"შესაძლოა, ორი მატჩის ჯამში დამარცხდე, მაგრამ ეს გულისწყვეტას უნდა იმსახურებდეს და არა ბრაზს" - ესაა ამონარიდი ბათუმის "დინამოსა" და ბრატისლავის "სლოვანის" პირველი მატჩის შემდგომი წერილიდან. ქართული კლუბის შესრულებით დასამახსოვრებელი ეპიზოდები, ემოცია და შეტევა ვნახეთ, მაგრამ ყველაფერი ისე დასრულდა, თითქოს იშვიათად რომ ხდება, არადა, დეჟა-ვუს (უკვე ნანახი) განცდას ტოვებს. ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ასეთ გადამწყვეტ მომენტებში მიუტევებელი შეცდომები და მისგან გამოწვეული მარცხი გვინახავს. მხოლოდ ფეხბურთელები? მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში დაიწერა, ბათუმელებმა "გენო პეტრიაშვილი" გაიმეორესო. მოჭიდავე ხომ ოლიმპიადის
ფინალის უკანასკნელ წამებზე, დრამატულად დამარცხდა.
მარტივი და რთული
ძალიან მარტივია, წაგება და კონკრეტული ეპიზოდი რომელიმე მოთამაშეს დააბრალო და მარცხი ასე ახსნა, მაგრამ ეს თავის მოტყუება იქნება, პრობლემა ყოველთვის უფრო ღრმა ანალიზს მოითხოვს. მაგალითად, მატჩის შემდეგ გურამ კაშიამ თქვა, რაც მეტ კუთხურს მოვაწვდიდით, ვიცოდით, ერთხელაც გავიტანდითო. ჩვენი ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვაისმა და ქართველმა ფეხბურთელებმა კი არა, ყველამ იცის, რომ სტანდარტული მდგომარეობები ჩვენი სუსტი წერტილია. ამ დროს კი თამაშის დამთავრებას ბევრი არაფერი რომ არ აკლდა, ბურთი კარის ხაზზე უმიზეზოდ გადავაგდეთ, რადგან ამის საჭიროება არ იდგა, შემდეგ კი რაღაც საოცარი განლაგება გვქონდა, რაც უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა მაშინვე იგრძნო. და მაინც, ზემოაღწერილი ეპიზოდის ყველა დეტალში მთავარი პასუხისმგებლობა მეკარეზე მოდის. შეცდომა ბევრ კიპერს დაუშვია. მთავარია, ლაზარე კუპატაძეს მასზე როგორი რეაგირება ექნება. ახლა ის რთული მდგომარეობაშია, თუმცა საკუთარ თავზე კიდევ უფრო მეტი უნდა იმუშაოს და სტაბილურობას მიაღწიოს.
რატომ არ გვეყო რესურსი?
გია გეგუჩაძემ მარცხის მიზეზად ძალებისა და რესურსების გამოცლა დაასახელა. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელებმა საკმაოდ ძლიერი მოთამაშეები დაიმატეს, ბოლო პერიოდში გუნდის სათადარიგოთა სკამი მხოლოდ მცირდებოდა. დაცვის ხაზზე მივუთითებდით და აღმოჩნდა, რომ შეტევაში ზურიკო დავითაშვილის გარდა, სხვა ფეხბურთელი არ აღმოგვაჩნდა, რომელსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეეძლო. ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ გუნდი სათანადოდ ვერ გაძლიერდა.
მატჩის წინა დღეს ბათუმელთა თავკაცმა გაფრინდაშვილის წასვლის მაგალითზე თქვა, უფრო ძლიერი ჩემპიონატისთვის ფეხბურთელების მიმწოდებლები ვართო. ეს კიდევ ერთი დილემა და რეალობაა, რომელიც ქართულ კლუბებს უდგათ. ბათუმის "დინამო" ევროტურნირებზე გამოსვლას აგრძელებს, მაგრამ ყველამ ვიცით, იგივე დავითაშვილისა თუ აზაროვის მიმართ სატრანსფერო ინტერესები რომ არსებობს და გუნდიდან წამყვანი მოთამაშეების წასვლას ისევ ვნახავთ. რესურსი უფრო დიდი გვექნებოდა, ქართულ კლუბებში კაშიასა თუ კანკავას დონის ფეხბურთელების სტაბილურად დაინტერესებას რომ ვახერხებდეთ, რომელთაც ბათუმში მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს.
მწვრთნელთა დუელი
ვლადიმირ ვაისს (რომელიც მართლაც კარგი ადამიანია, რაც პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა) გარკვეული ცოდნა საქართველოს ნაკრებშიც გაუღრმავებია, მათ შორის, სწორი ცვლილებები და თამაშის სცენარის შეცვლა. ყველანაირი ლოგიკით, სომეხ ბარსეგიანს სასტარტოში უნდა ეთამაშა, სლოვაკმა სპეციალისტმა კი მის კარგ ფიზიკურ მომზადებასა და ენერგიაზე აქცენტი იმ დროისთვის შემოინახა, როცა ქართველი ფეხბურთელები უკვე დაღლილები იქნებოდნენ, სასტარტოში თამაშის შანსი კი ჩაკვეტაძეს მისცა. ამან შედეგი გამოიღო. მაინც აუხსნელია ირაკლი აზაროვის მოედნიდან გაყვანა. რა თქმა უნდა, ის დაღლილი იყო, თუმცა ზემოხსენებულ ბარსეგიანს ამოსუნთქვის საშუალებას მაინც არ აძლევდა. ამას სანდრო ალთუნაშვილის ცვლილებაც დაერთო, ბათუმელებმა კი ბურთი დაკარგეს და მეტოქეს ინიციატივა დაუთმეს. გუნდს დაღლილობა ძალიან დაეტყო და მხოლოდ ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჩვენს სუსტ წერტილებსა და ძლიერ მხარეებს კარგად აკონტროლებდა. ვაისმა ტაიმების დასაწყისში აქტიური პრესინგი შემოგვთავაზა. ზემოთ კაშიას კუთხურზე ნათქვამი დავწერეთ. ისიც, რომ ბათუმელებს მეტოქის კართან ახლოს ჯარიმის დარტყმის უფლება არ მოუპოვებიათ, რისი შესრულებაც მამუჩაშვილს მშვენივრად გამოდის, ესეც სლოვაკთა ერთგვარი ტაქტიკის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა იყო ერთი ეპიზოდი - სტადიონიდან ნაკლებად, ვიდეოგამეორებაზე კი კარგად გამოჩნდა, შეხვედრის პორტუგალიელ არბიტრს სლოვაკთა კარში პენალტის დანიშვნა რომ შეეძლო.
რა თქმა უნდა, გამართლებაზეც ვისაუბრებთ, მსაჯის შეცდომებზეც, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს გარკვეულ ლოგიკურ წერტილამდე მივყავართ.
შემდეგი ნაბიჯი
ფაქტია, ახლა მთელი ყურადღება კონფერენს ლიგაზე უნდა გადავიტანოთ, სადაც სერიოზული მეტოქე, პოლონეთის ჩემპიონი "ლეხი" გველის. იქ ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან. ბათუმელებს, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება სჭირდებათ. შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად, საკადრო რესურსი უნდა გაიზარდოს. გუნდი განაცხადის სრულფასოვნად შევსებას ვერ ახერხებს, პრობლემური ადგილები კი არის, რაზეც მანამდეც აქტიურად მივუთითებდით. პირველ მატჩს 21 ივლისს, სტუმრად გავმართავთ, განმეორებითს კი - 28 ივლისს, ბათუმში.
ბათუმის "დინამო" დრამატულ მატჩში "სლოვანთან" დამარცხდა [VIDEO]
გეგუჩაძე: რესურსი და ძალები არ გვეყო - ცხოვრება გრძელდება
ვაისი: "დინამო" უკეთესი გუნდი იყო - მიყვარხართ
1. ვაისი პირველ თამაშამდე სულ წუწუნებდა კარგი მეკარის დამატება გვინდოდა და ვერ მოვასწარითო. რეალურად, მათმა მეკარემ მაღალ დონეზე ჩაატარა ორივე თამაში.
2. პირველი თამაშის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაისი კუპატაძის დამატებას აპირებდა. რეალურად, სლოვანი შემდეგ ეტაპზე კუპატაძემ გაიყვანა. არ დაიწყოთ ახლა, პირველი თამაშის სეივებზე საუბარი. ისეთი ბურთები აიღო, რომელიც ისედაც უნდა აეღო.
3. სავარაუდოდ კარგად ყავდათ შესწავლილი კუპატაძე და კუთხურიდან გოლის გატანა ვაისს წამებში არ მოუფიქრებია. სანახავია სხვა თამაშები. ვფიქრობ, კუპატაძეს კარი ასე დაუცველად პირველად არ დაუტოვებია.
4. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოხსნა გეგუჩაძემ ფლანგის მცველები: ჩაბრაძე და აზაროვი, რომლებიც შესანიშნავად ართმევდნენ თავს დაკისრებულ მოვალეობას. ჩაბრაძე რომ ყოფილიყო, იქნებ დაეფარა ძელი კუთხურის დროს და ეს კატასტროფა აღარ მომხდარიყო.
5. ორივე თამაშში ვაწაძის შემოყვანით გუნდს სარგებელი არ მიუღია, ვერც აპრესინგებდა, ვერც ბურთს ფარავდა და ვერც თავით მოუგო მეტოქეებს. ალბათ უფრო მოძრავი ფეხბურთელის შემოყვანა ჯობდა.
6. გაუგებარია რატომ შეცვალა ალთუნაშვილი ბოლო წუთებზე, პირიქით შუა ხაზი უნდა გაეძლიერებინა იმ ზეწოლის ფონზე, რაც ბოლო წუთებში იყო. მითუმეტეს ტეიდიც გაყვანილი ყავდა. მესმის, რომ შეიძლება დაიღალა, მაგრამ თუ 36 წლის ვაისმა 120 წუთი ითამაშა, ალბათ 20-23 წლის აზაროვი და ალთუნაშვილიც შეძლებდნენ.
7. მსაჯი ძალიან უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებდა. აშკარა 11 მეტრიანი არ დანიშნა, რომელიც შეიძლება გადამწყვეტიც კი ყოფილიყო, აღარ ვამბობ არ მიცემულ ყვითელ/წითელ ბარათებზე. მაგალითად, აზატსკის, რომ განზრახ იდაყვი ჩაარტყეს სახეში ბოლო წუთებზე, გასაგდები იყო მათი თავდამსხმელი. 3 წუთის დამატებაზე ხომ საუბარიც არ ღირს.
პ.ს. დიდი ხანია ასე გული არ დამწყვეტია ქართული გუნდის წაგებაზე. გუნდზე, რომელიც უფრო იმსახურებდა შემდეგ ეტაპზე გასვლას. იმედია, ლეხთან ყურებს არ ჩამოყრიან და დაამტკიცებენ, რომ არავისზე ნაკლები გუნდი არაა. წარმატებები დინამო ბათუმს!