"შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?" - რას წერს მერაბ მეტრეველი

AutoSharing Option
ქართველი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს გამოეხმაურა. 

"ახლა მთავარი კითხვაა:
შეუძლია თუ არა ამ გუნდს საბერძნეთის დამარცხება?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივი არაა, რადგან გუშინდელმა თამაშმა ტკბილ-მწარე შეგრძნება დაგვიტოვა. რომ არა VAR-ის ჩარევა, ვინ იცის, თამაში როგორ გაგრძელდებოდა? თუმცა ისიც სათქმელია, რომ საერთო ჯამში, ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და უფრო მეტი მომენტიც გვქონდა (ორჯერ გავარტყით ძელს), ოღონდ ფეხბურთი ის თამაშია, სადაც ყოველთვის არ იგებს ის, ვინც უკეთ თამაშობს და გუშინ შეიძლება ეს ამბავი მომხდარიყო, რომ არა მსაჯი.

ორჯერ შემოგვიტია სახიფათოდ ლუქსემბურგმა და ორივეჯერ ბეწვზე გადავრჩით; ერთხელ მამარდამ გვიხსნა, მეორეჯერ - VAR-მა, არადა, ჩვენი დაცვის ტრიოს გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა. ეს შეფასებებშიც აისახა (კაშია- 7.2, კვირკველია - 7.2, დვალი - 7.7). ზოგადად, დაცვა შეცდომას რომ არ უშვებდეს, ფეხბურთში გოლი არ გავიდოდა, ამიტომ საერთოდ უშეცდომო თამაშს ვერავის მოსთხოვ. დაცვაში შეცდომა ყველა გუნდისთვის გარდაუვალი ამბავია (ამას წინათ კიდევ ერთხელ ვუყურე "დინამო"- "კარლ ცეისის" 1981 წლის ფინალის მომენტებს და ჩვენს კარში რომ გოლი გადის, მაგ დროს ჩივაძე და ხიზანიშვილი ისეთ ბავშვურ შეცდომებს უშვებენ, დღეს რომ ეს ქნან ჩვენმა მცველებმა, მათი ნაკრებიდან მოკვეთას მოვითხოვდით).

შესაბამისად, გაშვებულ გოლში მარტო დაცვას აღარ ადანაშაულებენ ,ხოლმე: მთელი გუნდი აგებს პასუხს, რადგან თანამედროვე ფეხბურთში მთელი გუნდი უტევს, მთელი გუნდი იცავს თავს. გუშინდელ გოლში ნახევარდაცვას არანაკლები ბრალი აქვს, რადგან მათ ტაქტიკური ჯარიმა არ აიღეს, როცა კონტრშეტევაზე წამოვიდა მეტოქე და ზოგადად, თამაშის იმ მონაკვეთში ბურთი დაუთმეს ლუქსემბურგს, რამაც გამოიწვია ქაოსი ჩვენს კართან. ზოგადად, თუ გინდა, შენს კართან ხიფათი არ შეიქმნას, მეტოქე კარამდე არ უნდა მოუშვა და ეს სწორედ შემტევებმა და ნახევარმცველებმა უნდა უზრუნველყონ. ანუ ბურთი და თამაში შენ უნდა აკონტროლო (რა თქმა უნდა, არსებობს მეორე ნომრად თამაშის ტაქტიკაც, მაგრამ ჩვენ ეს არასდროს გამოგვივიდა).

გუშინდელ თამაშში სწორედ ეს იყო კარგი, რომ საქართველომ სცადა შემტევი ფეხბურთის თამაში და ეს დიდწილად გამოუვიდა. სანიოლი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ ესაა ჩვენი გუნდისთვის უფრო ორგანული. ამისთვის საჭირო რესურსიც გვაქვს, ჩვენ თავად რომ არ ვხუჭავდეთ თვალს და ვაიგნორებდეთ კარგ ფეხბურთელებს. სანიოლს მუდმივად შევახსენებთ, როგორ აიგნორებდა ჩკავეტაძეს დიდი ხანი (ზოგი გულშემატკივარიც მხარს უბამდა, მაგან დაცვის დახმარება არ იცისო), ახლა კი ის გუნდის ლიდერია. იგივე სიჯიუტეს იჩენს ის ახლა არაბიძესთან დაკავშირებით, არადა, გუშინდელ თამაშში გამოჩნდა, რომ გვაკლია მასეთი ფეხბურთელი. ავხსნი, რატომ:

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ დიდი სხვაობა იყო შეტევის მარცხენა ფლანგსა და მარჯვენა ფლანგს შორის. ჩვენი შეტევების 90 პროცენტი მარცხნიდან ვითარდებოდა, რადგან მარცხნივ ჩაკვეტაძე და შენგელია დაქროდნენ. (შენგელიამ საბოლოდ დაამტკიცა, რომ ამ პოზიცაზე დღეს ნაკრებში უკონკურენტოა. შეფასებაც ზივზივაძის შემდეგ ყველაზე მაღალი მიიღო გუნდში - 8.1. მერე რა, რომ ზოგიერთივით ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობს და საბერძნეთის საშუალო გუნდშია! ცხოვრება ზოგჯერ უსამართლოა).

აი, მარჯვენა ფლანგზე იგივე ვერ ხდებოდა, რადგან იქ არ გვყავდა ჩაკვესნაირი ტექნიკური ფეხბურთელი. სანიოლმა სიურპრიზი შემოგვთავაზა და ქოჩორაშვილი საყრდენის პოზიციაზე კი არ დააყენა, არამედ - რვიანის, ხოლო საყრდენად კიტეიშვილი მოქმედებდა. კიტე ყველგან კარგია. ქოჩორაშვილიც კარგი ბიჭია, მაგრამ ჩაკვესნაირი ტექნიკა არ აქვს და კაკაბაძეს ისე ვერ რთავდა შეტევებში, როგორც ჩაკვე შენგელიას.

ახლა წარმოიდგინეთ, მის ადგილზე არაბიძე რომ მდგარიყო. ანუ მარცხნიდან შეტევებს ჩაკვე გაამწვავებდა, ხოლო მარჯვნიდან - არაბიძე და ასეთი დისბალანსი ფლანგებს შორის არ იქნებოდა. პლუს, საბერძნეთთან ბურთის დაჭერა გვჭირდება და არაბიძე აქ ჩაკვესთან ერთად დიდ წვლილს შეიტანდა, მაგრამ აწი ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს? ალბათ მაინც არ გამოიძახებს.

ამიტომ იმაზე ვთქვათ, ამ რესურსით რისი შეცვლა შეგვიძლია.

ზოგი ფიქრობს, რომ საბერძნეთთან შემტევები კი არ უნდა დავამატოთ, არამედ ჩამშლელები. მე ამას არ ვეთანხმები დავწერე ზემოთ, რატომაც. ზოგადად, კლასიკური ექვსიანების დრო, ჩემი აზრით, წავიდა. მაგალითად, "ინტერში" ამ პოზიციაზე ჩალჰანოღლუ თამაშობს და ვინ იტყვის, რომ ის ჩამშლელია? ახლა რეჯისტების დროა და კიტესგან კარგი რეჯისტა გამოვა.

ერთადერთი, კანკავაზე მეფიქრება: რისთვის დააბრუნა სანიოლმა წასული კაცი, თუ მის დაყენებას არ აპირებდა? საბერძნეთთან თუ მაინც კლასიკური ექვსიანით თამაშს გადავწყვეტთ და კანკავას დააყენებს, მაშინ კიტე შეიძლება რვიანის პოზიციაზე წასწიოს და მარჯვენა ფლანგი შეტევაში სუსტი აღარ იქნება, მაგრამ მე კიტეს დავტოვებდი ცენტრში და მარჯვნივ, არაბიძის არყოფნაში, წიტაიშვილს დავაყენებდი.

წიტაიშვილი შეტევაშიც კარგია და დაცვაშიც. კარგ ფორმაშიცაა. პლუს, ცაციაა და მარჯვნიდან ცენტრისკენ კარგად შედის და საჯარიმოს გარედან კარგად ურტყამს. კაკაბაძესაც უკეთ ჩართავდა შეტევებში, ვიდრე ამას ქოჩორაშვილი აკეთებდა და მარჯვენა ფლანგი შეტევაში პასიური აღარ იქნებოდა.

მთავარი კი ისაა, რომ საბერძნეთთან ხვიჩა დაგვიბრუნდება და ჩვენი გუნდი შეტევაში უფრო სახიფათო გახდება. თუმცა ხვიჩას დაბრუნება დამატებითი თავსატეხიცაა მწვრთნელისთვის: ან ბუდუ უნდა დასვას სკამზე, ან ჟორჟი. თქვენ ვის დასვამდოთ მის ადგილზე?", - წერს მერაბი.

მკითხველის კომენტარები / 69 /
კაშიამ და დვალმა თუ მაგრა ითამაშა აღარ ყოფილა საშუელი. და ქოჩორამ სუსტადო ... ტიპი იმენა საკაიფოდ იდგა ცენტრში და დიდწილად ეგ და კიტე იჭერდნენ ბურთს და ძალიან ბებრს მოძრაობდნენ. არაბიძე მოძრაობაში კიდე ძაან სუსტია. ფაქტიურად არ დარბის ტიპი
Lm
22 მარტი 2024 14:32
2
გუშინ წავიკითხე, თურმე ადამიანი რომელიც ისეთ თემებზე გამოთქვამს მუდმუვად აზრს, რომლის საიმშიც კი არაა, მეცნიერულ ენაზე მას "ულტრაკრეპიდარიანიელი" ქვია, რაც ალბათ ჩვენ ენაზე ითარგმნება როგორც მერაბ მეტრეველი.
Jaba
23 მარტი 2024 09:42
6
ქოჩორაშვილის მაგივრად წიტაიშვილიო, მარჯვენა ფლანგზეო და გუნდი რა ტაქტიკით თამაშობდა ვერ მიხვდა?
3 ცენტრალური ნახევარმცველი იყო, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი და ოდნავ წინ ჩაკვეტაძე.
ამ ტაქტიკაში ფლანგზე მხოლოდ თითო კაცია ნომინალურად: შენგელია და კაკაბაძე.
წიტაიშვილი მარჯვნივო რომ წერს, ეგ უცოდინარობაა. ქოჩორაშვილი "მარჯვნივ" არ მდგარა. ცენტრალურ ნახევარმცველად იდგა, რომელიც შეიძლება უფრო მარჯვენა ნახევარსფეროს ფარავდა, მაგრამ წიტაიშვილის პოზიცია საერთოდ სხვაა. წიტაიშვილი მარჯვენა გარემარბია (ან მარცხენა, როცა ლატერალად თამაშობს) და არა ცენტრალური ნახევარმცველი (რომელიც შედარებით მარჯვნივ თამაშობს, სხვა ცენტრალური ნახევარმცველისგან განსხვავებით).
Burton
22 მარტი 2024 19:26
0
ასეთი ქაოსური თამაშით ბერძნებს ვერ მოვუგებთ
ამირანი
22 მარტი 2024 17:31
5
ბიჭო,ბიჭო,ბიჭო რამდენი "ყველაფერჩიკი„ ყავს ამ ქვეყსნას.
ოთო
22 მარტი 2024 17:25
6
სულ მაგას ვიძახი, ჩვენ უნდა ვითამაშოთ შემტევი ფეხბურთი.. არ გამოგვდის ჯერჯერობით ძალისმიერი, რთული ტაქტიკურ სქემებზე აწყობილი თამაში..
www
22 მარტი 2024 14:13
1
აშკარად სუსტია სანიოლი, საბერძნეთთან გაგვიჭირდება.
dima
22 მარტი 2024 20:06
13
მიქაუტაძე ბურთის ღორია და აფუჭებს მომენტებში თამაშს, ორი აზრი არ არის სათადარიგოთა სკამზე ჟორჟი უნდა დარჩეს. ბუდუს ვერც შეედრება გოლის ალღოთი და ართმევაზე თამაშის უნარით
კაკაბაძემ საშინლად ითამაშა და არა იმიტომ, რომ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, არამედ იმიტომ, რომ უამრავი შეცდომა დაუშვა, ბევრჯერ დაკარგა ბურთი და საერთოდ რომ არა მსაჯის მიერ მისი უხეშობის "გატარება", კაკაბაძე გასაგდები იყო უხეშობისათვის და ლუქსემბურგი კი არა ჩვენ დავრჩებოდით კაცნაკლულნი
მოკლედ არაბიძეს თუ არ გამოიძახებს ზურიკო მაინც უნდა დააყენოს მარჯვნივ. ისე ზოგადად გუშინდელმა თამაშმა აჩვენა რომ დაცვის ფლანგებზე გვიჭირს-ამიტომ უნდა ვეცადოთ ისეთი ნახევარმცველები გვყავდეს ვისაც საჭირო შემთხვევაში წარმატებულათ შეტევა შეუძლიათ. ბრაზილიელების ნათქვამის არ იყოს-რამდენიც არ უნდა გაგვიტანოთ ჩვენ ერთით მეტ გოლს გაგიტანთო. ეს უნდა იყოს ჩვენი მიდგომაც შეძლებისდაგვარად ბერძნებთან, რადგან გოლის გაშვებისაგან დაზღვეულნი არ ვართ და გატანა მაინც უნდა შევძლოთ მაქსიმალურად.
გოჩოზე დაწერა ვიღაცამ ჯანზეა და სწრაფად დარბისო-ეგ კი მართალია, მაგრაამ უაზროდ დარბის და მაგის მოტყუება ძალიან ეიოლებათ მეტოქეებს, დამცველად არ ვარგა
ზოგადად ბერძნებიც იმპროვიზაციის გუნდია და ნაკლებად გავს ისეთ გუნდებს, რომლებსაც წინასწარ დამუშავებული სქემები აქვთ, რომლებმაც იციან შეტევის დროს ვინ სად გარბის და აშ, მაგალითად როგორიც ნორვეგიაა. ჩვენც ასეთ ფეხბურთს ვთამაშობთ რომელიც ცალკეული მოთამაშის ტექნიკაზე და უნარებზეა დაფუძნებული ვიდრე ავტომატიზმამდე დაყვანილ წინასწარ დამუშავებულ ქმედებებზე და სვლებზე. ვერ ვიტყვი ცალსახად, რომ ეს ცუდია თუმცა ასეთი თამაშისას ადვილი გამოსაცნობია ფეხბურთელის შემდგომი მოქმედება. ასეა თუ ისეა ბერძნებს იგივე იარაღით უნდა დავუპირისპირდეთ და მოედანზე რაც შეიძლება მეტი კრეატიული მოთამაშე უნდა გვყავდეს, რადგან ინდივიდუალირი ოსტატობაა ჩვენი კოზირი
ძალზედ სამწუხაროა რომ არაბიძეს და აზაროვს არ გამოუძახა ჯიუტად-იმეადია არ ინანებს
ჯაბას დრო სამწუხაროდ უკვე გავიდა. კიტემ მაინცდამაინც ვერ ივარგა, ჩაკვე და შენგელია იყვნენ კარგები. ჩემდა გასაკვირად დაცვის ცენტრმაც კარგად ითამაშა იმ 2 ჩავარდნის გარდა-ისე უფრო ინტენსიურად რომ შემოეტიათ ვინ იცის დაცვასაც შეიძლება მეტი შეცდომა დაეშვა ამიტომ ძალზედ ფრთხილად უნდა ვიყოთ ბერძნებთან
ბუდუმ დაგლიჯაა, ქოჩორას არა უშავდა, მაგრამ მოედნის ხედვა არა აქვს-ახლო ბრძოლაში კი ნორმალურად გამოიყურებოდა
რაც მთავარია და რამაც პირველ ტაიმში განსაკუთრებით უპირატესობა მოგვიტანა ეს იყო უსაზღვრო შემართება და ბურთის კოლექტიური ართმევა რაც კარგად გამოგვდიოდა-ასე გააგრძელეთ ბიჭბო ბურთისთვის ბრძოლა, მთავარია ძალა გეყოთ ამ საკმაოდ დამღლელი ქმედებებისათვის
მაინც მგონია, რომ საბერძნეთი ბევრად ძლიერი არ არის ვიდრე ლუქსემბურგი და უფრო იმედიანად ვარ ვიდრე გუშინ თამაშამდე ვიყავი
მსაჯს მადლობა :)
inviz9
22 მარტი 2024 17:37
10
მიქაუტაძე ნამდვილად არ არის ბურთის ღორი.ამ თამაშში,ძალიან ბევრი და სასარგებლოდ იმუშავა.კაკაბაძის ეპიზოდი კი სათამაშო იყო,თან გვერდიდან მოარტყა მოძრავ ფეხბურთელს და ყვითელს კი,მაგრამ წითელ ბარათს არ იმსახურებდა.მაჩის ბოლოს,კაშიაზე უხეშობა,სრულიად წინასწარ განზრახული და არასათამაშო უხეშობა იყო.ასე რომ მსაჯს თავისუფლად შეეძლო,ისიც გაეძევებინა.
საკვირველი ის არის,რომ ჩვენს გუნდში ვეტერანებს უფრო ეტყობათ დაძაბულობა.ალბათ იმიტომ,რომ წინა ფინალის წაგება,მათ დანაშაულის შეგრძნებად აწვებათ და მზად არიან მინდორზე დადონ თავები.კვეკვესკირმა და კანკავამ,მეტოქესთან პირველივე კონტაქტში მიიღეს გაფრთხილებები,კაშიამაც პროვოკაციულ უხეშობაზე თავი ვერ შეიკავა და მანაც ყვითელი მიიღო.ჩერნოგორიასთამ მაშინდელ მარცხს,ბევრი სწორედ მათ აბრალებდა და აგრესია ახლაც იგრძნობა.მგონი ეს ძაბავთ უფრო მეტად და დაძაბული ადამიანი,გახევებულივით ხდება.შეზღუდულ მოძრაობას კი,წესების დარღვევები მოჰყვება.ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ,რომ ამ დაძაბულობისაგან განთავისუფლდნენ.სამწუხაროდ ძალიან ბევრი,სწორედ ამის საპირისპიროდ მოქმედებს და ფაქტობრივად ნაკრებს ვნებს.ახლა ბოღმის ნთხევის დრო არ არის.ახლა,ნაკრების გვერდით დგომის დროა.
ბერძნებს კარგი გუნდი ჰყავთ,ნახევარფინალში კარგად ითამაშეს და დიდი ანგარიშითაც ადვილად გაიმარჯვეს,თუმცა თამაში თამაშს არ ჰგავს და ჩვენ სულ სხვანაირად შეიძლება წავიყვანოთ თამაში.ფინალია,ერთი თამაში და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ჩვენ ნაკრებს უნდა დავეხმაროთ,სრულად გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები,დარწმუნებული ვარ,მთლიანად დაიხარჯებიან და თავს არავინ დაიზოგავს.რა გამოვა,რამდენზე გვეყოფა,ამას კი,მატჩის დასრულების შემდეგ ვნახავთ.
სოსო
22 მარტი 2024 19:35
2
ჩემი მეზობელიც საინტერესო აზრებით მოძრაობს
vazha
22 მარტი 2024 16:45
4
კარგია ))
ვახო
22 მარტი 2024 17:17
1
ერთი გია ხუხაშვილია ყველაფრის ექსპერტი და მეორე მერაბ მეტრეველი საყოლიფრო ვაქვთ დამთავრებული
ადამიანი
23 მარტი 2024 07:22
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული