ფუტსალი | საქართველო 4:2 ბელგია

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, თბილისი არენაზე, ბელგიის ნაკრებს 4:2 სძლია.

ჩვენმა გუნდმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წამებზე, ბინიოს ზუსტი დარტყმით გახსნა. მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების რიგებში თავი ფერნანდომ, რონინიომ და თალესმა გამოიჩინეს. სტუმართა მხრიდან კი გოლები რაჰუს და ელ ფაკირის ანგარიშზეა.

მეინ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 12 ოქტომბერს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდი ავსტრიას სტუმრად დაუპირისპირდება.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა.
ჩანდა, რომ ბელგიის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდი იყო. პირველ თამაშში ყოველთვის უფრო მეტი მოტივაციაა სამი ქულის აღების.

კუპატაძე ძალიან გვაკლდა, თუმცა ბუკია კომპლიმენტებს იმსახურებს. მან ჩინებულად გაართვა თავი დავალებას. გვქონდა შეცდომები გარკვეულ რგოლებში, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კარგმა თამაშმა გადაწონა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს საჭირო სამი ქულის მოპოვებისთვის.

მალე გვაქვს ძალები აღსადგენი, რათა ავსტრიასთან სათამაშოდ მზად ვიყოთ. აუცილებელია 3 ქულის მოპოვება. საწყის ორ შეხვედრაში 6 ქულა ძალიან დიდ უპირატესობას მოგვცემს, რათა ერთი ნაბიჯი გადავდგათ მომდევნო ეტაპისთვის.

შოთა თოფურია (საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრი): "ძალიან რთული თამაში იყო. ბელგია ამ ჯგუფში ჩვენი კონკურენტია და საკმაოდ ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ერთიანობის და ბრძოლის ხარჯზე ვაჯობეთ მეტოქეს. საკუთარი კედლები ძალიან დაგვეხმარა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივარს. მეტოქეს ვაჯობეთ, მომენტებიც მეტი გვქონდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული