გიორგი ჭიაბრიშვილი: "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს

AutoSharing Option
"ჰამრუნ სპარტანსთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა და თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა ისაუბრეს.

გიორგი ჭიაბრიშვილი: "ვფიქრობ, "ასტანასთან" ორი მატჩის ჯამში მარცხი საფეხბურთო უიღბლობა იყო. დამსახურებულად დამარცხებისას, არ გაქვს სანერვიულო, გაჯობა მეტოქემ და ეგუები შედეგს. ამ შემთხვევაში კი ცოტა რთულია განწყობა შეინარჩუნო, რადგან ჩვენთვის "ასტანას" ბარიერის დაძლევა პრიორიტეტი იყო. ამიტომ მარცხის შემდეგ ვცდილობთ სტრესიდან გამოვიდეთ. წინ მნიშვნელოვანი თამაშია, იდეალური განწყობა არავის გვაქვს, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს უიღბლობა გადავლახოთ...

"ჰამრუნთან" პირველი თამაში
ცუდი იყო, ვაღიარებ, მაგრამ არის მომენტები, როცა არ გიმართლებს. თასის თამაშის გადადების შანსი იყო, "ლოკომოტივიც" თანახმა იყო, მაგრამ არ მინდოდა ტონუსიდან ამოვარდნა, ვფიქრობდი, რომ ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა გვეთამაშა.

წინა თამაშზე ბევრი ვერ მიხვდა, რომ მაისურაძე და ტაბიძე ტრავმების გამო შევცვალე. ასეთ დროს, დაცვაში ორი შეცვლა არ კეთდება, თუ იძულებითი არ არის. აღიარება არ მერიდება, მაგრამ ეს არ ყოფილა ჩემი ჩანაფიქრი. ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავად ვარ...

დღეს "დინამო" არ არის ისეთი ძლიერი, რომ მწვრთნელმა პროგნოზი გააკეთოს. ერთი ვიცით, რომ მუშაობით, სწორი მიდგომით, ამ გუნდს მომავალი აქვს. ევროტურნირებზე ვხედავთ ჩვენს რეალურ ძალას: საქართველოს ჩემპიონატში ძლიერი გუნდი გვყავს, მაგრამ ევროტურნირებზე ჩანს, რომ ძლიერი არ ვართ. ეს არ არის კარგი რეალობა, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გადავახტეთ, რომ შედეგი ვაჩვენოთ. არ ვართ ისეთი გუნდი, რომ ასეთ დონეზე რაღაც წინასწარ დავგეგმოთ.

ვიმედოვნებ, რომ ბევრი გულშემატკივარი მოვა, რადგან მათ შეუძლიათ დიდი მუხტის მოცემა, შეუძლებელი შეგვაძლებინონ. ამიტომ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქომაგი იყოს სტადიონზე".

ზორან მარუშიჩი: "გუნდში კარგი განწყობაა, თასის თამაშმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა, მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ხვალ იმაზე უკეთ თამაშს ვგეგმავთ, ვიდრე ერთი კვირის წინ. ვიცით, რა შეგვიძლია და რას წარმოვადგენთ. რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ. მოტივაციის ნაკლებობა არ გვაქვს, მთელი გუნდი ვემზადებით, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ".

მომზადებულია თბილისის "დინამოს" "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 55 /
აბა თქვენ იცით ახლა რაც შეიძლება დიდი ანგარიშით წააგეთ. თქვენს თამაშზე ოჯახურ კონფლიქტს გამოქცეული თუ მოვა ვინმე, აბა სიამოვნების მიღებისთვის ვინ მოვა და ვინ გიქომაგებთ, თქვენგან მრავალჯერ შეურაცხყოფილი ხალხი??
დავით 67
01:48 03-08-2023
1
ამას რომ მწვრთნელი იტყვის გუნდში როგორ აჩერებენ
anta
22:39 02-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული