საკლუბო ქაოსი, რომელიც სანაკრებო წარმატებას ხელს არ უშლის და პირიქით - ხვიჩასა და ტრანსფერების მნიშვნელობა

AutoSharing Option
როგორც დადებითმა, ასევე უარყოფითმა ემოციებმა შეჩვევა იცის, თუმცა ქართული კლუბების საევროტურნირო მარცხს მაინც არ "ვნებდებდით" და ყოველ წელს ძალიან განვიცდით, ერთი ეტაპის გადალახვასავ რომ ვერ ვახერხებთ. მეტიც, შორს რომ გავიხედოთ, აჟიოტაჟს მომავალ ზაფხულსაც დავაანონსებთ - ვინ შეიძლება შეხვდეს საქართველოს ჩემპიონს ყველაზე სუსტი განთესილი გუნდებიდან და მსგავსი თემები...

ფეხბურთი ძალიან გვიყვარს და მარცხს ვერ ვეგუებით, ამბიციებიც დიდია, მაგრამ სულ უფრო ვრწმუნდებით - საკლუბო ფეხბურთის დაგეგმვა ასე მარტივი სულაც არაა, მხოლოდ ოპტიმიზმი რომ ეყოს.

ვინ რის ხარჯზე?

სულ
იმაზე ვნერვიულობთ, როგორ გვჯობნიან იმ ქვეყნების გუნდები, რომელთა ნაკრებებსაც როგორც საერთო დონით, ასევე ინდივიდუალური ფეხბურთელებით აღვემატებით. ცოტა ხანი თავი დავანებოთ იმას, რომ მათ უკეთესი საკლუბო მენეჯმენტი აქვთ, შემადგენლობას რომ გადავხედოთ, ეს გუნდები ადგილობრივ ფეხბურთელებს მინიმალურად ეყრდნობიან. თვალი შევავლოთ ტირასპოლის "შერიფის" თუ ლიეტუვის "ჟალგირისის" შემადგენლობას და ამაში იოლად დავრწმუნდებით. შესაბამისად, თუკი გამოდის ("კი არ გამოდის, გამოსულია და ეგაა" - "ცხელ ძაღლში" ბიძინა თაბაგარის გმირი ამბობს), რომ წარმატების მისაღწევად ბევრი ლეგიონერის ჩამოყვანაა საჭირო. გვაქვს ამის შესაბამისი თანხები? ანუ გამოჩნდებიან პირები, რომლებიც ყველაფერ ამას მომგებიანად აქცევენ? ანაც, ჩვენი მთავარი დანიშნულება ესაა? მით უმეტეს, თუკი ყოველივე სამომავლო სანაკრებო წარმატებისთვის შესაძლოა, გარკვეულ ხელისშემშლელ ფაქტორადაც კი იქცეს.

Sportall.Ge

სად უნდა განვითარდნენ ქართველი ახალგაზრდები?

სანაკრებო დონეზე წარმატებულები რომ ვიყოთ, ჩვენმა ახალგაზრდებმა გამოცდილება ეროვნულ ლიგაში მიიღონ და საბოლოოდ, ისეთი ტრანსფერები განხორციელდეს, როგორიც კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაა, ეს ხომ ყველას სურვილია. აქედან გამომდინარე, რთული წარმოსადგენია, ადგილობრივ მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება არ მივცეთ და უცხოელებს დავეყრდნოთ. გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი თუ სხვები პირდაპირ უცხოურ კლუბებს როგორ მიაშურებენ? საწყისი აუცილებელი გამოცდილება გიორგი ლორიამაც საკუთარ ჩემპიონატში მიიღო, გურამ კაშიამაც, გიორგი მამარდაშვილმა თუ ხვიჩა კვარაცხელიამ. მაგალითად, "მამარდასთვის" "ლოკომოტივში" პირველივე შეცდომისას მხარი რომ არ დაეჭირათ და უცხოელი მეკარით ჩაენაცვლებინათ, დღეს ნაკრებს ამ დონის კიპერი ეყოლებოდა? ასე რომ, ბოლოს მაინც გარკვეული დილემის წინაშე ვდგებით.

მწვრთნელთა საკითხი

ყოველ მწვრთნელს, მათ შორის, უმაღლესი გამოცდილებისა და მიღწევების, კარგი და ცუდი პერიოდი აქვს, შეუძლებელია, სულ "ფორმაში" იყო. ვხედავთ, რომ ქართველი საფეხბურთო სპეციალისტების უმრავლესობა ერთ წრეზე ტრიალებს, აქაურ სხვადასხვა კლუბში ცდილობს საკუთარი ხელწერის გატარებას. ზოგან გამოსდის, ზოგან ნაკლებად, თუმცა გააჩნია, თამასად რას დავუწესებთ, მხოლოდ შიდა წარმატებას?!

მაღალკვალიფიციური უცხოელი მწვრთნელების საქართველოში ჩამოყვანა, რომლებიც აქაურობას ალღოს კარგად აუღებენ და ქართველ ფეხბურთელებთან საერთო ენას გამონახავენ, საჭიროა. ყურადღების კონცენტრირება ეროვნულობაზე არ უნდა გადავიდეს. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესში ლეონიდ სლუცკის როლი დიდია. რა თქმა უნდა, მსგავსი მწვრთნელების ფინანსურად დაკმაყოფილებაზე ფიქრი უტოპიაა, თუმცა რუსული ფეხბურთის სრული ბლოკადის ფონზე, მას თბილისში ან ბათუმის "დინამოს" გაწვრთნის სურვილი რომ გაუჩნდეს, ამის არც შეთავაზების გამბედავი ჩანს ვინმე და იდეის დონეზეც კი, ახლა ბევრი უკვე უარყოფითად მიიღებს.

Sportall.Ge

გაბრაზება ნაკლები იქნება...

კრიტიკა ყოველთვის საჭიროა, მაშინაც კი, როცა ყველაფერი თითქოს კარგად მიდის და ამისთვის ჟურნალისტებსაც "მოგვეკითხება". ყველას ერთნაირი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ აქვს - ქებასა და ყურადღების ცენტრში ყოფნასაც ისეთივე პასუხისმგებლობა სჭირდება, როგორც კრიტიკას. რაც უფრო მაღლა ხარ, შემდეგ ძირს დანარცხება მეტად მტკივნეულია.

მეორე უკიდურესობის ხალხია, ყოველი წარუმატებელი ევროსეზონის შემდეგ თბილისის "დინამოს" სტადიონს სხვადასხვა ბოსტნეულის ფორმით წარმოგვიდგენდნენ, დანიშნულება შევუცვალოთო. ის, რომ ახლა ნაკლები აგრესია ჩანს, იმის დამსახურება უნდა იყოს, საქართველოს ნაკრებმა სტაბილურ და წარმატებულ თამაშს რომ მიაღწია და იმისაც, ხვიჩა კვარაცხელია დიდ ფეხბურთში რომ გვაბრუნებს, "ნაპოლიში" მშვენივრად დაიწყო და მოედანზე ყოველ შეხვედრაში შესამჩნევია. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები დიდ სიხარულს გვანიჭებს და იმის თქმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ "სხვა საქმით დავკავდეთ".

ასევე, გვესმის, რომ ქართველი ფეხბურთელებით (დავითაშვილი, აზაროვი, ლოჩოშვილი) იტალიური გუნდები არიან დაინტერესებული და მათი ტრანსფერების მოლოდინში ვართ. ეს ამტკიცებს, რომ მიუხედავად ბევრი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის "გაქრობისა", ამ პატარა ქვეყანაში თამაშიც შეგვიძლია და ტოპჩემპოონატებში რომ ვითამაშოთ, ისიც...

რას დაინახავდა სანიოლი?

ეროვნული ლიგა მალე განახლდება და ევროტურნირებიდან გამოვარდნილი გუნდები საშინაო მიზნებზე კონცენტრირდებიან. სამწუხაროდ, სტადიონებზე ხალხის "შემობრუნება" სათანადოდ ისევ ვერ გამოვიყენეთ, თუმცა აქაური კონკურენცია გაგრძელდება. ბათუმის "დინამოს" უახლოეს მდევართან (თბილისის "დინამო") 9-ქულიანი უპირატესობა აქვს და მისი გაფლანგვა "გაუჭირდება". წლევანდელ ევროსეზონზე მონაწილე გუნდების ბრძოლაში წყალტუბოს "სამგურალი" აქტიურადაა ჩართული, ზოგადი სურათი კი, დაახლოებით იგივე იქნება.

ვილი სანიოლი თამამი მწვრთნელია. ის კვლავ ეცდება, ნაკრებში კონკურენცია შექმნას და ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდანაც დაეყრდნოს. ფრანგი სპეციალისტი მხოლოდ ევროტურნირზე ნაჩვენები შედეგებით ვერ იხელმძღვანელებს, თუმცა ზოგიერთ იმ ფეხბურთელს, აქამდე რომ ეყრდნობოდა ან მომავალში აპირებდა, მეტის დამტკიცება მოუწევს. უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა კარგად აჩვენებს, ამა თუ იმ მოთამაშის შესაძლებლობებისა და პროგრესის ზღვარი სად გადის...

"შევხვდებით" ევროპულ სტადიონებზე, სადაც მალე ჩემპიონატები დაიწყება და "ერთა ლიგაზე" სექტემბრის ბოლოს, როცა საქართველოს ნაკრები დარჩენილ შეხვედრებს ჩაატარებს.

alt"საბურთალომ" ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ დასანანი მარცხი განიცადა - ქართული საკლუბო ევროსეზონი დასრულდა [VIDEO]

altფრე "ლეხთან" - ბათუმის "დინამომ" ევროტურნირი მოგების გარეშე დაასრულა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
სწორი დასკვნების გამოტანა და აქედანვე მზადება მომავალი ევროტურნირებისთვის ეს არის გამოსავალი,ბათუმის დინამოდან წამსვლელები უნდა წავიდნენ, ვფიქრობ აზაროვი, დავითაშვილი და ალთუნაშვილის შენარჩუნება ბათუმს ძალიან გაუჭირდება, მათ ნაცვლად კარგი დონის ლეგიონერების ჩამოყვანა გახდება საჭირო და არა მარტო მათ ნაცვლად, ბათუმს ჭირდება კარგი მცველი, მეკარე და კარგი ფორვარდი, ეს ევრო ტურნირები ბათუმისთვის სარკე უნდა ყოფილიყო და დამნახავმა უნდა დაინახოს თუ სად არიან და რა ჭირდებათ გასავითარებლად, რო ეს შედეგები მომავალში აღარ განმეორდეს, მოკლედ დასვენება კი არა მუშაობაა საჭირო მწვრთნელებიან და ხემძღვანელებიანად,სხვანაირად არაფერი გამოვა და სულ ერთ ადგილზე იქნებიან.
qomagi
13:30 30-07-2022
0
არაპროფესიონალი მოგულავე ფეხბურთელები დარჩა მხოლოდ ბათუმის დინამოში... ეს რომ მიზეზია ძალიან სამწუხაროა.. 8-9 ფეხბურთელია და სპორცმენი მანდ აი დანარჩენის მისამართი ძირითადად კოლუზეუმი კლუბები და მანქნით კაიფში სეირნობააა... ვინმემ ენა არ წაიგდოს!!აქ ვართ და ვხედავთ ამ ყველაფერს, ბევრი მესიჯის მიუხედავად გეგუჩაძე ფარჩაკია რომ ვერ დააყენა წესრიგი..ბერიძე კიდე ალალი კეთილი ცხვარი რომელსაც ყველა აბოლებს ვინც ირგვლივ ყავს..
მალე ბათუმის მოედანი დაკარგავს გულშემატკივარს სულ რაღაც 1-2 წელოწადი თუ ასე გაგძელდა..
შავი კაცი
20:07 29-07-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული