საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეკონომიკის სამინისტროს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების მსურველთათვის დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობის დაწყება სთხოვა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა და როგორც აღნიშნა, მნიშვნელოვანია, "ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული".
"როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გამართავს. უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, თვითმფრინავის ბილეთებზე ფასები გაიზარდა. რიგ შემთხვევაში, რამდენჯერმე გაიზარდა ფასები. მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ
მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება საფეხბურთო მატჩებს, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და ჩვენ რა წვლილის შეტანაც შეგვიძლია, მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ დაბალი ფასებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო:
ინტერპრესნიუსი
რა შუაშია რუსეთის კანონი???
არ დაიღალე აგიტატორობით???