გულშემატკივართა საჩემპიონო ბრძოლა საფეხბურთო მინდორზე

AutoSharing Option
მაისში საფეხბურთო ტემპერატურა მკვეთრად აიწევს. ჩემპიონთა ლიგის, ევროპისა და კონფერენს ლიგების ფინალურ ეტაპებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებიც დასასრულს უახლოვდება, თუმცა თბილისელ გულშემატკივართათვის სწორედ ახლა იწყება საფეხბურთო ციებ-ცხელება, რომელშიც 10 გამორჩეული ფან-კლუბი იქნება ჩართული.

2 მაისს "ფან-კლუბ ლიგა" ოფიციალურად გაიხსნება, ხოლო 7 მაისიდან ფან-კლუბები საუკეთესოს გამოვლენას ეცდებიან. ეს ორგანიზაცია "სპორტული თაობის" რიგით მეოთხე საფეხბურთო გათამაშება იქნება, რომლის 2022 წლის სეზონში, ფაქტობრივად, ყველა გრანდის გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას. "ფან-კლუბ ლიგის" ისტორიასთან, მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით "ფან-კლუბ ლიგის" ორგანიზატორ ზურა ბერიკაშვილს გავესაუბრეთ.

-
რომელ წელს ჩაეყარა "ფან-კლუბ ლიგას" საფუძველი და რატომ?
- "ფან-კლუბ ლიგის" პირველი გათამაშება 2018 წლის ნოემბერში "სპორტული თაობის" ორგანიზებით ჩატარდა. ჩემპიონატის მიზანი იყო საგულშემატკივრო კულტურის განვითარება, ფან-კლუბებს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება და გამოცდილების გაზიარება, რაც თავისთავად ემსახურება მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას.

Sportall.Ge

- რას გვეტყვით "ფან-კლუბ ლიგის" წინა გათამაშებების მიმდინარეობასა და გამარჯვებულებზე?
- როგორც აღვნიშნე, "ფან-კლუბ ლიგა" 2018 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 8 გუნდმა მიიღო (6 იტალიური და 2 ქართული), ჩემპიონატის გამარჯვებული კი ტურინის "იუვენტუსის" ფან-კლუბი გახდა, რომელმაც ფინალში "მილანი" დაამარცხა.

2019 წლის გათამაშებაში გუნდების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, ჩემპიონატს შემოუერთდნენ ესპანური და ინგლისური გუნდებიც, თუმცა "ფან-კლუბ ლიგის" გამარჯვებულები კვლავ "ბებერი სინიორას" ფანები გამოდგნენ. ფინალში "იუვემ" ამჯერად "ბარსელონა" დაამარცხა და მეორედ დაეუფლა ტიტულს.
2020 წელს პანდემიის გამო ღონისძიების ჩატარება ვერ მოხერხდა.

2021 წლის გაზაფხულზე გულშემატკივრების ფავორიტი ჩემპიონატი კვლავ დაბრუნდა. გამოსარჩევი იყო მონაწილეთა სიმრავლე. "სპორტულმა თაობამ" და "ფან-კლუბ ლიგის" საორგანიზაციო ჯგუფმა 16 გუნდს მისცა შესაძლებლობა, გამოევლინათ საუკეთესო. ძალიან საინტერესო, დაძაბული და სანახაობრივი მატჩები "ბარსელონას" ოფიციალური ფან-კლუბის ჩემპიონობით დაგვირგვინდა.

- როგორია მიმდინარე ჩემპიონატის სამზადისი?
- "ფან-კლუბ ლიგა 2022-ისთვის" მზადება მესამე ჩემპიონატის დასრულებისთანავე დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საორგანიზაციო ჯგუფშიც მოხდა ცვლილებები. ღონისძიებათა ციკლის ორგანიზებას ავთანდილ ძაგანიასთან ერთად განვაგრძობ, რომელთან ერთადაც ახალ ეტაპზე გადავედით. ახალი გუნდის საერთო ინტერესებმა, ხედვებმა და მონდომებამ შედეგი გამოიღო, რაზეც მერიის ხელშეწყობაც მეტყველებს. ზამთრის მიწურულიდან დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები პარტნიორ ორგანიზაციებთან და ფან-კლუბებთან; შეირჩა სტადიონი, რომელიც მეოთხე გათამაშებას უმასპინძლებს. უკვე მოესწრო როგორც გაცნობითი ინფორმაციული შეხვედრა გუნდის წარმომადგენლებთან, ისე ამხანაგური მატჩების დაგეგმვა-ჩატარება გულშემატკივრებს შორის. ცხადია, ეს პროცესი კვლავ გრძელდება და აქვე, "ფან-კლუბ ლიგის" საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, მზაობას გამოვთქვამთ, ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ კომპანიებსა თუ ორგანიზაციებთან ჩემპიონატის საპრიზო ფონდისა თუ საჩუქრების გამრავალფეროვნებისთვის.

- რას იტყვით "ფან-კლუბ ლიგის" სამომავლო გეგმებზე?
- "ფან-კლუბ ლიგის" ოთხწლიანი ისტორია და მიმდინარე სამზადისი საორგანიზაციო ჯგუფს კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ კარგ საქმეს ვემსახურებით. საგულშემატკივრო კულტურის ხელშესაწყობად არაერთი აქტივობა იგეგმება, რომელთა შესახებაც ჩვენი გვერდის საშუალებით შეიტყობენ ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის მოყვარულები, თუმცა ახლავე შეგვიძლია იმის თქმა, რომ გვაქვს სურვილი, "ფან-კლუბ ლიგის" გათამაშება ჩავატაროთ როგორც ქართული გუნდების გულშემატკივრებს შორის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრებებს შორის და ქალებს შორის. აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პირველი სწორედ თქვენი მკითხველი შეიტყობს.

ცხადია, ჯერ ადრეა საუბარი ყველა იმ გეგმაზე, რომლებიც დავისახეთ, თუმცა უმნიშვნელოვანესია ბევრმა ადამიანმა იცოდეს "ფან-კლუბ ლიგის" შესახებ. სწორედ ამიტომ, მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული