ბათუმი ამას არ იმსახურებდა - როგორ გაგრძელდება ფეხბურთი საქართველოში?

AutoSharing Option
"საბურთალოს" გააზრებული თამაშით, შეტევების ორგანიზებითა და გამარჯვებით კმაყოფილები ვართ, თუმცა იმ კოშმარს ვერავინ და ვერაფერი გადაფარავს, რაც პოზნანში ვიხილეთ - საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" იმაზე უარესად ითამაშა, ვიდრე ცოტა ხნის წინ მისმა მეტოქე "ლეხმა" აზერბაიჯანულ "ყარაბაღთან"; საპასუხო მატჩს ინტრიგა დაუკარგა და ისევ მწარედ ჩაგვაფიქრა...

დემორალიზება...

გასაგები იყო, რომ "სლოვანთან" იმ კოშმარული მარცხის დავიწყება ჩვენს ფეხბურთელებს ძალიან გაუჭირდებოდათ, მაგრამ ამისთვის მათ დაახლოებით ერთი კვირა ჰქონდათ. პოლონური შეხვედრის დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ გია გეგუჩაძემ გუნდის სათანადოდ განწყობა ვერ შეძლო. სანამ წაგების სხვა მიზეზებს
ჩავწვდებოდეთ, ეს უპირველესად უნდა ითქვას.

ერთი გამარჯვება ჰაერში აგვაფრენს ხოლმე, პირველივე იმედგაცრუება კი კალაპოტიდან სრულიად გვაგდებს. ეს ჩვენს ნაკრებსა თუ გუნდებს აქამდეც ხშირად მოსვლიათ, ევროტურნირებიდან ნაადრევი გამოვარდნაც არ გვიკვირს, მაგრამ ბათუმელთა ასეთი მარცხი ძალიან მტკივნეული იყო. შეიძლება იმიტომაც, თამასა ყველამ ავწიეთ - ჟურნალისტებმა, გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა... არა! ჩვენი საკლუბო ფეხბურთი საერთაშორისო დონეზე ისევ კატასტროფულად გამოიყურება.

უფრო ღრმა მიზეზები

პოზიტიური ელემენტების აღნიშვნა და გამხნევება ბათუმელებისთვის არასდროს დაგვიმადლებია, პირიქით, ბევრი მშვენიერი ეპითეტიც მიგვიძღვნია. თუმცა ყოველთვის მივუთითებდით იმ კომპონენტებზე, რომლებიც გამოსასწორებელი იყო და ეს სწორედ იმიტომ, გულშემატკივრებს რაღაც ზედმეტად ფერადად რომ არ დავუხატოთ და ასეთი ჩავარდნის მერე არ მოგვიბრუნდნენ, ყველაფერი კარგად თუ იყო, რაღა მოხდაო.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ტრანსფერი განხორციელდა, საბოლოოდ მაინც ვერ მივიღეთ ის კონტინგენტი, რომელიც ევროტურნირების ჯგუფში მოსახვედრად თამამად იბრძოლებდა. ამაში მხოლოდ ერთ კლუბს ვერ დავადანაშაულებთ, ჩვენ ისევ ფეხბურთელების მიმწოდებლად ვრჩებით, სტაბილურად გუნდების შენარჩუნება არ ხდება. გარდა ამისა, ძლიერი ლეგიონერებისა თუ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერება შეუძლებელი თუნდაც იმ დროით ხდება, შემოდგომამდე რომ მიგვიყვანოს. ვარსკვლავებს არ ვითხოვთ, სომეხი ბარსეგიანის დონის მოთამაშეებზეა საუბარი...

დაცვის ხაზში კონკურენციის არარსებობაზე იმდენჯერ მივუთითეთ, გამეორებაც კი უხერხულია. ბათუმელებს საქართველოს ნაკრების თითქმის ყვლა ცენტრალური მცველი დაუკავშირეს, მაგრამ საბოლოოდ, ასე არ მოხდა.

ნებისმიერ რგოლში უფრო დიდი კონკურენციაა საჭირო, რათა წარმატებას მიაღწიო. ბათუმელებს ქართული კლუბებიდან ეს ყველაზე ნაკლებად აწუხებდათ, მაგრამ ძლიერ მეტოქესთან კარგად გამოჩნდა, უფრო დიდ ფიგურებს რა ფასი აქვს. სხვა ტიპის სირთულეებიცაა. მაგალითად, ფლამარიონი ახლა ცუდ ფორმაშია და გუნდი მისი ლიდერობის გარეშე თამაშს შეჩვეული არაა. სამწუხაროდ, ჯოვინოს რეგრესი ევროტურნირების დაწყებას დაემთხვა. მას უკვე ქართული პასპორტი აქვს, მაგრამ ამ ფორმით ვილი სანიოლს ყურადღებას რამდენად დაიმსახურებს, რთული სათქმელია...

გეგუჩაძის შეცდომები

მთავარი პრობლემა, შოკიდან ვერგამოსვლა, უკვე ვახსენეთ. გარდა ამისა, ბათუმის "დინამოს" თავკაცის მიერ შერჩეული შემადგენლობა და თამაშის სტილი მეტოქეთათვის თითქოს იოლად გასაშიფრი გახდა. ამას ისევ საკადრო რესურსამდე მივყავართ. გუნდურობისა და მრავალფეროვნების მაგალითები ჩვენი ჩემპიონიდან ნამდვილად ვერ ვნახეთ...

მატჩის შემდეგ გეგუჩაძე პასუხისმგებლობაზე საუბრობდა. მისთვის და ბათუმელი გულშემატკივრებისთვის (რომლებიც განმეორებით მატჩს მაინც იმედიანად ელიან) ეს ძალიან მტკივნეულად აღსაქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, გუნდში გარკვეული ეტაპი სრულდება და სიახლეებია საჭირო. სავარაუდოდ, რამდენიმე ფეხბურთელი კიდევ წავა და ესეც საკმაოდ დიდ ცვლილებებს გამოიწვევს.

Sportall.Ge

როგორ ვაგრძელებთ?

კარგია, როცა "საბურთალომ" სიხარულის საშუალება და უფლება მოგვცა, მაგრამ საკლუბო ფეხბურთში სულ შემთხვევითობის იმედად ვერ ვიქნებით. ახლა ეროვნულ ლიგას ისევ ყველა "გადაუვლის", არადა, მის მიმართ ინტერესი გაზრდილი იყო, ბევრი კარგი მატჩი და გოლი ვნახეთ, თუმცა არ იცვლება მთავარი - საერთაშორისო დონეზე ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ.

სანაკრებო წარმატებები, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი - ახლა ბევრი სასიამოვნო ხდება და გულშემატკივრები მასზე გადართვას თავისუფლად შეძლებენ, თუმცა ის, რომ იმ ქვეყნის კლუბები აღწევენ ჩვენზე მეტ წარმატებას, რომელთა ნაკრებებსაც ბევრად აღვემატებით და უფრო ნიჭიერი ფეხბურთელებიც გვყავს, ტკივილს იწვევს. ლიეტუვის საუკეთესო კლუბმა შევედეთის ჩემპიონი დაამარცხა, სომხურმა "პიუნიკმა" რუმინული "კლუჟი" კონფერენს ლიგაზე გაისტუმრა - ეს უახლესი ამბებია. ამის გაგრძელება უფრო შორსაც შეიძლება, ჩვენ კი მუდმივი ოპტიმიზმის "ტყვეობაში" ვართ.

altკოშმარი პოზნანში - ბათუმის "დინამო" უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

altგეგუჩაძე: ბოდიში - ჩვენმა გუნდმა ვერაფერი ვერ აჩვენა

მკითხველის კომენტარები / 41 /
სანამ გუნდის მარცხს წინა თამაშის შედეგის გამო შოკიდან ვერ გამოსვლას დავაბრალებთ იქ უნდა დაამთავრო ყველაფერი. ეს რა შეფასებაა? რა შოკიდან ვერ გამოვიდნენ?, საბავშვო ბაღია თუ ინდური სერიალი?. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია არცერთი ქართული კლუბი არ არის მზად ევრო ტურნირებისთვის არც მენტალურად და არც ფიზიკურად და ეს გრძელდება უსასრულოდ.
0
ნურავის ეწყინება და ჩვენს გარდა ყველამ ისწავლა ჭკუა, აზერებმა გააკეთეს ყარაბაღი, გუნდის მთავარი ბირთვი არის ლეგიონერები შემდეგ შეხედეს სომხებმა რომ აზერების პროექტმა გაამართლა და თვითონაც დაიწყეს ლეგიონერების ჩაყვანა ქვეყანაში, საიდან არ ყავთ ლეგიონერი ჩემპიონატში, ძალიან კვალიფიციურ სკაუტინგ პოლიტიკას ატარებენ. ჩვენ ვაწაძეთი გავაძლიერეთ გუნდი და გეგუჩაძეს რომ ეუბნებოდნენ რომ დაცვა უნდა გააძლიეროო ის პასუხობდა ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე ცოტა გოლი გვაქვს გაშვებულიო, რეალობის აღქმა არ აქვთ.
დათო
14:33 22-07-2022
1

სიახლეები პოპულარული