუფლებულ მარცხენა ფლანგზე ადგილს კვარაცხელია დაიკავებს და ადვილად გამოსათქმელად ტიფოზებმა და გაზეთებმა მისი შემოკლებული თიკუნი (კვარა) უნდა მოიგონონ, მხარეები კონტრაქტის პირობებზე უკვე შეთანხმდნენ და ოფიციალურად დადასტურებაღა დარჩა. ეს ნეაპოლურ კლუბს 10 მილიონი ევრო, პლუს, 1 მილიონი ბონუსის სახით დაუჯდება, თავად ფეხბურთელს ხუთწლიან კონტრაქტს გაუფორმებს და გასამრჯელოდ 1.5 მილიონს დაუნიშნავს.

დაცვის მარცხენა ფლანგზე წარმოქმნილ სიცარიელეს ურუგვაელი მატიას ოლივეირა (ხეტაფე) შეავსებს. ჯერ უცნობია, დარჩებინ თუ არა გუნდში ალექს მერეტი, კალიდუ კულიბალი და ფაბიან რუისი, რომელთაც ხელშეკრულება გაისამდე აქვთ დადებული. ვიქტორ ოსიმჰენს პრემიერლიგის წარმომადგენლები (მანჩესტერი, არსენალი, ნიუკასლი) ეპატიჟებიან და შეიძლება გაყიდონ.

"ნაპოლი" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებს - ჰამედ ტრაორე (სასუოლო), ანტონინ ბარაკი (ვერონა), ანდრეა კამბიასო (ჯენოა) და კრისტიან ასლანი (ემპოლი), მაგრამ ამისათვის საკმაო თანხაა საჭირო და ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის გაყიდიან ზაფხულში.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მწვრთნელი თუ წავიდა/გაუშვეს, არაა გამორიცხული კვარას ტრანსფერი აღარ გამოვიდეს.
ნუ მერე ალბათ ცოტა უფრო იაფად ვინმე საშუალო დონის გუნდი დიდი სათამაშო დროის გარანტიით წაიყვანს -> რაც ბევრად უფრო გვაწყობს თავდან.
თორე ბარსელონას დონის გუნდში მოხვედრის პოტენციალი აქვს, თუმცა იქამდე ჯობს შრომით მივიდეს
20
ეგ ტრანსფერი რომ ვერ შედგეს მთელი საქართველო გაგიჟდება :)
2

სიახლეები პოპულარული