უკლუბოდ მყოფი ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში მოიაზრებიან...

AutoSharing Option
ევროტურნირების წინ სულ მიდის მსჯელობა, რომელი ქართველი ფეხბურთელებითაა შესაძლებელი, ჩვენი კლუბები გაძლიერდნენ. ეს თემა აქტუალობას მალევე კარგავს, რადგან მხოლოდ საშინაო ასპარეზის ამარა ვრჩებით. წელს თბილისის "საბურთალო" იშვიათი გამონაკლისია და, იმედია, კონფერენს ლიგაზე მაქსიმალურად შორს ვიხილავთ.

ბოლოს ამ შინაარსის ყველაზე სერიოზული ტრანსფერი ჯიმი ტაბიძის თბილისის "დინამოში" ჩარიცხვა იყო. როგორც ჩანს, ის გუნდის დატოვებას ჯერ არ ეცდება. თუკი საუბრები იგივე გურამ კაშიაზე მიდიოდა, ყველაფერი ეს საუბრის დონეზე დარჩა, რადგან ამ ეტაპზე, ჩვენთვის სლოვაკური"სლოვანის" მსგავსი პირობებისა და პოტენციალის შესთავაზება შეუძლებელია.

მხოლოდ ეროვნულ ლიგაში
თამაში ხომ არაა, არიან ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს სჭირდება ან პერსპექტივაში, "ჯვაროსნებში" თამაშის ამბიცია აქვთ, თუმცა ამჟამად უკლუბოდ არიან. მამუკა ჯუღელისგან იმის მოსმენა, რომ დავითაშვილითა და აზაროვით იტალიური კლუბების არიან დაინტერესებული, გვაიმედებს, რომ მომავალში ჩვენი ფეხბურთელები ნორმალურ კლუბებში გადასვლას შედარებით მარტივად მოახერხებენ.

ამჟამად 2 მოთამაშეზე დავწერთ, რომელთაგანაც ერთი სანიოლის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მეორე კი კანკავას წასვლის შემდეგ ასე პრობლემურ შუა ხაზში თამაშობს.

ლაშა დვალი

დვალის თამაში ჯერ კიდევ ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებიდან გვახსოვს. ფეხბურთის მოყვარული კარგად შეამჩნევდა, რომ მას საკმაოდ დიდი მომავალი ჰქონდა - ფიზიკურად ძლიერი, ორთაბრძოლებში გამორჩეული და პოზიციის ზუსტად შემრჩევი ცენტრალური მცველი იყო. 27 წლის ფეხბურთელის კარიერა უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებს, თუმცა ის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრად დღემდე რჩება. ლაშამ ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა უნგრულ "ფერენცვაროშში" მას ბევრი შანსი მაინც ვერ მიიღო, რაშიც ხელი ტრავმამაც შეუშალა.

Sportall.Ge

ინგლისურმა "რედინგმა" ლაშას თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა, ისევე, როგორც გერმანულმა "დუისბურგმა" - ლატვიური "სკონტო", შოთა არველაძის გაწვრთნილი თურქული "ქასიმფაშა", ყაზახეთის "ირტიში", პოლონური "სლასკი" და "პოგონი" - ეს ის კლუბებია, სადაც დვალს უთამაშია.

ვლადიმირ ვაისის მწვრთნელიბისას ლაშას მარცხენა მცველადაც იყენებდნენ, ვილი სანიოლი კი საკლუბო სირთულეების დროსაც ეყრდნობოდა. დვალს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, ნორმალური კლუბი იპოვოს და თუკი ეს პროცესი გაიწელა, უცნაური და სამწუხარო იქნება.

ლაშა პარუნაშვილი

საქართველოს ნაკრების თავკაცი საყრდენ ზონაში ახალი ფეხბურთელების ძიებაშია. პარუნაშვილი ალტერნატივად ყოველთვის განიხილებოდა, მათ შორის, ვაისის პერიოდში. ლაშამ გარკვეული შანსები მიიღო. მართალია, იდელაურად ვერ გამოიყენა, თუმცა ის არც ბევრი ჰქონია. ნახევარმცველი მოძრავია, ჩაშლაც ეხერხება და შეტევის წამოწყებაც, ლამაზი გოლებიც გაუტანია. არ გვაქვს უფლება, ნაკრების გააფართოებულ შემადგენლობაში არ მოვიაზროთ. ამისთვის, მინიმუმ, მას საკლუბო კარიერის დალაგება სჭირდება. 29 წლის ფეხბურთელმა დანიური "ესბიერგი", სადაც ლეგიონერებს შორის სარეკორდო, 153 შეხვედრა ჩაატარა, დატოვა. სულ იყო მოლოდინი, რომ ეს კლუბი მისი კარიერისთვის ტრამპლინი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა მთავარია, ნახევარმცველმა შესაბამისი გუნდი იპოვოს. დანიის რანგით მეორე ლიგა ნამდვილად არაა ის თამასა, სადაც პარუნაშვილის შესაძლებლობების ზღვარი გადის. ლაშა არც იმ ასაკშია, პერსპექტივაზე ფიქრის ამბიცია არ ჰქონდეს, თუნდაც დანიურ სუპერლიგაში.

ფეხბურთელების ბედი გვაღელვებს, ჩვენი მთავარი საზრუნავი მაინც საქართველოს ნაკრებს უკავშირდება. გვსურს, ვილი სანიოლს დიდი არჩევანი ჰქონდეს, კონკურენციისთვის კი კარგ ფორმაში მყოფი მაქსიმალურად ბევრი მოთამაშეა საჭირო.

altლაშა დვალი უკლუბოდ დარჩა - ქართველი მცველი "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი აღარაა

altლაშა პარუნაშვილი გულშემატკივრებმა "ესბიერგის" შემოდგომის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

მკითხველის კომენტარები / 11 /
დვალს ვფიქრობ უსამართლოდ მოექცნენ არ იმსახურებდა ეს ბიჭი კლუბდან გაშვებას რაც შეეხება პარუნაშვილი პარუნაშვილი 6 წელი იყო დანიაში და რომ ყოფილიყო მოწოდების სიმაღლეზე და ეთამაშა მაღალ დონეზე იქვე დანიაშივე წაიყვანდა რომელიმე იქაური გუნდი და არ იქნებოდა დღეს უგუნდოთ მე პირადად ნაკრების დონე ფეხბურთელად ვერ ჩავთლი მაგ ბიჭს რაც შეეხება დვალს ის ნამდვილად ნაკრების დონისა და ევროტურნირებზე თამაშის გამოცდილებაც აქვს.
ზურა
23:28 26-07-2022
1
ხალხი არა ხართ? - ხარაიშვილზე დაწერეთ რამე, დაურეკეთ იმ კაცს. საცოდაობაა, ასეთი ნიჭიერი და მაგატი ფეხბურთელი როგორ უნდა დაკარგოთ ასე მარტივად? გახსოვთ ნაკრებში მიიღო ის ტრავმა და რა ითამაშა მაშინ? სად არის ეს კაცი?
კაპიტან გარდენბურგი
11:42 27-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული