"ბათუმის "დინამოსთვის" სასაყვედურო არაფერი მაქვს" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
ბრატისლავის  "სლოვანთან" ბათუმის "დინამოს" დასანან (1:2) მარცხს "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქგვერდზე" გამოეხმაურა:

"გია გეგუჩაძემ თამაშის შემდეგ თქვა: "რესურსი და ძალები არ გვეყო, ჩვენი ძლიერი მხარე, ბურთის ფლობა დავკარგეთ და ამან დაღი დაასვა ბათუმის "დინამოს" თამაშს. ბოლოს შეხვედრა უფრო ჩვენს ნახევარზე მიმდინარეობდა, კონტრშეტევებზე ვთამაშობდით.“

ეს ნათქვამი ყველამ ისე გაიგო, რომ ესაა წაგების მთავარი მიზეზი. თუმცა ამ აზრს არ ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია და ჩვენ ისევ რომ მოგვეხერხებინა უპირატესობის შენარჩუნება, მეტოქეს შეიძლება ის ორი მომენტიც არ შექმნოდა, მაგრამ
უამრავი შემთხვევა გვახსენდება, როცა გატანილი გოლის მერე გუნდს მეტოქის ზეწოლისთვის ვერ გაუძლია და უპირატესობა დაუთმია, რადგან მეტოქეს ამ დროს, შენგან განსხვავებით, სხვა არჩევანი არ აქვს და უკანასკნელი ძალებით გიტევს, მაგრამ ბევრი შემთხვევა გახსენდებათ, ასეთ დროს 10 წუთში ორი გოლი გასულიყოს (მე არ ვამბობ, რომ არასდროს მომხდარა. ის კი არა, ორ წუთშიც გასულა ორი გოლი, მაგალითად 1999 წლის ჩემპიონთა თასის ფინალიც კმარა, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისია)? გატანილი გოლის მერე დაცვაში გადასული გუნდები ზოგჯერ მთელი თამაში ძლებენ და გოლს არ უშვებენ და ჩვენ 10 წუთში ორი გავუშვით - ერთი რიკოშეტით და მეორე მეკარის ბავშვური შეცდომით, როგორ შეცდომასაც ლაზარე კუპატაძე ალბათ ბავშვობაშიც არ უშვებდა. შესაბამისად, წაგების ერთ-ერთ მიზეზად მე უიღბლობას დავასახელებდი. უბრალოდ, ფორტუნამ ზურგი გვაქცია.

თუმცა იყო სხვა მიზეზებიც. დავიწყოთ მსაჯით. მსაჯზე გადაბრალება ცუდ ტონად ითვლება და ეს სწორიცაა, მაგრამ გუშინ ორი ასპროცენტიანი პენალტი არ დაგვიდეს. მე არ ვამბობ, რომ მსაჯი შეგნებულად გვმტრობდა. შეიძლება ეს შეცდომა იყო, მაგრამ VAR-ი რომ ყოფილიყო, ხომ ორივე პენალტი იქნებოდა? ესეც ორი დაკარგული ასპროცენტიანი მომენტი.

გავაგრძელოთ დაკარგული მომენტების ჩამოთვლა: ფლამარიონმა პირველი ტაიმის ბოლოს ისეთი "ღორობა“ ჩაიდინა, ეზოში რომ არ იზამს არავინ. იმ მომენტში ზურიკო დავითაშვილისთვის რომ მიეცა პასი, კიდევ ერთი ასპროცენტიანი მომენტი გვექნებოდა. იმედია, უბრალოდ ვერ დაინახა, თუმცა არც ესაა შეღავათი. ასეთ დროს თავს რომ არ ასწევ, ეს შენზე კარგად არ მეტყველებს. მამუჩაშვილმა კი რამდენიმე მეტრიდან ისეთი ბურთი ააცილა, რომელზეც იტყვიან, აცილება უფრო რთული იყო, ვიდრე გატანაო. ეს კიდევ ორი გაშვებული ასპროცენტიანი მომენტი. არაფერს ვამბობ ჯიღაურის მომენტზე. ნუ, იქ ერთი შეხებით ურტყამდა და შეიძლება უფრო მივუტევოთ შეცდომა.

მესმის, რომ თამაშში ყველა ასპროცენტიან მომენტს გოლად ვერ აქცევ, ზოგჯერ მსაჯიც შეცდება, მაგრამ ამ ხუთი მომენტიდან ერთიც რომ გოლით დასრულებულიყო, ხომ ხვდებით, რომ სულ სხვა ვითარება იქნებოდა? და ორი რომ დასრულებულიყო?

იმათიც მესმის, ვინც იტყვის, რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, რაც არ მოხდაო, მაგრამ მატჩის შესაფასებლად და გუნდის თამაშის შესაფასებლად ეს აუცილებელია. შესაბამისად, წაგების მიზეზიც ბევრი გამოგვივა და არაერთი: 1) ის, რაც გეგუჩაძემ თქვა, 2) უიღბლობა, 3) მსაჯის შეგნებული თუ შეუგნებელი სიბრმავე, 4) რამდენიმე ფეხბურთელის (და არამხოლოდ ლაზარე კუპატაძის) შეცდომა გადამწყვეტ მომენტში.

დასკვნის სახით ვიტყვი, რომ "სლოვანი“, რა თქმა უნდა კარგი გუნდია, ზოგადად შეიძლება ჩვენზე უკეთესიც, მაგრამ გუშინ მას ფორტუნაც და მსაჯიც ეხმარებოდა. ვაისის სიტყვებიც ნუ დაგვავიწყდება, "დინამო“ უკეთესი გუნდი იყოო. ამიტომ ბათუმის "დინამოსთვის“ სასაყვედურო არაფერი მაქვს. მშვენიერი გუნდია და თუ ასე გააგრძელებენ, წარმატებაც მოვა. იმისთვის, რომ ფორტუნამ ერთხელაც შენც გაგიღიმოს, ბევრჯერ უნდა სცადო. თუ ბათუმი მინიმუმ დონეს შეინარჩუნებს, ეს დღეც დადგება და იმ ხალხს, ვინც ნაკრების ან კლუბების ყოველი წაგების მერე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს დასცინის, ხმას ჩააკმენდინებს.

p.s. რაც ვნახე, ჩემი აზრით, რეხვიაშვილი საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია და გაუგებარია, გეგუჩაძე მას ძირითადში რატომ არ ათამაშებს (ახლა კობახიძის წითელი ბარათის გამო მოხვდა ძირითადში) ან ნაკრებში რატომ არაა. ასევე, ბოლო თამაშებიდან გამომდინარე, მგონია, რომ ალთუნაშვილისნაირი საყრდენი, ართმევაც და შეტევის გამწვავებაც ერთნაირად კარგად რომ შეუძლია, ბევრი არ გვყავს და ნაკრებშიც მეტი შანსი უნდა მისცენ."

შეგახსენებთ, ბათუმელებმა კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლეს, სადაც პოლონურ "ლეხს" დაუპირისპირდებიან.

altასეთი წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია?! - ბათუმელთა მარცხის მიზეზები, რომლებიც ერთ შეცდომაზე ძვირად ფასობს...

მკითხველის კომენტარები / 11 /
რეხვიაშვილი არ არის კარგი მცველი, მეც ძალიან ვაფასებ ამ ფეხბურთელს და ძაან მომწონს, მაგრამ რაც გააკეთა ეგ არა უიღბლობა არამედ არასწორი თამაში იყო, ასეთი უაზრო ვარდნა, როცა მისი დასაჭერი კაციც არ იყო არაფრით არ შეიძლება. და კარიერის მანძილზე რამდენი ასეთი შეცდომა აქვს დაშვებული. ეპიზოდებში ძალიან კარგი, თავდადებული და მებრძოლი ფეხბურთელია, მაგრამ მარა ისეთ ქაჯურ შეცდომას უშვებს წყალში ყრის ყველაფერს. ამიტომ ნაკრებისთვის ნამდვილად არ გამოდგება.
გუგა
13:49 15-07-2022
0
ალთუნასშვილზე და რეხვიაშვილზე,მსაჯზე გეთანხმებით. და უიხბლობა არაა უპრო გამოუცდელობა(გამოცდილების ხარჯზე მოგვიგეს) და მაგანრო კუტხურიდან ჩაახვია ეგეც შემთხვევით არ ყოფილა ასერომ... გვაჯობეს
ACHI
19:44 14-07-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული