დაკარგული თაობა - რა დაემართა 1990-იანების საქართველოს ნაკრებს და რატომ წავიდა თაობათა დეგრადაცია?

AutoSharing Option
90-იან წლებში იყო მომენტები, როცა საქართველოს მოქალაქეები ადამიანებად ვგრძნობდით თავს: საქართველო-უელსი 5:0; უელსი-საქართველო 0:1. გერმანიას ცოტა ხნით გასვლაზე ვუგებდით. ბოლოს კი ნაკრებმა კარი გაიჯახუნა და ბულგარეთს (2:1) მოუგო. ნუ, ალბანეთთან ექვსი ქულა ავიღეთ. რა მოხდებოდა, მოლდოვასთან რომ არ დაგვეკარგა ქულები? ან რა მოხდებოდა, ცოტათი უფრო სუსტი ჯგუფი რომ შეგვხვედროდა (ერთბაშად გერმანია და მაშინდელი ბულგარეთი - ასეთი მეტოქეები გრანდებსაც არ ესიამოვნებოდათ)? იქნებ მომხდარიყო სასწაული და გავსულიყავით ევრო 96-ზე.

მაგრამ სასწაული არ მოხდა და ალბათ, ვერც მოხდებოდა...

ნაკრებმა შესარჩევი ციკლი საკუთარ მოედანზე
მოლდოვასთან მოულოდნელი და შოკისმომგვრელი მარცხით დაიწყო. ერთი მხრივ, ეს სამი ქულა დასანანი იყო, მაგრამ მეორე მხრივ, მარცხი გუნდის ხელმძღვანელობისათვის კარგ გაკვეთილად იქცა. საქმე ისაა, რომ ნაკრები თითქმის თავიდან ბოლომდე თბილისის "დინამოს" მოთამაშეებით კომპლექტდებოდა (მოლდოვასთან მოედანზე ათი "დინამოელი" გამოვიდა და დიდი შანსი იყო, თერთმეტი დინამოელი გამოსულიყო, რომ არა "აინტრახტელი" კახა ცხადაძის ფაქტორი). "დინამო" კი ერთობ დაუბალანსებული გუნდი გახლდათ. ნემსაძე (შუახაზელი) დაცვაში თამაშობდა, ყაველაშვილი (თავდამსხმელი) კი - შუახაზში.

"დინამოზე" ასეთ სწორებას, ალბათ, ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი ის, რომ შესარჩევის დაწყებამდე გუნდმა შედარებით განსხვავებული შემადგენლობებით რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა გამართა და მათი დიდი ნაწილი წააგო; მეორე ის, რომ "დინამოს" ვარსკვლავები სხვა ქართველ მოთამაშეებზე გაცილებით პოპულარულები იყვნენ (ცხადაძის გამოკლებით). ამიტომაც შესარჩევის პირველ მატჩში აქცენტი ისევ მათზე გაკეთდა. ჯერ ერთი, რომ ვარსკვლავები იყვნენ (როგორც ასეთი), მეორეც - შეთამაშებული ვარსკვლავები.

მოკლედ, ცვლილებები რომ აუცილებელი იყო, მოლდოვასთან უკვე აშკარად გამოჩნდა. სულ მალე კი უკვე "დინამო" გასვლაზე ინსბრუკის "ტიროლთან" სასტიკად (1:5) დამარცხდა. მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შელიას (დაცვის ბურჯის) დისკვალიფიკაცია იყო - მის გარეშე "დინამოს" ლამის ნომინალური მცველის გარეშე მოუხდა თამაში. აი, ამის შემდეგ კი უკვე დადგა ცვლილებების დრო და "დინამოს" თითქმის ხელშეუხებელი შემადგენლობიდან ნაკრების შემდეგ თამაშზე ბევრი საერთოდ ვერ მოხვდა განაცხადში. სამაგიეროდ, გუნდი აშკარად დაბალანსდა: ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდა ნომინალური მარცხენა მცველი ჩიხრაძის სახით. ეს ფეხბურთელი, რომლის არსებობის შესახებ ბევრმა მაშინ პირველად გაიგო, ქინქლაძისა თუ არველაძეების დარი ვარსკვლავი ნამდვილად არ გახლდათ, მაგრამ მეტი გამოცდილება გააჩნდა (უკრაინაში თამაშობდა) და გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა დაცვაში, ვიდრე, მაგალითად, ნემსაძე. კარის დაცვა "დინამოელი" ზოიძის ნაცვლად დევაძეს ანდეს. ასევე გამოჩნდნენ გამოცდილი კუდინოვი და გოგიჩაიშვილი (მათ ადრე ნათამაშები ჰქონდათ ნაკრებში). და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდში გამოჩნდა ქეცბაია.

გადახალისებული ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა და მასპინძელთა ძლიერ გუნდს ღირსეული ბრძოლა გაუმართა. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება უელსზე. მეორე გოლის აღნიშვნისას საგოლე პასის ავტორმა ნემსაძემ ხვევნა-კოცნის დროს მუხლის ტრავმა მიიღო. მაგრამ საუბედუროდ, საქმე ამით არ დასრულებულა: მკურნალობისას გუნდის საუკეთესო საყრდენს კიდევ "ბ" ჰეპატიტი დაემართა და ფეხბურთს უფრო დიდი ხნით გამოეთიშა, ვიდრე ექიმები თავიდან ვარაუდობდნენ (ნაკრებს ის დაახლოებით ერთი წლის შემდეგღა დაუბრუნდა).

Sportall.Ge

ნემსაძის ეს ისტორია ძალიან მრავლისმეტყველია. ამ მართლაც უნიჭიერეს ფეხბურთელებს არა მხოლოდ უმძიმეს პირობებში უხდებოდათ ვარჯიში, არამედ წესიერი მკურნალობის საშუალებაც არ გააჩნდათ. ამიტომ ნამდვილად რთულია, ისინი იმის გამო გაამტყუნო, რომ საქართველოდან არცთუ მაღალი დონის კლუბებში მიდიოდნენ. მაშინ ძნელად თუ იტყოდა ვინმე უარს შანსზე, 90-იანების წლების საქართველოდან სადმე გაეღწია. მით უმეტეს ძნელია გაამტყუნო ფეხბურთელი, რომელსაც განსაკუთრებული პირობები სჭირდება და რომლის კარიერაც არც ისე დიდხანს გრძელდება.

არადა, იყო შანსი, უკვე 1993 წელს ბევრი დინამოელი კარგ კლუბში გადასულიყო, მაგრამ მოხდა აბსურდული კატასტროფა. "დინამოსა" და "ლინფილდის" მატჩის ქართველმა ორგანიზატორებმა არბიტრებს ფული გადასცეს (როგორც თავად აგვიხსნეს, ეგონათ, რომ "ჰონორარის" მიცემა იყო საჭირო). ამის გამო "დინამო" ევროთასებიდან მოკვეთეს. არადა, "ლინფილდის" შემდეგ "კოპენჰაგენზე" გავდიოდით, შემდეგ კი (დანიელებს, წესით, იოლად მოვუგებდით) - უკვე თვით "მილანზე". ანუ ბიჭების თამაშს მთელი ევროპა ნახავდა.

რაც მოხდა (არბიტრებისათვის "ჰონორარის" გადაცემა), დიდად გასაკვირი არ უნდა იყოს. საქართველო არამცთუ ძალიან, ძალიან შორს იდგა ევროპული სტანდარტებისგან, არამედ ყველაზე მძიმე დანაკარგებით გამოვიდა საბჭოთა კავშირის ნგრევის პროცესიდან და ეს ყველაფერზე აისახა. საერთო კოლაფსს დაემატა ქართული ფეხბურთის სამწლიანი იზოლაცია, რაც 1990 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან გამოსვლას მოჰყვა. მახსოვს, ევროთასებიდან მოკვეთის შემდეგ რუსეთის მთავარ ტელეარხზე ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნეს "დინამოს" ტრაგიკულ ამბავს და დანანებით აღნიშნეს, რომ ასეთი ნიჭიერი გუნდი ამას არ იმსახურებდა. რუსეთშიც კი მსგავსი რამ არცერთ კლუბს არ დაემართებოდა. ამიტომ არავის გაუმტყუნებია შელია და ყაველაშვილი, როცა ისინი ვლადიკავკაზის "ალანიაში" გადაბარგდნენ.

ყველაფერ ამას დაემატა კულტურული შოკის ფაქტორიც. საბჭოთა კავშირში გაზრდილი, 20 წელს გადაცილებული ბიჭებისათვის უცხოეთთან ადაპტირება იოლი არ აღმოჩნდა. აქ, პირველ რიგში, ალბათ ქინქლაძის შემთხვევა უნდა გავიხსენოთ, რომელსაც ცხადია, გაცილებით უფრო დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა, მაგრამ… "დინამოს" ამ თაობიდან ყველაზე მეტს, ცხადია, შოთა არველაძემ მიაღწია. შესაძლოა, ეს იმიტომაც, რომ თურქეთთან ადაპტირება იმდენად რთული არ იყო ("იმიტომაც" - ცხადია, შოთას შრომისმოყვარეობამაც ითამაშა თავისი როლი). არც ისე კარგად წარიმართა რეზო არველაძის კარიერა. "ლინფილდის" შემდეგ ის "კიოლნში" აღმოჩნდა, მაგრამ 1994 წლის ზაფხულში "დინამოს" დაუბრუნდა კლუბის ხელმძღვანელობის თხოვნით ("ერთი წელიც, ბიჭებო", - ეუბნებოდნენ მას და მის მეგობრებს) და მშვენივრადაც გამოიყურებოდა, მაგრამ "ტიროლთან" განადგურების შემდეგ კარგ კლუბში აღარ უთამაშია.

Sportall.Ge

ასე გავიდა ევრო 96-ის შესარჩევი ციკლი. გუნდმა მართლაც რომ ძლიერ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და გაჩნდა იმედი, რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით. მაგრამ ამისათვის ნაკრებს თამაშისათვის უნდა მოემატებინა, სინამდვილეში კი პირიქით მოხდა, რადგან ბიჭების უმრავლესობის კარიერა უკუღმა წავიდა. ქინქლაძის "სიტი" დაბალ ლიგაში გავარდა და ამ უნიჭიერესმა ფეხბურთელმა მოტივაცია აშკარად დაკარგა. შელიამ საუკეთესო წლები "ალანიაში" გაატარა, ჯამარაული (რომელიც ქინქლაძეზე არანაკლებ უკეთ დირიჟორობდა ხოლმე ნაკრებს) ძალიან ხშირად კლუბის გარეშე იყო. ნემსაძეც აშკარად უკეთეს საკლუბო კარიერას იმსახურებდა.

ყველაზე მეტად ნაკრებს დაცვაში უჭირდა ხოლმე. არადა, 1980-იანების ბოლოს "დინამოს" ჰყავდა კეტაშვილი, თეთრაძე და ცვეიბა. აქედან პირველს ქართული ფეხბურთის თვითიზოლაციის გამო აერია კარიერა, მეორემ იმავე მიზეზის გამო რუსეთის ნაკრებში გააგრძელა კარიერა, მესამე კი აფხაზეთის ომის გამო აღარ გაჰკარებია ქართულ ფეხბურთს. იმდროინდელი "დინამოდან" ფეხბურთი მხოლოდ ცხადაძემ და ქეცბაიამ ითამაშეს.

ეს გამორჩეულად ნიჭიერი თაობა იყო, რომელსაც გამორჩეულად მძიმე დროს მოუხდა თამაში. თუნდაც დღევანდელი საქართველოს პირობებში ეს ბიჭები გაცილებით მეტს მიაღწევდნენ. არ მკითხოთ, მათ შემდეგ რატომ წავიდა თაობათა აშკარა დეგრადაცია. სიამოვნებით მოგახსენებდით პასუხს, რომ მქონდეს...

ავტორი - თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი
მკითხველის კომენტარები / 18 /
მართალია მწვრთნელი სჭირდებოდათ, საშა უდიდესი ფეხბურთელი იყო, მარა როგორც მწვრთნელი ნოლი, იგივე ითქმის დინამოზე დანაშაული იყო ძოძუაშვილის გაგდება და მის ნაცვლად ცხონებული გივი ნოდიას მოყვანა.
რრრ
14:55 15-07-2022
3
მათი შმდგომი თაობა,იმიტომ წავიდა დეგრადაციისაკენ,რომ სამოქალაქო ომით მოცულ საქართველოში,შიმშილი და სიბნელე გამეფდა.ყველაფერი გაჩერდა და ახალგაზრდის განვითარება,ამ პირობებში,უკვე შეუძლებელი გახდა.უფრო გვიანდელი თაობა კი,სულაც ამ საშინელ პირობებში იზრდებოდა და ფეხბურთის თამაშის საშუალებაც კი აღარ ჰქონდათ
სოსო
15:24 15-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული